• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ლოცვა

მუხრან აბაშიძესახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.                                          ლოცვა ღმერთთან საუბარია. კავშირი, რომელსაც ამ დროს გაჩენილი გამჩენელთან ამყარებს, არის ულამაზესი: მორწმუნე მუსლიმანი, ღვთისაგან მონიჭებული ცნობიერების ნიჭით, აცნობიერებს რა სხვა უთვალავი წყალობის ღვთისმიერობასაც, – მუხლმოყრილი გამოხატავს მადლიერებას ამ ბედნიერებისათვის, თვით ლოცვა კი წარმოშობს ახალ ბედნიერებას. ესაა საზრდო, რომელიც მუდმივად ესაჭიროება სულს, რათა არ ჩაქრეს სინათლე, რომელიც დაბადებისთანავე აენთო; გაიზარდოს სიკეთის გრძნობა, რომელიც ცნობიერებასთან ერთად აღმოცენდა; მოირწყოს გული, რომელიც ამ სიკეთის ნამით სუნთქავს ადამიანში. თუ დავინახავთ, რამხელა გულუხვობაა ეს ყოველივე, რაც არაფრის სანაცვლოდ გვებოძა უდიდესი ალლაჰისაგან, – მაშინვე სალოცავად დავიჩოქებთ მის წინაშე ჩვენივე სისპეტაკისათვის. დიახ, ჩვენ ბედნიერების წყალობად ვლოცულობთ და ლოცვის წყალობით ვბედნიერდებით, ეს უწყვეტობა კი დიდი მდინარებაა ჩვენი სულიერი განვითარებისა.     როგორც ცნობილია, ამქვეყნად ყველა არსების არსებობა ერთადერთის ნებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩენილებში თავისუფლად შეიძლებოდა პირიქით მომხდარიყო: მაგალითად, ჩიტი, რომელმაც დღეს დილით დაგვჭიკჭიკა – ადამიანად, ჩვენ კი – ჩიტად გავჩენილიყავით, მხოლოდ ფრენა შეგვძლებოდა და გვეფრინა ისე, რომ არც კი გვეკითხა – რატომ მაინცადამაინც დავფრინავთ და დავუშვათ, არ ვცურავთ ან არ დავდივართო. მაგრამ ადამიანი ადამიანია და აქვს შესაძლებლობა, დასმულ შეკითხვას სწორი პასუხი გასცეს და სწორ გზას დაადგეს. მაშინ, როდესაც არცერთ სხვა არსებას არ აქვს არჩევანი სწორი და არასწორი გზისა, სიკეთისა და უკეთურებისა, სიყვარულისა და უსიყვარულობისა. როგორც ვხედავთ, განსხვავება მკაფიოა და მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაა ფრიად საინტერესო და შედეგიანი, ამასთანავე, დიდი იმედებით აღსავსე. მაგრამ რა გამოვა, თუ ამ უპირატესობით მხოლოდ ვისარგებლებთ – ვჭამთ, ვსვამთ და მივიცვლებით? – ალბათ დამეთანხმებით, რომ ასე ზემოთქმულ ფრინველს დავემსგავსებით იმ განსხვავებით, რომ ჩვენ შეგვეძლო გვცოდნოდა, თუ რატომ ვარსებობდით. მაგრამ ასე არ მოხდა, მოწყალე ალლაჰმა არ დაუშვა, რომ ჩვენი სიცოცხლე უმიზნო ყოფილიყო და როგორც ამქვეყნად გამოგვარჩია სხვა არსებათაგან საუკეთესოებად, ისე – ლოცვა გვიბოძა, რომ ჩვენ არსებობას შინაარსი მისცემოდა და იმქვეყნიურ, მუდმივ ტკბობაშიც ასახულიყო, ადამიანს თვითონ მოეპოვებინა, თავისი არჩევანით დაემსახურებინა ეს. ყოვლისშემძლე ღმერთს არ სჭირდება ადამიანის ლოცვა და რომ ენებებინა, ულოცავადაც დააჯილდოვებდა იმ ჯილდოთი, რასაც მლოცველებს ჰპირდება, მაგრამ  ადამიანისთვის საკუთარი შრომით მომკილი ნაყოფია უფრო ტკბილი, ღმერთს უკეთესი სამოთხე სურს ჩვენთვის, ჩვენ კი ლოცვა გვჭირდება ამისთვის და რაც მთავარია, ლოცვის მიზანს არ ვივიწყებთ, როცა წმინდა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთ მადლიან თანამედროვეს ვეთანხმებით ნათქვამში: ,,მე რომ მითხრან, სამოთხე ან ორი მუხლი ნამაზის ლოცვა აირჩიეო, ლოცვას ავირჩევდი, რადგან სამოთხეში შესვლა ჩემი კმაყოფილებისთვისაა, ლოცვა კი ღმერთის კმაყოფილებისთვისო’’.  ამდენად, ლოცვა ადამიანური საშუალებაა ბედნიერებისათვის, ისეთივე, როგორიც სწავლისათვის – წიგნი, სიცოცხლისათვის – სული, მშენებლობისთვის – აგური, – ურომლისოდაც ადამიანი წუთისოფელშიც უბედური იქნებოდა და მარადიული ტკბობის იმედიც დაეკარგებოდა. ამ დასკვნამდე თუნდაც უბრალო ცხოვრების მაგალითი მიგვიყვანს: დავუშვათ, დახმარება გვჭირდება და ვიღაცამ დაგვეხმარა, – გული ძალიან დაგვწყდებოდა, ისე გაუჩინარებულიყო, რომ მადლობაც ვერ გადაგვეხადა. სინამდვილეში თვით ის დახმარებაც ერთადერთის ნება იყო. ჩვენ რომ არ გაგვჭირვებოდა, მას დახმარების შესაძლებლობა არ მიეცემოდა, ჩვენ კი მადლობის გადახდისა. ე.ი. ჩვენთვისაც უკეთესია, როცა რაიმე გვიჭირს, და ორივე  – ერთადერთ  დამხმარეს ვუხდით მადლობას. ჩვენი მადლობა ზღვაში წვეთია, ვიდრე მისი წყალობათა ზღვა, რასაც დიდი თავმდაბლობით მივყავართ ლოცვასთან, რომლის თავისებურება წესრიგი და სიყვარულია. 
მლოცველისთვის უხვ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებაა ლოცვა – როგორც ალლაჰის წინაშე წარდგომა. ის თრთის ამ დროს მხურვალე თრთოლით და თავდაუზოგავად ცდილობს, არა მარტო გული გაისუფთავოს ლოცვამდე, არამედ – სხეული, სამოსი და სალოცავი ადგილი, რაც დასტურია ამ გულის სისუფთავისა. აღსანიშნავია, რომ ლოცვის ორი უსათნოესი შემადგენელი – სულიერი და გარეგნული ,,განწმენდა’’, რომლებიც ადამიანისთვის  ისეთივე სინათლიანი ვალდებულებაა, როგორიც, მაგალითად, მშობლის მიერ შვილზე ზრუნვა, მოყვასის მიერ მოყვასის სიყვარული და სხვა, – ისევ ადამიანის ამქვეყნიური და მარადიული კეთილდღეობისთვისაა, ამიტომ, ვალდებული რომც არ იყოს, თავს მაინც დაივალდებულებს ის, ვინც, ღვთის წყალობით, ამ წყალობას გაიაზრებს. წმინდა ყურანშიც ხომ ასე ვკითხულობთ: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰს მომნანიებელი და სუფთა ადამიანები უყვარს’’-ო და გვესმის, რომ ,,მომნანიებელში’’ – სულიერად, ხოლო ,,სუფთაში’’ – გარეგნულად სუფთა იგულისხმება…  და რა საყვარელია ის, ვინც ალლაჰს უყვარს; ე.წ. გასუფთავება, ანუ აბდესი (აბდესიანობა), რომელიც მუსლიმანისთვის ლოცვის წინ აუცილებელი, სხვა დროს კი სასურველია, – ფიზიკური ჰიგიენის შესანიშნავი მაგალითიცაა და საუკეთესოდ იცავს ბაქტერიებისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებისაგან. ამრიგად, დაუღალავი სწრაფვა გულითადი კეთილშობილებისკენ ადამიანური ურთიერთობების ამაღლებისა და მაღალი ღმერთის კმაყოფილების მოპოვების იმედით  საკუთარ თავზე უფრო მეტის მიუღწევლობის მიუტევებლობისა და სხვებზე მიტევების ჩათვლით; ამასთანავე, გარეგნული მოწესრიგების კულტურა – სალოცავი ადგილისა და ტანსაცმლის გასუფთავებასა და დღეში რამდენჯერმე ხელ-ფეხისა და პირის დაბანაში გამოხატული, – ესაა სრულყოფილი ლოცვისათვის აუცილებელი ლოცვამდელი სიკეთეების არასრული ჩამონათვალი. რაც შეეხება თვითონ ლოცვას… გინახიათ ყვავილებით აბიბინებული მინდორ-ველის მშვენიერება? გიფიქრიათ ბავშვის სიხარულით გამოწვეულ დედის ცრემლებზე? მოგისმენიათ ჩიტების ჭიკჭიკზე გამთენიისას? – დაახლოებით ასეთია ლოცვა  ადამიანური ბუნებისთვის, რომელიც პირობითად 2 ნაწილისგან შედგება: პირველი ძირითადია და სრულდება წმინდა ყურანის ენაზე, – არა იმიტომ, რომ არაბულს ენიჭება რაიმე უპირატესობა, არამედ – სიზუსტეა ასე შენარჩუნებული. ე.ი. სხვა ენაზე რომ ყოფილიყო წმინდა წიგნი გარდმოვლენილი, ჩვენც სხვა ენაზე შევასრულებდით, რადგან ამ დროს უცვლელი ფორმით ვკითხულობთ ღმერთის სიტყვებს, ზუსტად ღმერთის სიტყვებს და ამაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის არ არსებობს; მეორე ნაწილი კი, ვედრება, – იმ ენაზე სრულდება, რომელზეც მლოცველს სურს, -ძირითადად მშობლიურზე. ლოცვის რიტუალი, მისი შინაგანი და გარეგნული გამოხატულებით, ულამაზესია მათთვის, ვინც იწამა და მათთვისაც, ვინც ჯერ არაა მოწამეთა რიგებიდან: გაჩენილი იჩოქებს გამჩენელის წინაშე და ასე გამოხატავს თავის უსუსურობას ალლაჰის ძლევამოსილებაზე. ეს მადლობაა კარგი აწმყოსი და ვედრება – უკეთესი მომავლისა. ვედრება არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც,- ჩვენ ხომ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით მხოლოდ; არა მარტო მართალთათვის, არამედ – გზააცდენილთათვისაც, – ეს ხომ ჩვენი მისიაა; არა მარტო ცოცხალთათვის, არამედ გარდაცვლილთათვისაც, – ღვთის წინაშე ხომ ყველა ცოცხალია. ეს ნერგია სამოთხისა, რომელიც სასურველი სურვილებით იხარებს; ეს მზის წვეთებია – ჩვენი სულის ყვავილებს რომ სჭირდებათ; ნეტარების წუთებია – გულწრფელობა რომ იწვევს. ლოცვის რიტუალის გარეგნული მხარის სილამაზე ანარეკლია მისი შინაგანი ბუნების ბრწყინვალებისა: მლოცველი სხეულს ქააბასკენ, ყურადღებას კი ალლაჰისკენ  მიმართავს და ლოცვის ღვთისმსახურებას  ჯერ ალლაჰუ ექბერ – ღმერთი უდიდესია – თქმით იწყებს, რითაც გამოხატავს, რომ ღმერთი არავის მსახურებას არ საჭიროებს; შემდეგ მისი სხეულის, ენის, გულისა და გონების ყოველი ერთობლივი მოქმედებით უფრო და უფრო უახლოვდება ალლაჰს: ჯერ ოდნავ მოიხრება უზენაესის გულწრფელი მორჩილებით და მისდამი სადიდებელი სიტყვების წარმოთქმით, შემდეგ კი მუხლმოდრეკილი, სალოცავ ადგილამდე დახრის თავს და ცნობიერად შეიგრძნობს, რომ ღმერთი ერთია და მუჰამმედია მისი შუამავალი. ჯგუფურად ლოცვა კი  საყოველთაო თანასწორობის მშვენიერი მაგალითია და დასტური, რომ ერთადერთის წინაშე ყველა ერთია – განურჩევლად ერისა, სქესისა, რასისა და ყველაფრისა. ხოლო ის, რომ მამაკაცები წინა და ქალები უკანა რიგებში განლაგდებიან, უკეთესია  ორივესთვის – მათი ფიზიოლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე. აქვე, ცნობილია და სულაც არ არის საოცრება, რომ ყოველი არსება, უსულო საგანიც კი, მას განადიდებს, ვინც არაფრისაგან შექმნა ყველაფერი, ეს დიდი ალლაჰია. ამ რწმენას ბუნებაზე დაკვირვებაც განგვიმტკიცებს: ხეების შრიალს დავაკვირდეთ ქარის გამოქროლებისას, რა მორჩილად იხრებიან ისინი; ზღვის ტალღებს მივაქციოთ ყურადღება და მათი ხილვით ისიც დავიჯეროთ ღვთის წყალობით, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს. 
ალლაჰის ნებით, ლოცვის წესები ისეა აგებული, რომ მლოცველს მოთმინება, სიმშვიდე, ნებისყოფა და დისციპლინა უყალიბდება, ამას ყურადღებით, აუჩქარებლად მოლოცვა და ფიზიკური მოძრაობების ჰარმონიულობა განაპირობებს. გარდა ზემოთქმულისა, ლოცვას სხვა გარე სიკეთეებიც თან ახლავს და სულიერ ზრდასთან ერთად, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახებიან: 
ლოცვისას ადამიანის დღეში რამდენიმე ათეულჯერ დახრა სისტემატურად კვებავს უჯრედებს, რაც მეხსიერებას უუმჯობესებს;  რიტმული მოძრაობები აცოცხლებს მოდუნებულ სახსრებს და ხელს უშლის ართროზისა და მარილის დაგროვების დაავადებებს; ,,სეჯდე’’, ანუ თავის სალოცავამდე დახრა იწვევს ზედმეტი ელექტრონების დამიწებას და არეგულირებს ძილს; იზომეტრული მოძრაობები ეხმარება კუჭში საკვები ნივთიერებების გახსნას, ამარტივებს ნაღვლის დინებას და კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმეტების დაცლას, და სხვა მრავალი~.
ალლაჰის რწმენის შემდეგ ლოცვა ყველაზე  აღმატებულია, რაც კი ალლაჰს უბოძებია. მუსლიმანი ვალდებულია, დღეში 5-ჯერ ილოცოს, ნიშნავს, რომ ვალდებულია, არ დაივიწყოს ღმერთი, ადამიანობა, ადამიანები, რასაც ლოცვის გარეშე ვერ შეძლებდა და რომც შეეძლო, მიღწეული ყოფიერება მაინც არ იქნებოდა ისე მაღალი და სათნოებითი, როგორსაც ლოცვით იმსახურებს, რამეთუ ლოცვა სიყვარულია, ლოცვა იმედია, ლოცვა მადლობაა, ლოცვა ვედრებაა, ლოცვა მორჩილებაა, ლოცვა ცნობიერებაა, ლოცვა სინანულია, ლოცვა სიხარულია, ლოცვა მოთმინებაა, ლოცვა წესრიგია, ლოცვა მიტევებაა, ლოცვა გულწრფელობაა, ლოცვა ამაღლებაა… ამიტომ სალოცავად უმთავრესია სურვილი, რომელიც გონიერებით უნდა აღიძრას ჩვენს გულებში, –  სწავლასავითაა, მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა, გონიერი მოსწავლე მაინც დიდი ინტერესითა და სიხარულით სწავლობს, რათა სასიხარულო მომავალი მოიპოვოს. ლოცვისმიერი სიხარული ხომ სამარადისოა, როგორც ამას წმინდა ყურანით არაერთხელ გვახარებს ერთადერთი:
“….თაყვანი ეცი (ალლაჰს) და მიუახლოვდი“ (ალაყ-96/19); 

,,(მუჰამმედ!), შენთვის ზეშთაგონებული წიგნი წაიკითხე, სწორად ილოცე. უეჭველია, რომ ლოცვა ადამიანებს სისაძაგლესა და ბოროტებას აშორებს’’ (ღანქებუთ-29/45); 
წმინდა აიათებში ხაზგასმული ლოცვის ორი მნიშვნელოვანი   თავისებურებით – ალლაჰზე დაახლოება და უკეთურებაზე დაშორება, –  ცხადია, რომ ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია და არც მოკლე დროშია ორივე ერთად შესაძლებელი. ალლაჰის ნებისა და ლოცვის წყალობით – თანდათანობითა და უწყვეტობით უნდა შევძლოთ უსიყვარულობაზე განრიდება და სიყვარულის შემეცნება, და როცა ეს თვისებაში გადაიზრდება, შემდეგ გარდაუვალია ბედნიერება, ღვთის წყალობით. ძალზე სამწუხაროა  ორივე შემთხვევა – თუკი  მლოცველი უკეთურია ან კეთილი  არ ლოცულობს, მაგრამ ამით არ შეიძლება გამართლება არც უკეთურებისა და არც ულოცველობისა, არამედ საჭიროა გულწრფელი მორჩილებით მოლოცვა და შეძენილი თვისებების ცხოვრებაში გადატანა. ჩვენი აზრით, დიდსულოვნებამ უნდა მიგვიყვანოს ლოცვასთან, ლოცვამ – დიდსულოვნებასთან და ამ ორის კომბინაციური ერთობით დავიზარდოთ ერთადერთის სიყვარულში.