• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის 21 შემთხვევის შესახებ

გახდა ცნობილი. ამ ფაქტებიდან 20 იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთანაა დაკავშირებული, ხოლო ერთი შემთხვევა რელიგიური გაერთიანება ,,სიცოცხლის სიტყვის” სამლოცველო სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებას ეხება.

საანგარიშო პერიოდში კვლავ უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიური უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები, რაც ძირითადად გამოიკვეთა რელიგიური ნიშნით პირების დევნისა და მათზე და რელიგიური დანიშნულების მატარებელ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმის შემთხვევებით და მათზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაადეკვატური რეაგირებით.

დევნა რელიგიური ნიშნით და თავდასხმის ფაქტები რელიგიურ ნაგებობებზე

იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ქუჩაში და საცხოვრებელ ადგილებშიც აკითხავენ მოქალაქეებს. ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამგვარი სამისიონერო პრაქტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რეაქციული ხასიათი აქვს. გასული სამი წლის განმავლობაში რელიგიური ძალადობის უმეტესი შემთხვევა სწორედ რეაქციას წარმოადგენდა, მაგრამ საანგარიშო პერიოდში მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა აქტიური ხასიათი შეიძინა. სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულია 12 ასეთი შემთხვევა.

იეჰოვას მოწმეების მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, წალენჯიხაში იეჰოვას მოწმეების მშენებარე ნაგებობის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმართა ორი ჯვარი და მოაწყო საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ამ დროს სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. მშენებარე ობიექტის მიმართულებით ისროდნენ ქვებს (მამუკა ადონიას და სხვ. საქმე. წალენჯიხა 21. 01. 09), ანალოგიურ შემთხვევას
ბორჯომშიც ჰქონდა ადგილი (ბორჯომი 02.02. 09). საგარეჯოში იეჰოვას მოწმეების ,,სამეფო დარბაზს” დაუშინეს ქვები და მინის ბოთლები, დაზიანდა შენობა, ხოლო იეჰოვას მოწმე მ. იაკოშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დღის  განმავლობაში თავდასხმა ორჯერ განმეორდა. ამავდროულად, მ. იაკოშვილს დაემუქრნენ, რომ გადაწვავდნენ ამ შენობას (მ.იაკოშვილის საქმე. ქ.საგარეჯო. 29.01.09). თბილისში, გურამიშვილის გამზირის 12ა-ში, იეჰოვას მოწმეები ფლობენ საოფისე ფართს. აღნიშნულ მისამართზე ტარდება იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრები.
ოფისში დროებით ამ ორგანიზაციის უცხოელი წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. შენობის მიმართულებით სისტემატურად ისვრიან ქვებს, რამდენჯერმე ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა ნივთები. ოფისში შეკრებილებს, მათ შორის უცხოელებსაც, გამუდმებით აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2009 წლის 19 თებერვალს უცხოელ სტუმრებს და მათთან მისულ მეგობრებს ქვები ესროლეს (ზ.ხიზანიშვილის და სხვ. საქმე. თბილისი. გურამიშვილის გამზირი 12ა 19.02.09). 2009 წლის 26 თებერვალს, დიდ
დიღომში არსებულ სამეფო დარბაზს, იეჰოვას მოწმეთა კრების მსვლელობისას უცხო პირებმა (მოზარდებმა) დაუშინეს ქვები, დააზიანეს შენობა, ჩაამსხვრიეს იეჰოვას მოწმე ა.ჩიქობავას კუთვნილი ავტომანქანის მინები. გარდა ამისა, ჭიშკარსა და ღობეზე გაჩნდა იეჰოვას მოწმეების შეურაცხმყოფელი წარწერები. (გ.ობოლაძისა და ა.ჩიქობავას საქმე. თბილისი სოფ. დიღომი, დიდი დიღომი. 26.02.2009).

ქ.ბორჯომში რუსთაველის #16-ში მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების კუთვნილი ნაგებობის სარემონტო სამუშაოები. 26 თებერვალს, ღამით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პიროვნებამ შეანგრია აღნიშნული შენობის კარი და იქ მყოფ ორ დარაჯს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნახევარი საათის შემდეგ, თავდამსხმელებს სხვა პიროვნებებიც შეუერთდნენ. 27 თებერვალს თავდასხმა განმეორდა. (ბ.სოტირადისა და გ.ხიდურის საქმე. ბორჯომი 26.02.09).

2009 წლის 17 აპრილს, სენაკში, სამეფო დარბაზის მშენებლობის ადგილზე დაუდგენელმა პირებმა სამშენებლო მასალას ცეცხლი წაუკიდეს. 20 აპრილს, იმავე ადგილას, იეჰოვას მოწმეების კუთვნილ ავტომანქანას ასევე დაუდგენელმა პირებმა ჩაუმსხვრიეს წინა და უკანა საქარე მინები (სენაკის საქმე. სენაკი 21.03.09). 13 მაისს, საგარეჯოში, ,,სამეფო დარბაზის” ეზოს ჭიშკარს უცნობი პირი ფეხს ურტყამდა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარეთ გამოსულ იეჰოვას მოწმე მ. იკოშვილს
და ცდილობდა ძალით შეჭრილიყო აღნიშნულ შენობაში (მ.იკოშვილის საქმე. საგარეჯო.
13.05.09).

თბილისში ჩუბინაშვილის #26-ში, სადაც ტარდება იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეკრებები, დაახლოებით 18:00-დან 19:00-მდე, როცა ხალხის უმეტესობა ჯერ კიდევ ეზოში იმყოფებოდა, უცნობმა პირებმა შეაგდეს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა, აფეთქების მიუხედავად, იქ მყოფი ადამიანები არ  დაშავებულან, დაზიანდა კედელი და სხვადასხვა ნივთი (თბილისი. ჩუბინიშვილის საქმე #26 საქმე). 6 ივნისს განმეორდა თავდასხმა თბილისში, გურამიშვილის გამზირის #12ა-ში, სადაც ტარდება იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეკრებები, რის შედეგადაც დაზიანდა შესასვლელი კარი, ცეცხლი წაუკიდეს ფანჯარას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ დროებით მცხოვრებ უცხოელ სტუმრებს. შემთხვევა დაფიქსირებულია შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერიდანაც შესაძლებელია თავდამსხმელთა იდენტიფიკაცია.

კიდევ ორ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეები ფიზიკურად შეურაცხყვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მდევნელებმა მათში ამ რელიგიური გაერთიანების წევრები ამოიცნეს (ა.ნაჭყებიას საქმე საგარეჯო. 21.03.09. და მ.იკოშვილის საქმე. საგარეჯო. 07.05.09). პროტესტანული ეკლესია ,,სიცოცხლის სიტვის“ რელიგური შეკრებებისათვის განკუთვნილი შენობა, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარეობს, თავდამსხმელებმა ღამით, ექვსჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღი და მიიმალნენ
(თბილისი. ნუცუბიძის III მ/რ. 13.02.09).

დანარჩენ 7 შემთხვევაში რელიგიურ დევნას, იეოჰოვას მოწმე მოქალაქეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ დროს ჰქონდა ადგილი, როცა ისინი ქუჩაში ან მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებში ახორციელებდნენ თავიანთ სამისიონერო საქმიანობას. ერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრნენ, არაფერი იღონეს ინციდენტის აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევების დასაკავებლად. პირიქით, როგორც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, მათ წინააღმდეგ აქეზებდნენ მდევნელებს (ა. ნაჭყებიას საქმე. საგარეჯო. 21.03.09). სხვა სამი შემთხვევისას გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ვერ მოახერხეს მოძალადეების დაკავება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კასპის რაიონის სოფ. ახალქალაქის მართლმადიდებელი მღვდლის ირაკლი ხომერიკის დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად პოლიციისა და პროკურატურის რაეფექტური მოქმედება. მღვდელი ირაკლი ხომერიკი კასპის რაიონში 2007 წლიდან დევნის იეჰოვას მოწმეებს. 2008 წელს აღნიშნულ ფაქტზე სსკ-ს 155-ე მუხლის პირველი ნაწილით (რელიგიური წესის
აღსრულებისათვის ხელის შეშლა) დაწყებული გამოძიება გორის რაიონულმა პროკურატურამ შეწყვიტა, ვინაიდან ვერ დადგინდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შსს-ს შიდა ქართლის სამხ. მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველომ სახალხო დამცველს აცნობა, რომ აღნიშნული სასულიერო პირი ხელწერილით იქნა გაფრთხილებული, ,,რათა ,,იეჰოვას” მიმდევრებს მომავალში აღარ
მიაყენოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (16. 03.09) #29/7/9/599)”. ამ ხელწერილის შემდეგ მღვდელმა ი.ხომერიკმა კიდევ ორჯერ განახორციელა იეჰოვას მოწმეების დევნა და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნენ უფლებადამრღვევები მიცემული პასუხისგებაში, ერთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი 100 ლარით დაჯარიმდნენ და ხელწერილით იქნენ გაფრთხილებულები (გ.ხადურის საქმე. ბორჯომი 02.02.09), მეორე შემთხვევაში რელიგიურ მოძალადეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს (ბ.სოტირიდისა და გ.ხადურის საქმე. ბორჯომი. 26. 02.09). ხოლო, კიდევ ერთ შემთხვევაში, მოძალადემ სამართალდამცავებისგან მიიღო გაფრთხილება (ჯ. კაციასა და ო. ფაჩულიას საქმე. ლანჩხუთი. შუხუთი. 16.01.09.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით, როცა რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით აშკარა იყო პროგრესი128, საანგარიშო პერიოდში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ არის შეწყვეტილი ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მას შემდეგ რაც 2004 წლის მარტში დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს 2005 წლის პირველ ნახევრამდე, სახალხო დამცველის სახელზე არ შემოსულა არცერთი განცხადება, 2005 წლის მეორე ნახევარში განცხადებათა რაოდენობამ 12 შეადგინა, 2006 წლის პირველ ნახევარში შემოსული იყო ასევე 12 განცხადება, 2006 წლის მეორე ნახევარში 8, 2007 წლის პირველ ნახევარში 11, მეორე ნახევარში 13, 2008 წლის პირველ ნახევარში 2, ხოლო მეორე ნახევარში 8. ამ წლებში შემოსული განცხადებების რაოდენობა მიუთითებს, რომ 2005 წლიდან 2008 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, ხერხდებოდა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 2005-2007 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ სამართალდამცველების (შსს და პროკურატურა) მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ–ერთ მიზეზად მივიჩნიოთ (აქტიური ხასიათის სამართალდარღვევებისა და შეუწყნარებლობის ფაქტების გამრავლება). რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დამნაშევთა დაუსჯელობა სამომავლოდ 128 რელიგიური დევნის, დისკრიმინაციისა და რელიგიური წესის აღრსრულებისთვის ხელის შეშლის გამო 2006-2008 წლებში პასუხისგებაში 17 პირი იყო მიცემული, ამათგან 9 იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კიდევ უფრო გაზრდის და სახიფათო ტენდენციის სახეს შესძენს რელიგიურ დევნასა და დისკრიმინაციას.

საკუთრების საკითხი

წინა წლებთან შედარებით ზოგადი ფონი რელიგიური დისკრიმინაციის თვალსაზრისით უცვლელი დარჩა. რამდენიმე ე.წ. ტრადიციული რელიგიური გაერთიანება (სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი აჭარაში, იუდაური თემი) ვერ ახერხებენ საკუთარი ისტორიული ქონების (რელიგიური ნაგებობების) დაბრუნებას. სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია სახელმწიფოსთან დავობს 6 ისტორიული ტაძრის დაბრუნების თაობაზე, რომელთაგან დღესდღეობით არცერთი არ ფუნქციონირებს. კათოლიკე ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ედავება 5 ტაძარს, ხოლო აჭარის მუსლიმთა სამმართველო სახელმწიფოსგან 2 მეჩეთის დაბრუნებას მოითხოვს (ქობულეთის რაიონის სოფ. მუხაესტატეში ყოფილ მეჩეთში ფუნქციონირებს პოლიციის განყოფილება, ხოლო
ქ.ქობულეთში აღმაშენებლის ქ.#100–ში მდებარე ყოფილ მეჩეთში განთავსებულია ცეკვის სტუდია). ასევე, უნდა აღინიშნოს 5 უმოქმედო მეჩეთის შესახებ ახალციხისა და ადიგენის რაიონებში – მე-19 და მე-20 საუკუნეებში ადგილობრივი მესხების მიერ აგებული საკულტო ნაგებობები. ამ ტერიტორიებზე დღეს ნაწილობრივ სახლობენ როგორც ეკომიგრანტი მუსლიმები აჭარიდან, ასევე რამდენიმე რეპატრირებული მესხი ოჯახი (მაგალითად, ადიგენის რაიონის სოფ. აბასთუმანში). მეჩეთების მდგომარეობა სავალალოა. ადიგენის რაიონის სოფ. ფლატეში 2006 წელს მეზობლად მდებარე ზარზმის მონასტრის მრევლმა დაიწყო მეჩეთის ნგრევა (აღსანიშნავია, რომ თავად სოფ. ზარზმაშიც ძირითადი მოსახლეობა მუსლიმია), რათა ამ ქვებით მართლმადიდებლური სამლოცველო და სენაკები აეშენებინათ. (იხ. სახალხო დამცველის ანგარიში 2007-2008). აღნიშნულ ქმედებებს სამართალდამცავების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ
მოჰყოლია. ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია რესტიტუციის საკითხისადმი სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა. სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ  კლესიას შორის, სახელმწიფოს მართებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საპატრიარქოს დაუბრუნოს ან აუნაზღაუროს გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგ ჩამორთმეული ქონება, თუმცა რესტიტუციის ანალოგიური პრინციპით სახელმწიფო სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით არ  ელმძღვანელობს, რითაც უთანასწორო ანუ დისკრიმინაციულ მოპყრობას იჩენს დასახელებული რელიგიური გაერთიანებებისადმი. ამ დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციურ შეთანხმებაში გამოკვეთილი რესტიტუციის პრინციპის ანალოგიურად იმოქმედოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართაც. ამ ეტაპზე პრობლემის გადასალახავად არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ არის გადადგმული, არ შექმნილა ძეგლების ისტორიული წარმომავლობის დამდგენი კომისია, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ამ პრობლემის დაძლევის ხედვა. შედეგად, ეს საკითხი წლების განმავლობაში ურთიერთობების დაძაბვისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის მუდმივ საფრთხედ რჩება. ამავდროულად, რელიგიურ გაერთიანებებს ახალი რელიგიური ნაგებობების ასაშენებლად ზოგიერთ შემთხვევაში კვლავაც უჭირთ ნებართვის მოპოვება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებისგან.  მაგალითად, კათოლიკე ეკლესია 2007 წლიდან დღემდე ელოდება პასუხს ეკონომიკის სამინისტროსგან იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა მას განახორციელოს ქ. ახალციხეში, ისტორიულ რაბათის უბანში, ძველი კათოლიკური ეკლესიის აღდენა-განახლება.

საგადასახადო რეჟიმი

რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის უზრუნველყოფა დიდწილადაა დამოკიდებული არსებულ საგადასახადო რეჟიმზე. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ საგადასახადო რეჟიმი საკმაოდ ლიბერალურია არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციების მიმართ და არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა თითქმის გათავისუფლებულია გადასახადებისგან. დამატებითი რეგულაციებია განსაზღვრული კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საგადასახადო კოდექსში გადასახადის საკითხების დასარეგულირებლად. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით: ,,ეკლესიის საღვთისმსახურო მიზნით
წარმოებული, შემოტანილი და მიწოდებული პროდუქცია და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადისაგან (მუხლი 6)”. აღნიშნული პუნქტი ასახულია სხვა საკანონმდებლო აქტებშიც, როგორიცაა საგადასახადო კოდექსი. კოდექსის თანახმად: მოგების გადასახადისგან თავისუფლდება „დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების  რეალიზაციით მიღებული მოგება (მუხლი 172)“; ასევე დღგ-ს გადასახადისგან თავისუფლდება ,,საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის ნუსხაში შეტანილი საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები (მუხლი 230)”. საკანონმდებლო ნორმები მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიის მიმართ ადგენს
რეგულირების რეჟიმს, რაც არათანაბარ გარემოში აქცევს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს.

სახალხო დამცველის საქმიანობა

საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი ტოლერანტობის კულტურის მხარდაჭერა და რელიგიის თავისუფლების, რელიგიური უმცირესობების დაცვაა. ამ მიმართულების გასაძლიერებლად საქართველოს სახალხო დამცველთან 2006 წლიდან არსებობს ტოლერანტობის ცენტრი, რომლის საქმიანობას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა. ტოლერანტობის ცენტრი, თავის მხრივ, კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს, რომლის საქმიანობაში მონაწილეობას იღებს 21 რელიგიური გაერთიანება. ტოლერანტობის ცენტრი ახორციელებს უმცირესობების უფლებათა მონიტორინგს, ეწევა საგანმანათლებლო, საგამომცემლო და კვლევით საქმიანობას. 2008 წელს ცენტრმა მოამზადა ორი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია: რელიგიები საქართველოში და ეთნოსები საქართველოში. ეს არის საენციკლოპედიო საცნობარო ხასიათის ნაშრომები, რომლებშიც მაქსიმალურად სრულად არის ასახული საქართველოში არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. 2009 წლის ივნისში ამ პუბლიკაციებში წარმოდგენილი მასალის ცოდნის გამოსავლენად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 6-მა სკოლამ მონაწილეობა მიიღო სახალხო
დამცველის მიერ გამართულ ვიქტორინაში. ვიქტორინის, ისევე როგორც თავად პუბლიკაციების მიზანს, ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამავდროულად, ტოლერანტობის ცენტრი გამოსცემს პერიოდულ ჟურნალს ,,სოლიდარობა”, რომელშიც შუქდება რელიგიის თავისუფლებასთან, ტოლერანტობის  კულტურასთან, სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთმიმართების თავისებურებებთან დაკავშირებული საკითხები. სოლიდარობის თემების გარშემო მუდმივად იმართება საჯარო დისკუსიები ბათუმსა და ქუთაისში. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ 2009 წელს დაასრულა მუშაობა ერთიან სოციალურ კონცეფციაზე, რომელშიც ასახულია განსხვავებული რელიგიური გაერთიანებების საერთო ხედვა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის საანგარშო მოხსენება საქართველოში ადამიანის ულებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (გვ. 197)