• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ისლამი, დასავლეთი და მოდერნიზაცია

ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმე შეხება ან ინტერესი აქვს არაბული სამყაროს მიმართ ალბათ ჩემსავით გასჩენია ვიზუალური და გარეგნული ეფექტებით დაწყებული და სიღრმისეული საკითხებით დამთავრებული კითხვები, მაგალითად თუ რატომ აქვთ არაბებს შავი გრძელი წვერი და ჩადრები, საიდან არის ამდენი მოწოდებები მკვლელობებისკენ და რატომაა მათ წიაღში არქაიზმისა და ძალადობის ამდენი გამოვლინება? ისლამი შეუთავსებადია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, კაცისა და ქალის თანაბარ უფლებებთან და ზოგადად მოდერნულობასთან? საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისტორიული კონტექსტისა და სხვა ბევრი სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით და ქვემოთ სწორედ ამას შევეცდები.

მაშ ასე მისთვის ვინც თავს მოიაზრებს რწმენის რაიმე სისტემის წიაღში, სრულიად კანონიერია იმის თქმა, რომ აღიარებს დოქტრინის ამგვარ ინტერპრეტაციას და არა სხვაგვარს, მაგრამ მე, უბრალო ადამიანი, რომელიც არ ვარ მუსლიმი და საერთოდ ნებისმიერი სარწმუნოების ჩარჩოებს მიღმა მოვიაზრებ თავს, სრულიად არ ვფლობ იმის გარჩევის უნარს თუ რა შეესაბამება ისლამს და რა არა, მე მაქვს მხოლოდ ჩემი სურვილები, მოსაზრებები და მისგან გამომდინარე შეხედულებები, ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ ესა თუ ის უკიდურესი ქცევა ტერორიზმი, გარკვეული კატეგორიის მუსიკის აკრძალვა, ექსციზიის ლეგალიზება და სხვები არ თავსდება ჩემს შეხედულებებში ისლამის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ ამაოა წმიდა წიგნებში ჩაღრმავება და არგუმენტების შეგროვება, რადგან ყოველთვის იარსებებს განსხვავებული და საპირისპირო ინტერპრეტაციები. ერთსა და იმავე წიგნებზე დაყრდნობით შესაძლებელია მონობასთან შეგუებაც გაამართლონ და მისი დაგმობაც, ერთნაირად დაუჭირონ მხარი ღვინის აკრძალვასაც და მის გამოყენებასაც. ხოტბა შეასხან დემოკრატიასაც და თეოკრატიასაც. ადამიანებს თითქოს უხილავი მოთხოვნილება აქვთ საკრალური სიბრძნის მიმართ, რომლის ციტატებიც გაამართლებს, მათ ქმედებებს. აქედან გამომდინარე მგონი მართლა აზრს კარგავს საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა თუ სინამდვილეში რას ამბობს ქრისტიანობა, ისლამი, ან სხვა რომელიმე დოქტრინა, რომლის სახელითაც ძალიან ხშირად დასაგმობი ქმედება ხორციელდება. პასუხების ძებნაზე უფრო პროდუქტიულ გზად მე პირადად ის მესახება, რომ ყურადღება გამახვილდეს არა თავად მოძღვრების არსზე, არამედ ისტორიიის მანძილზე იმათ ქცევებზე, რომლებიც აღნიშნულ მოძღვრებებს თავიანთ სასარგებლოდ იმოწმებდნენ და იყენებდნენ.

აქვს თუ არა ქრისტიანობას მიდრეკილება დემოკრატიასადმი? ასეთი სახის კითხვის დასმის შემთხვევაში პასუხი თითქოს წინასწარვე ნათელია, მაგრამ საკმარისია გავეცნოთ რამოდენიმე ისტორიულ წიგნს ან დოკუმენტს, რომ აღმოვაჩინოთ შემდეგი: ბოლო ოცი საუკუნის მანძილზე სარწმუნოების გამო უამრავი ადამიანი აწამეს, დევნეს, საეკლესიო ხელისუფალნიც და მორწმუნეთა უმრავლესობაც შეეგუენ შავკანიანებით ვაჭრობას, ქალთა დაკაბალებას, შემზარავ დიქტატურებსა და ბოლოს და ბოლოს ინკვიზიციას. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს რომ ქრისტიანობა თავისი არსით დესპოტური, რასისტული, რეტროგრადული და არაშემწყნარებელია? რა თქმა უნდა არა, დღესდღეობით ქრისტიანობა ეგუება აზრის გამოთქმის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას. აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ შეიცვალა ქრისტიანობის არსი და მან შეძლო საკუთარ წიაღში დემოკრატიული სულისკვეთების ჩამოყალიბება. თუმცა რჩება არანაკლები მნიშვნელობის მქონე სხვა კითხვებიც როდის და როგორ განხორციელდა ეს ევოლუცია? შეიძლება თუ არა მსგავსი ფორმულირებებით კითხვა დაისვას ისლამის მიმართაც? ეს ძალიან რთული კითხვებია, რომელზეც ამომწურავი და სრულყოფილი პასუხის გაცემა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, ასე რომ მხოლოდ იმის თქმას დავჯერდები, რომ ასე ვთქვათ, თავისუფლებათა ქომაგი საზოგადოებების დაფუძნება იყო ძალზე დაგვიანებული და არასრული, მაგრამ პროგრესული მოვლენა, რომელსაც მეტ-ნაკლები გაუბედაობით ეკლესიებიც მიყვნენ და მხარი დაუჭირეს, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა რომ მათ ეს ევოლუციური ძვრები არ გამოუწვევიათ და ეს იმპულსები უპირველეს ყოვლისა წამოვიდა იმ პირთაგან, რომლებიც რელიგიური აზროვნების საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდნენ.

დროებით დავუბრუნდეთ ისევ ისტორიას, აჟამად უკვე ისლამის მოძღვრების არსისა და ხასიათის გარკვევის მიზნით. 565 წელს იუსტინიანეს გარდაცვალებასთან ერთად, რომის დიდების აღდგენის ილუზია სამუდამოდ გარდაიცვალა და იმდროინდელ საზოგადოებრივ ყოფაში თითქოს ხელსაყრელი სიცარიელე გაჩნდა, 570 წელს უკვე მექაში დაიბადა მუჰამედი – ისლამის წინასწარმეტყველი, რომელმაც თავისი მოძღვრების დახმარებით შეძლო ამ სიცარიელეის ათვისება. ისლამის წარმოშობა და მისი ელვისებური ექსპანსია უზარმაზარ ტერიტორიაზე ესპანეთიდან ინდოეთამდე, საოცრად მისტიურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად აუცილებლად აღსანიშნავია თუ რა საოცარი წესრიგითა და დაპყრობილი ხალხების მიმართ შედარებითი პატივისცემისა და უმიზეზო ძალადობის გარეშე მიმდინარეობდა ეს პროცესი. რა თქმა უნდა ეს არ იყო და ვერც იქნებოდა პაციფისტური მსვლელობა, მაგრამ თუ მათ ქცევებს, მათივე საუკუნის თვალთახედვით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ისლამი შეეგუა თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სხვა მონოთეისტურ რელიგიათა არსებობას. რა თქმა უნდა წარსული შემწყნარებლობის ქება არაფერს ნიშნავს, თუ აწმყოში სავალალო ფაქტებს ვხვდებით, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ის იდეა, რომლის თანახმადაც ერთ მხარეს არის რელიგია ქრისტიანობის სახით, რომელიც ყოველთვის მოწოდებული იყო მოდერნულობის, თავისუფლების, შემწყნარებლობისა და დემოკრატიისაკენ, ხოლო მეორე მხარეს ისლამი, რომელიც განწირული იყო დესპოტიზმის, ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმისათვის, არა მარტო მცდარია, არამედ ძალიან საშიშიც კაცობრიობის მომავლისათვის.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე იმის თქმაც შეიძლება, რომ არც ერთი რელიგია არ არის მოკლებული შეუწყნარებლობას და არა მხოლოდ რელიგია, არც ერთი მოძღვრება არ არის უპირობოდ პროგრესული, ყველა მათგანი შეიძლება დაექვამდებაროს კონტროლს და დამახინჯდეს, ყველა მათგანს ხელები სისხლიანი აქვს კომუნიზმიდან და ნაციონალიზმიდან დაწყებული ლიბერალიზმით დამთავრებული. ასე რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას არავინ არ ფლობს.

ისლამის ბუნების კვლევას თუ განვაგრძობთ აღმოვაჩენთ, რომ მას ყოველთვის ქონდა უნარი უცხოსთან თანაარსებობისა, თუნდაც ჩვენი ეპოქისგან არცთუ ისე შორი პერიოდი ავიღოთ ისტორიულ მაგალითად: მუსლიმთა ძალაუფლების მთავარ ბურჯში სტამბულში XIX საუკუნის ბოლოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არამუსლიმი იყო, ესენი იყვნენ ბერძნები, სომხები, ებრაელები. აბა წარმოვიდგინოთ ამის პარალელურად, იმავე ეპოქაში არაქრისტიანთა, მუსლიმთა ან ებრაელთა მოზრდილი ნაწილის ცხოვრება ლონდონში, პარიზში ან ბერლინში. ასე რომ ისლამის მთელი ისტორიის მანძილზე იყო სხვა სარწმუნოების ხალხებთან თანაარსებობისა და შემწყნარებლური დამოკიდებულების ხანგრძლივი პრაქტიკა. ისლამმა დაადგინა გარკვეული ტოლერანტობის აქტი, იმ ეპოქაში, როდესაც ქრისტიანული საზოგადოებები არ იჩენდნენ შემწყნარებლობას. საუკუნეების მანძილზე ეს აქტი თანაცხოვრების პროგრესული ფორმა იყო, მანამ სანამ XVII საუკუნის ინგლისში არ გამოიკვეთებოდა სხვაგვარი დამოკიდებულება სინდისის თავისუფლებისადმი, რომელიც უფრო ახლოა ჩვენი ამჟამინდელი კონცეფციისთვის. სწორედ ამ დროიდან იწყება ეს შეუქცევადი და პროგრესული პროცესი, რომელიც მხოლოდ XX საუკუნის საზარელი მოვლენის ჰოლოკოსტის შემდეგ დამთავრდა ქრისტიანული ევროპის წიაღში რელიგიური უმცირესობების პრობლემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.

დასავლურ სამყაროში შემწყნარებლობის თვისობრივად ახალი და მაღალი სტანდარტის დამკვიდრების შემდეგ, მუსლიმურ ქვეყნებში მოქმედი ”შემწყნარებლობის აქტი” აღარ შეესაბამებოდა ცხოვრების ახალ ნორმებს, იმის ნაცვლად, რომ ტოლერანტობის პრინციპები ხელახლად გადაფასებულიყო თანამედროვეობის მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისად, ის უარესისაკენ შეიცვალა და შედეგად ისლამურმა სამყარომ, რომელიც საუკუნების განმავლობაში შემწყნარებლობის ავანგარდში იყო ბოლოში გადაინაცვლა. ჩემი მსჯელობის ამ მონაკვეთის შესახებ დასკვნის სახით შემდეგი რამ შეიძლება ითქვას, ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ თავის წიაღში ისლამი თანაცხოვრების და სხვა კულტურებთან ნაყოფიერი ინტერაქციის დიდ პოტენციალს შეიცავს, მაგრამ უახლესი ისტორია ასევე ნათლად გვიჩვენებს, აშკარა რეგრესსაც და შესაძლებელია, რომ ეს შესაძლებლობანი კიდევ დიდხანს დარჩეს მხოლოდ შესაძლებლობათა მდგომარეობაში. ისლამური და ქრისტიანული სამყაროების შედარებით ამავდროულად ვასკვნით, რომ ერთი მხრივ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაშემწყნარებლური, აშკარად ტოტალიტარული მისწრაფებების მქონე რელიგია გადაიქცეს ღიაობის რელიგიად და მეორეს მხრივ ასევე შესაძლებელია ღიაობის მოწოდების მატარებელი რელიგია გადაიქცეს არაშემწყნარებლური და ტოტალიტალური ქცევებისკენ მიდრეკილ მოძღვრებად. ისმის კითხვა რატომ ხდება ასე? მე მგონი შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და შევეცდები კიდეც.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ერთობ აზვიადებენ რელიგიათა გავლენას ხალხებზე, მაშინ როდესაც საპირისპირო ვითარებას ადამიანთა ზეგავლენას რელიგიაზე ნიველირებას უკეთებენ. არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რა იქნებოდა ქრისტიანობა მას რომ არ გაემარჯვა რომში და არ გავრცელებულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც გაჯერებული იყო რომაული სამართლითა და ბერძნული ფილოსოფიით.ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ ევროპა შექმნა ქრისტიანობამ, ევროპამაც თანდათანობით ჩამოაყალიბა ქრისტიანობა. შედეგად დღეს ქრისტიანობა არის ის რადაც იგი შექმნეს ევროპულმა საზოგადოებებმა, რომლებიც გარდაიქმნენ მატერიალურად და ინტელექტუალურად და შესაბამისად თავიანთი რელიგიაც გარდაქმნეს. ამ ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში კათოლიკური ეკლესია ხშირად განიცდიდა მარცხის გრძნობას, ის მუდმივად უპირისპირდებოდა გამარჯვებულ მეცნიერებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ საღვთო წიგნებს, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკურ, საერო იდეებს, დემოკრატიას, ქალთა ემანსიპაციას, ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობის სოციალურ ლეგიტიმაციას, ქორწინების გარეშე დაბადებას, კონტრაცეფციას და სხვა ათასობით ”სატანურ ინოვაციებს” ეკლესია მუდამ იწყებდა წინააღმდეგობით და იმის განცდით რომ მის საფუძველს არყევდნენ, მაგრამ სინამდვილეში ამ მოვლენების პროგრესული ხასიათის გამო ის მუდმივად გამარჯვების პროცესში იყო, ისე რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებდა. მოკლედ რომ ვთქვათ დასავლურმა საზოგადოებამ შექმნა ის ეკლესია და რელიგია რომელიც მას ესაჭიროებოდა.

საზოგადოება ისლამურ სამყაროშიც თავისი ხატის მიხედვით ქმნიდა რელიგიას. იმ დროს როდესაც არაბები ტრიუმფით მიემართებოდნენ უცხო მიწებისაკენ, თავიანთი რწმენა მათ მაშინაც მიაჩნდათ შემწყნარებლობისა და ღიაობის სულისკვეთების მქონედ და ამის დასტურად შეიძლება იმის გახსენება, რომ ისინი ჩაებნენ ბერძნული, სპარსული და ინდური შემოქმედებითი მემკვიდრეობის თარგმნის პროცესში, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ფილოსოფიის აღმავლობას. თავდაპირველად მიბაძვით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ მალე თავადაც შემოიტანეს სიახლეები ასტრონომიაში, მედიცინაში, მათემატიკაში და სხვა სფეროებში. ასევე ყოველდღიურ ყოფაში კვების, ჩაცმის, ვარცხნილობის და სიმღერის მიმართულებებით. ეს არ იყო დროებითი აღმასვლა VII საუკუნიდან XV საუკუნემდე ბაღდადში, კაიროში, დამასკოში და სხვა ისლამურ ცენტრებში მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები და მოაზროვნეები. მდინარე ინდის სანაპიროებიდან ატლანტის ოკეანემდე ყველაზე ნათელი გონების ადამიანებმა შეძლეს თავიანთ შესაძლებლობათა გამოვლენა არაბული ცივილიზაციის წიაღში.

აღსანიშნავია მუსლიმთა საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ერთი ნიშანდობლივი მომენტიც, ყოველთვის, როდესაც მან საკუთარი რწმენის სიმტკიცე იგრძნო, ფართოდ გაუღო კარი შემწყნარებლობას, რაც სავსებით გასაგებია, რადგანაც როგორც წესი საკუთარ თავში დარწმუნებული საზოგადოებები წარმოჩინდებიან ტოლერანტურ, მშვიდ, ღია რელიგიაში, ხოლო საზოგადოებები, რომელთაც ნაკლებად სჯერათ საკუთარი თავისა მფრთხალ და დაუნდობელ რელიგიაში და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური მიზეზი ისლამის შემწყნარებლური ბუნების ნეგატიური ნიშნით ტრანსფორმაციისა.

იდეა, რომლის თანახმადაც ისლამი ჩამორჩენილობის სინონიმად აღიქმება ღრმადაა ფესვგადგმული თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობის გონებაში, რაც რა თქმა უნდა შორსაა სიმართლისაგან, ისლამისთვის უძრაობა მართლა ნიშანდობლივი იყო XV-XIX საუკუნეებს შორის პერიოდში, როდესაც დასავლეთი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, არაბული სამყარო კი ერთ ადგილს ტკეპნიდა, უდავოდ რელიგია ამ პროცესში რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ იგი მაინც ალბათ უფრო მისი მსხვერპლი იყო. დასავლეთში საზოგადოებამ თავისი რელიგიის მოდერნიზირება მოახერხა, ისლამურ სამყაროში კი ეს ვერ მოხერხდა, არა იმიტომ, რომ ისლამი არ იყო ”მოდერნიზირებადი” არამედ იმიტომ, რომ თავად საზოგადოებამ ვერ განიცადა მოდერნიზაცია. შეიძლება ამაზე ვინმემ თქვას ეს სწორედ ისლამის მიზეზით არ მოხდაო, მაგრამ ამ არგუმენტის გაბათილება ძალიან ადვილად შეიძლება საპირისპირო კითხვის დასმით განა ქრისტიანობამ მოახდინა ევროპის მოდერნიზირება? რა თქმა უნდა არა რელიგია პირიქით ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი ცვლილებების გამომწვევ მძლავრ ბიძგებს. ისლამური სამყაროს წიაღში კი ამგვარ ”მხსნელ” ბიძგებს ადგილი არ ქონია.

ისლამური სამყაროს ამ საყოველთაო სტაგნაციის პირობებში დასავლეთში ისეთმა ცივილიზაციამ იწყო აღმოცენება, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ეტალონად იქცა, პლანეტის სადავეები ერთმა განსაზღვრულმა ცივილიზაციამ იგდო ხელთ. მისი მეცნიერება, მედიცინა, ფილოსოფია სხვებზე აღმატებული და მისაბაძი გახდა და ეს მოძრაობა აღარ შეჩერებულა, პირიქით იგი მიქროდა წინ და წინ, ერთდროულად ეუფლებოდა ყველა სფეროსა და კონტინენტს. ეს იყო მოვლენა, რომელსაც პრეცედენტი არ ქონია კაცობრიობის ისტორიაში, ცხადია მანამდე იყო პერიოდები, როდესაც ესა თუ ის ცივილიზაცია ეგვიპტური, მოსოპოტამიური, ჩინური, ბერძნული, რომაული, არაბული, ბიზანტიური, დანარჩენთან შედარებით დაწინაურებული იყო, მაგრამ ის რაც ბოლო საუკუნეების ევროპაში განვითარდა სრულიად განსხვავებული და გაცილებით დიდი, გლობალური მასშტაბისა იყო.

ერთი ცივილაზაციის ასეთმა დაწინაურებამ და უპირატესობამ ბუნებრივად გამოიწვია, სხვა ცივილიზაციების ერთგვარი მარგინალიზაცია, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კაცობრიობას უკვე ქონდა საპლანეტათშორისო ბატონობის ტექნიკური საშუალებები და ეს ყველაფერი იმდენად კარგად განხორციელდა, რომ დღესდღეობით დასავლეთი ყველგანაა, ის ზეგავლენას ახდენს ადამიანთა აზრებზე, მდგომარეობასა და ყოველდღიურ ყოფაზე. კაპიტალიზმი, კომუნიზმი, ფაშიზმი, ელექტროობა, ტელევიზორი, ტელეფონი, ავტომობილი, ატომური ბომბი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ყოველივე ეს სამყაროს ბედნიერებაცა და უბედურებაც დასავლეთიდან მოდის. შედეგად დღეს მოდერნიზაცია აღიქმება როგორც ოქსიდენტალიზაცია ანუ ვესტერნიზაცია(გადასავლეთელება). თუმცა ეს პროცესი დანარჩენი მსოფლიოსთვის ანუ იმათთვის, ვინც დაქვეითებული კულტურების წიაღში დაიბადნენ უმტკივნეულო და იოლი არ ყოფილა, მაშინაც კი როდესაც მოდერნიზაცია ენთუზიამს იწვევდა, იგი არასოდეს ვითარდებოდა მძიმე განცდების, რაღაც ძვირფასზე უარის თქმის გრძნობისა და იდენტობის კრიზისის გარეშე.

არადასავლეთელ ხალხებს უკვე მრავალი თაობის განმავლობაში არ მოშორებიათ ერთგვარი კაპიტულაციის განცდა, მათ მოუწიათ იმის აღიარება, რომ მათი განათლების დონე დაბალი იყო, რომ ყველაფერი რასაც ისინი აწარმოებდნენ არაფრად არ ღირდა დასავლეთის პროდუქციასთან შედარებით, რომ მათი დიდი ადამიანები პოეტები, მეცნიერები, მეომრები, წმინდანები, რომელთა პატივისცემასაც ასწავლიდნენ, დანარჩენი სამყაროს თვალში არაფერს წარმოადგენდნენ, რომ მათი რელიგია ბარბაროსობაშია მხილებული, რომ მათი ენა მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალისტთა ინტერესს თუ იწვევს, მაშინ როდესაც თავად მათ, არსებობა, მუშაობა და კაცობრიობის დანარჩენ ნაწილთან ურთიერთობა თუ სურდათ სხვათა ენები უნდა ესწავლათ. ეს ყველაფერი თავისთავად იწვევს სასოწარკვეთას, იმედგაცრუებას, დამცირებას. ყოველივე ამის შემდეგ გრძნობ საკუთარი იდენტობის დაკარგვის მძაფრ საფრთხეს, გტანჯავს აზრი, რომ ცხოვრობ ისეთ სამყაროში რომელიც ეკუთვნის სხვებს და ემორჩილები სხვათა ნაკარნახებ წესებს, სადაც თავს ობლად, უცხოდ და გარეშედ გრძნობ და გიჩნდება სამსონის მსგავსი განცდები და სურვილები, რაც ტერორიზმში რეალიზდება….

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არაბებისათვის, არასოდეს ყოფილა იოლი, რაიმე იდუმალი ფიქრის, სინანულისა და სულიერი ტკივილის გარეშე დასავლეთის კულტურასთან მიკედლება,საჭირო იყო მრავალი საყვედურის მოსმენა, ზოგჯერ საკუთარი სიამაყის დამდაბლება და მოქნილი კომპრომისები. ამავე დროს ჩნდებოდა გაცილებით უფრო რთული კითხვები: როგორ შევძლოთ მოდერნიზირება ჩვენივე იდენტობის დაუკარგავად? როგორ შევიძინოთ დასავლეთისაგან ცოდნა ისე, რომ მასზე დამოკიდებული არ აღმოვჩნდეთ?

როდესაც პოლიტიკურ, ანტიმოდერნისტულ და ანტიდასავლურ ისლამიზმში ხედავენ არაბი ხალხების სპონტანურ და ბუნებრივ გამოხატულებას, ეს არის რბილად რომ ვთქვა ნაჩქარევი დასკვნა, რადგან საჭირო გახდა მისულიყვნენ რაღაც გამოუვალ მდგომარეობამდე, როგორც ერთმანეთის მიყოლებით განცდილი სამხედრო წარუმატებლობებით, ისე ჩამორჩენილობასთან დაკავშირებულ პრობლემათა გადაჭრის უუნარობასთან, რათა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ყური მიეგდო რელიგიური რადიკალიზმის მსჯელობებისათვის და 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ჩადროსან და წვეროსან მეამბოხეთა აზვირთება მომხდარიყო. ასე რომ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ გზას არაბები დაადგნენ მხოლოდ მაშინ როდესაც მათთვის ყველა სხვა გზა მოჭრილი იყო.

წყარო:http://hemili.wordpress.com