• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

რამდენად ღირებულია ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა

ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი თითქმის ორ წელზე მეტია აქტუალური.  ეს თემა სხვადასხვა ტელეარხის სადისკუსიო საგანიც კი გახდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკების იმ ფორმატზე, რომელიც ნაცვალგების პრინციპით საქართველოში, კერძოდ, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და თურქეთში კი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას უკავშირდებოდა. თემა უფრო აქტუალური გახდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, განსაკუთრებით ოპოზიციის მიერ. მსჯელობა და პროტესტის მნიშვნელოვანი აქცენტი მეჩეთის სახელწოდებას, აზიზიეს შერქმევას და ადგილს ეხებოდა. ამ სახელის მეჩეთის აგება საზოგადოების ერთი ნაწილისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. სხვადასხვა ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მეჩეთის აშენების მომხრეებიც, კერძოდ მუსლიმი ქართველებიც, სახელისა და დეკლარირებული ადგილის გამო მაინცდამანიც კმაყოფილები არ იყვნენ.  მეჩეთის თემას არჩევნების შემდეგ უფრო მეტი რეზონანსი მოჰყვა. ახლადარჩეული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანები ძალიან ბევრიაასევებლომად არიან მუსულმანი ტურისტებიც და არ არის საკმარისი სალოცავიეზოში გამოდიან და მეჩეთის ეზოშიც ვერ ეტევიან და ქუჩაში უწევთ ლოცვა ხშირად. 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა სხვა მეჩეთის აშენების.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ეთანხმება პრემიერ-მინისტრის პოზიციას და ღიად საუბრობს მეჩეთის საჭიროების შესახებ. Islam.ge გაესაუბრა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ტარიელ ნაკაიძეს.

 ბატონო ტარიელ, მართლაც საჭიროა ახალი მეჩეთი?

პირველ რიგში, მივესალმები პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომელიც მან რეგიონულ მედიასაშუალებებთან გააკეთა. ამ განცხადებით ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. პირველი: – მეჩეთის საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ, მეორე: – მეჩეთი აშენდება საქართველოს ხელისუფლებისა და მუსლიმი მრევლის ერთობლივი შეთანხმებით შესაბამის ადგილზე, მესამე: – მას არ ერქმევა „აზიზიეს“ სახელი და მეოთხე, რაც მთავარია ეს მეჩეთი აშენდება ქართული ფინანსური წყაროებით. აგრეთვე, მისასალმებელია პრემიერის ღია დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ მას აქვს სურვილი ერთი მეჩეთი თვითონაც ააშენოს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შემიძლია ვუპასუხო პირდაპირ -„კი“! ბათუმს ნამდვილად სჭირდება ახალი მეჩეთი. არსებული მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს წვიმაში, ცუდ ამინდებშიც კი ქუჩაში უწევს მრევლს ლოცვა.

– საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთია. რაში საჭიროა კიდევ ერთი მეჩეთი?

 ასეთ კითხვას შეიძლება მოჰყვეს საპირისპირო კითხვა. ბათუმში არის ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის ეკლესია. რაში საჭიროა ქალაქის ფარგლებში ათზე მეტი ახალი ეკლესიის მშენებლობა? ჩემი აზრით, არც თქვენი კითხვა და არც ჩემი პასუხი არ ჯდება რაიმე სახის ლოგიკაში. ბათუმში ქრისტიან მრევლს თუ სჭირდება ეკლესია,  შესაბამისად უნდა ააშენოს, რაზეც მუსლიმ მრევლს არ აქვს უფლება ისაუბროს მის საჭიროება არსაჭიროებაზე. ასეთივეა ახალი მეჩეთის  საჭიროება, არ აქვს უფლება სხვა რელიგიის მქონე ადამიანს ისაუბროს მის საჭიროება-არსაჭიროებაზე. შეუძლია თქვას, მე არ მომწონს მეჩეთი, ეს უკვე მისი უფლებაა და არ ივარგებს არგუმენტად იმისათვის, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდეს. აჭარა რამდენიმე საუკუნეა ქართველი მუსლიმებით არის დასახლებული.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ აჭარაში 200 მეჩეთია. ალბათ, ვინც მინიმუმ აჭარის მოსახლეობის რელიგიური გეოგრაფია იცის დამეთანხმება, რომ არსებულ ყველა მოქმედ მეჩეთს ჰყავს თავისი მრევლი.  ეს მეჩეთები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ აგებულა. მათ შორისა  მხოლოდ თხუთმეტი მეჩეთია ახალი  აშენებული. ამ მეჩეთების უმრავლესობა იდგა და მოხდა მათი რეკონსტრუქცია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად ქედის რაიონში 13-ზე მეთი მეჩეთია უმოქმედო. ასევე შუახევის რაიონში, ხელვაჩაურის რაიონსა და ქობულეთშიც არის რამდენიმე მეჩეთი, რომლებიც არ მოქმედებს მრევლის არარსებობის, ანდაც მრევლი სიმცირისაგან გამომდინარე. აქვე აღსანიშნავია, რომ ქობულეთის რაიონში აღმაშენებლის ქ. ნომერ 100-ში არის ისტორიული მეჩეთი, რომელის დაბრუნებას სახელმწიფოსგან მუსლიმი მრევლი დიდი ხნია მოითხოვს, თუმცა დღემდე არ ხერხდება მისი დაბრუნება. მასში განთავსებულია კინო-თეატრი. ღმერთის წყალობით დადგება დრო და ამ მეჩეთსაც დავიბრუნებთ. ასე, რომ აჭარაში არსებული მეჩეთები მოქმედებს ისეთ სოფლებში, სადაც ამის საჭიროებაა, სადაც მუსლიმი მრევლი კომპაქტურადაა დასახლებული.

რაც შეეხება ბათუმს, ეს არის ქალაქი, აქ პირველ რიგში ცხოვრობს ადგილობრივი მცხოვრები მუსლიმები, არსებული მეჩეთი ამ კატეგორიის ხალხისთვისაც არ არის საკმარისი. ამას ემატება ქალაქში სოფლებიდან სავაჭროდ, სამუშაოდ და სტუმრად ჩამოსული მრევლი. მათ ემატება სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მუსლიმი ტურისტებიც, რაც მეჩეთს უფრო მეტად ტვირთავს. ამიტომ ბათუმში ქალაქის მისადგომ ტერიტორიაზე აუცილებელია კიდევ ერთი მეჩეთი. მე ვფიქრობ მოცულობითაც ის არსებულზე დიდი უნდა იყოს. თუ ეს ასე არ იქნება რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა შეიძლება დარჩეს საჭირო.

რაც შეეხება საჭიროების საკითხს ეს ისლამში დოგმატურადაც არის განმარტებული: „თუ ერთი მეჩეთი არსებობს, რომელიმე დასახლებულ ტერიტორიაზე და ის იტევს მრევლს, არ შეიძლება ასეთ ადგილზე აშენდეს სხვა ახალი მეჩეთი. მასში  პარასკევის ლოცვა დაუშვებელია“. ამიტომ საჭიროება, რომ არ არსებობდეს, მუსლიმ მრევლს ისედაც არ აქვს უფლება ააშენოს ახალი მეჩეთი. ამას თვით ისლამი ზღუდავს. დღეს მუსლიმი მრევლი რომ ახალ მეჩეთს, ითხოვს ამის სრული რელიგიური საფუძველიც აქვს.

  თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ „კომფორტი მსურს, დღეს ერთს ავაშენებ, ხვალ ორს, ზეგ ათს“, რასაც მეჩეთის მშენებლობის არამომხრეთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. მართალც ასე ფიქრობთ?

– როგორც ზემოთ გითხარით, მეჩეთის მშენებლობას აქვს დოგმატური აუცილებლობები, რაც განსაზღვრავს მის აშენება-არაშენების საკითხს. რა თქმა უნდა ჩემი ეს სიტყვები ამ დოგმას ვერ შეცვლის. თუმცა ეს იყო იმ ადამიენბისათვის პასუხი, რომლებიც მუსლიმებს გვისაზღვრავენ მეჩეთის საჭიროება-არსაჭიროების საკითხს. რაც მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, მათი საქმე არ არის. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შესაბამისი წესების დაცვით შეიძლება ბევრი შენობა-ნაგებობები დაიდგას. ასე რომ, ისლამის წესები ამის საშუალებას რომ იძლეოდეს, არავისი საქმე არ არის, რამდენ მეჩეთს ავაშენებთ.

–  „ადგილობრივი ბათუმელი მრევლი არაა ამდენი, პარასკევობით ორგანიზებულად ჩამოყავთ სოფლებიდან მლოცველები, ბათუმში უამრავი თურქი ცხოვრობს“. რას იტყვით მართლაც ასეა?

–  როგორც გითხარით ადგილობრივი მრევლი ფაქტობრივად ავსებს არსებულ მეჩეთს. ხოლო ის, რომ ვინმეს საიდანღაც მრევლი ჩამოჰყავს  ეს-სიცრუეა.  როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი მეჩეთის საჭიროების საკითხს ისლამი დოგმატურად აგვარებს. „პარასკევობით მუსლიმი მლოცველები ორგანიზებულად ჩამოყავთო“ -ეს არის მუსლიმების ფარისევლობასა და მლიქვნელობაში დადანაშაულება საკუთარი მრწამსის მიმართ. ასეთი დამოკიდებულება ყველა რელიგიაში ცოდვად ითვლება. ამავე დროს ეს მუსლიმების შეურაცხყოფაა, თუმცა სიმართლე პირიქითაა. მუსლიმთა სამმართველო ხშირად მოუწოდებს მრევლს, ვისაც ეკონომიური შესაძლებლობა და გადაადგილების საშუალება აქვს, პარასკევის ლოცვა  ბათუმის მიმდებარე სოფლებსა და რაიონის მეჩეთებში შეასრულოს. ბათუმში არა მარტო თურქი, არამედ სხვა ეროვნებების ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებიც ისლამს აღიარებენ და ჩვენთან ერთად მეჩეთში ლოცულობენ. თუ კი ეს ადამიანები აქ ცხოვრობენ და ამის უფლება აქვთ, მათ უფლება აქვთ თავიანთი რელიგიური რიტუალები შეასრულონ.

– აჭარის მწერალთა კავშირმა გააკეთა განცხადება რასაც მოჰყვა თქვენი მხრიდანაც მწვავე განცხადება. რა იყო ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, რატომ აპროტესტებენ მწერლები მეჩეთის მშენებლობას?

– აჭარის მწერალთა კავშირმა ძალიან არასწორი და ცალმხრივი განცხადება გააკეთა, რაზეც ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი იქნა  გაცემული. ეს პასუხი არ იყო ჩემი, ან რომელიმე ორგანიზაციის პასუხი, ეს იყო იმ მუსლიმი მრევლის პასუხი ვისაც ყოველ პარასკევს, დარსა თუ ავდარში, ქუჩაში უხდება  ლოცვა. მე ვფიქრობ მწერალთა კავშირმა და მისმა ზოგიერთმა წევრმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა მე ვიცნობ, ამ კავშირის ზოგიერთ წევრს, რომლებიც ღირსეული მამულიშვილები არიან და ვიცი, რომ ეს ადამიენები ემიჯნებიან თავმჯდომარის განცხადებას. აჭარის მწერალთა კავშირი იქცა მხარედ. ჩაატარეს ცალმხრივი შეხვედრა და გამოიტანეს ვერდიქტი, „თურმე მუსლიმები ტყუიან, რომ მათ გადაამოწმეს და მეჩეთის საჭიროება არ არსებობს“. მე ვფიქრობ ადამიანს ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მწერალია მხარედ არ უნდა იქცეს. მისი სიტყვა უნივერსალური უნდა იყოს, მისაღები ყველასათვის. რაც მთავარია ქვეყნისათვის. საერთო ღირებულებებზე უნდა აკეთებდეს აქცენტს და ერი ამ ღირებულებისაკენ წაიყვანოს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა რელიგიის, მრწამსისა თუ შეხედულებების ადამიანების კონსოლიდაციას, თანაცხოვრების სრულ ჰარმონიას.  ილია ჭავჭავაძე არის ამის მაგალითი, მან ათარგმნინა ქართულად ყურანი ქართველი მუსლიმებისათვის, ის მოუწოდებდა მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც, რომ ძმები ვართ. რელიგია ვერ იქნება ჩვენი გამყოფი. აჭარას სამუსლიმანო საქართველო უწოდა. დღეს კი სამწუხაროდ მწერლების სახით გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქართველი მუსლიმი  და  ქართველი ქრისტიანი ერთმანეთს დააშოროს. მათი საქციელი სხვა რამეს არ გვეუბნება. მწერლებს, როგორც მინიმუმ, ასეთ შეკრებაზე შეიძლებოდა ეთქვათ ჩვენთვის და გაეგოთ ჩვენი აზრიც. მათ ამ შეხვედრაზე ჰყავდათ მიწვეული მღვდელი. განა არ შეიძლებოდა ჩვენგან ვინმე, რომ მიეწვიათ? მაგრამ მათი საქციელი არაა მწერლის, საზოგადო მოღვაწის საქციელი. ღმერთმა დამიფაროს, ჩემში მათი სახით აღქმული იყოს მწერალი. თუ ეს ასე იქნება მაშინ მომიწევს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის,  აკაკი წერეთლის, ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ გორგილაძისა და სხვა სახელოვანი მწერლების უარყოფა. დარწმუნებული ვარ ცხონებული ფრიდონ ხალვაში ცოცხალი ყოფილიყო ასეთი შეცდომის დაშვების უფლებას  ამ ადამიანებს არ მისცემდა.

– მწერალთა კავშირმა თქვენი განცხადება მწერლების მიმართ შეურაცხყოფად მიიღო. საპასუხოდ თქვენ „ტარიელ ბეი“ გიწოდათ. რას ფიქრობთ მართლაც აპირებთ საფაშოს ჩამოყალიბებას?

– (იცინის). მე გითხარით, რომ ამ ადამიანებმა დაუშვეს შეცდომა, რა თქმა უნდა შეცდომის აღიარებაც ვაჟკაცის საქმეა, როგორც ჩანს ეს ადამიანები ამ სიწმინისაგან შორს დგანან. ისინი ცდილობენ ამ შეცდომების სხვადასხვა მეთოდებით გაქარწლებას. თუმცა აჭარელი მუსლიმების გამაღიზიანებელი ეპითეტებით შემკობით უარეს შეცდომებს უშვებენ. ბატონმა დავითმა „ტარიელ ბეი“ მიწოდა. ის ამით შეეცადა მისი აზროვნების ქვეტექსტი დაეფიქსირებინა და ეთქვა მუსლიმები „თათრები“ ვართ. ასეთი ცინიკური დამოკიდებულება ჩემი და მთელი ქართველი მუსლიმების შეურაცყოფაა. ამ ადამიანის დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ გასაგებია. ამიტომ არ ჩავთვალე მიზანმმართულად დავსულიყავი მის დომენდე, იგივე ეპითეტით მეპასუხა და მისთვის „დაუდხანი“ მეწოდებინა.  ქართველი მუსლიმების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ზურაბ გორგილაძე ძალიან კარგად და ლამაზად პასუხობს. „ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით, საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები“. მე ვფიქრობ მათ ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას რამდენადაც ვუპასუხებთ უფრო მეტ უარყოფით შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისათვის.

– “მეჩეთი ჩვენი წარსულია, ჩვენი ხაზი მართლმადიდებლობაზე გადის“ ამბობს მწერალთა კავშირის წევრი ვახტანგ ღლონტი. რას ფიქრობთ?

 ბატონი ვახტანგისათვის შეიძლება ეს ასეა. იმიტომ, რომ ის ქრისტიანია. ამიტომ ის ისედაც ვერ დაინახავს მის გარდა სხვას. თუმცა ქართველი მუსლიმითვის ღირებულია მისი წარსული, აწმყოცა და მომავალიც. ჩვენი წინაპრები აშენებდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, საუკუუნეების განმავლობაში იყვნენ ქრისტიანები. მაგრამ მე მხოლოდ ამ წინაპრებით არ ვამაყობ. ჩვენი წარსული მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ჩვენი წარსულია წარმართული ხანაც. ის ქართული ცივილიზაცია, რომელიც ბევრ ერს შეშურდება კიდეც. ჩვენი აწმყო ცნობილია, ჩვენ ქართველი მუსლიმები  ვართ, რაც უფრო მხნეს და სამშობლოს მოსიყვარულეს გვხდის. შესაბამისად, ჩვენი მომავალიც ესაა. ისლამი თავის არსში მორჩილებას, ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს. მის დაცვას ნიშნავს. ქვეყნის მთლიანობასა და ერთიანობას ნიშნავს, გადარჩენას ნიშნავს. ამიტომ ამაყი ვარ, რომ ქართველი მუსლიმები ვართ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი. ეს არაერთხელ დაგვიმტკეცია ქართველ მუსლიმებს. ბატონი ვახტანგის ხედვა არასწორია. ის მხოლოდ საკუთარი შეხედულებით საუბრობს, ის რა თქმა უნდა იტყვის ამას. უბრალოდ მუსლიმი არ არის და ამიტომ.

– ხშირად აპელირებენ, რომ თურქეთს საქართველოდან ყოველწლიურად 3000-ზე  მეტი ახალგაზრდა მიყავს სასწავლებლად თურქეთის უნივერსიტეტებში. რას ფიქრობთ, მართლაც ასეა?

 პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, მის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება კანონისა და კონსტიტუციის დაცვით მიიღოს განათლება სადაც უნდა იქ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დღეს გლობალიზაციის პირობებში ვერ ჩაკეტავ ქვეყანას. საბჭოთა კავშირში კი აღარ ვცხოვრობთ. ამიტომ ქვეყნისათვის, საფრთხე ის კი არ არის, რომ რამდენი ადამინი სწავლობს უცხოეთში, საფრთხე ისაა, რომ შესაბამის პოლიტიკას ვერ ვქმნით, რომელიც დაიცავს სხვადასხვა საფრთხეებისაგან ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება რელიგიური ანუ მხედველობაში მაქვს თეოლოგიის განხრით უცხოეთში სწავლებას. ეს საკითხი მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვიძახით, რომ საქართველოში მოქმედებს 200 მეჩეთი, თუმცა ეს მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მონაცემებია. სინამდვილეში სამასი და უფრო მეტი მეჩეთია საქართველოში. ამ მეჩეთებს ხომ სჭირდება, როგორც მინიმუმ წინამძღვარი, საქართველოში არ არსებობს სასწავლებელი, სადაც შეიძლება ისლამის სრულად ფუნდამენტალურად შესწავლა თეოლოგის დონეზე, რაც მუსლიმ მრევლს აიძულებს ასეთი კადრები მოამზადონ სახვადასხვა მუსლიმურ ქვეყნებში. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და ვამზადებთ შესაბამის ნიადაგს. ვაწვდით რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოში რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნას ისლამის თეოლოგიის ფაკულტეტი, ანდა განხრა, რაც დიდად შეუწყოფს ხელს ამ დარგის სწავლებას. სხვა შემთხვევაში მუსლიმ თემს არ ექნება სხვა ალტრენატივა. მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის სასწავლებელი. ამ საქმეში სახელმწიფო უნდა დაგვიდგეს მხარში და დაგვეხმაროს. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებიდან გაცილებით მეტი მოსწავლე სწავლობს თურქეთში ვიდრე აჭარიდან. მახსენდება 90-იანი წლები, როცა ანკარაში ვწავლობდი, მაშინ საქართველოდან ქ. ანკარაში 600-მდე სტუდენტი პოლიციის აკადემიასა და სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. მათ შორის 8 კაცი ვიყავით აჭარიდან. ამ საკითხით აპელირება არამგონია რაიმე სიკეთის მომტანი იყოს. თუმცა ჩვენთვის გასაგებია რა მიზანსაც ემსახურება ეს აბსურდი. ასეთი მიზანმიმართული და არასწორი დამოკიდებულება უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე სტუდეტების უცხო ქვეყნებში სწავლა. გასულ წელს თურქეთის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურში, საქართველოს მასშტაბით მონაცემებით საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათშორის 4 სტუდენტია აჭარის რეგიონიდან. ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია.

– ერთ-ერთერთმა ტელე არხმა თავის გადაცემაში განაცხადა, რომ თქვენ არ ისურვეთ გადაცემაში მონაწილეობა. რატომ გაურბიხართ ჟურნალისტებს?

– კი იყო ასეთი შემოთავაზება, რომ მიმეღო „ტვ25“-ის გადაცემა თოქ-შოუ „დიალოგში“ მონაწილეობა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით დამიკავშირდა მისი წამყვანი. იმ დროს საქართელოში არ ვიმყოფებოდი და ვთხოვე ეს გადაცემა მეორე დღისათვის გადაეტანა, თუმცა ამაზე უარი მივიღე. იქვე დავძინე, რომ გადაცემაში მონაწილეობას მივიღებდი, მაშინ თუ გადაცემაში ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ ადამიანები, ვინც ჩემს მიმართ სხვადასხვა ეპითეტებს იყენებდნენ, მხედველობაში მქონდა „მწერლები“. ან მონაწილეობას მივიღებდი მარტო და შევძლებდი მუსლიმთა პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა არ ვიცი ამ კითხვას რატომ მისვამთ. ეს გადაცემა არ მინახავს და თუ წამყვანმა ამ გადაცემაში იმ კონტექსტში თქვა, რომ თითქოს ვემალები ჟურნალისტებს, მაშინ ვიტყვი, რომ ყოველთვის მზად ვარ ჩემი აზრი ნებისმიერ დროს დავაფიქსირო. არაფერი დასამალი და მითუმეტეს ჟურნალისტებთან არ მაქვს. ღმერთს მადლობა.

– მწერლები ამბობენ, რომ ტარიელ ნაკაიძემ თავისი განცხადებით ომი გამოუცხადა მწერლებსო. რას ფიქრობთ? რამდენად მომგებიანია მწერლებთან ომი?

 ვინ თქვა ეს?

– დავით თედორაძემ.

– (იცინის) ვფიქრობ კარგად ჩამოვაყალიბე წინა კითხვაში, ჩემი მათდამი დამოკიდებულება. არავისთან საომარი და საჩხუბარი არა მაქვს. მათ მიიღეს ის რეაქცია მუსლიმი ქართველებისაგან, რაც დაიმსახურეს. ალბათ, უფრო პირიქით უნდა ითქვას. ისინი იქცნენ მხარედ და გამოიწვიეს მუსლიმი ქართველები საომრად  თავიანთი დამამცირებელი ჟარგონებით. მაგრამ დამერწმუნეთ ქართველი მუსლიმები გონიერები ვართ და ვერ აღასრულებენ მავანნი ჩვენს დამოკიდებულებების შეცვლას, ქრისტიანი და სხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანების მიმართ. აჭარა მსოფლიოში, ალბათ ერთადერთი კუთხეა, სადაც ოჯახებში ერთდროულად რამდენიმე რელიგიის, ქრიატიანული, მუსლიმანური და სხვა აღმსარებლობის წევრები ცხოვრობენ. მათ არ ექმნებათ დისკომფორტი და ერთმანეთს პატივს სცემენ. მწერლების ასეთი უდიერი დამოკიდებულება კი ამ საკითხისადმი, მოცემულ ამ კარგ ტრადიციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

– ქალაქში სხვადასხვა ორგანიზაციებმა დაიწყეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა. ეს ორგანიზაციები ძირითადად  ეწინააღმდგებიან მეჩეთის მშენებლობას. რა ფიქრობთ, რა ნიშნავს ეს გამოკითხვა თქვენთვის?

– მე არ ვიცნობ გამოკითხვის ტექსტს, სიმართლე გითხრათ, არც კი დავინტერესებულვარ ამ საკითხით. მიმაჩნია, რომ ამ საკითხით დაინტერესებაც დროის ფუჭად ხარჯვაა. ასეთი სახის გამოკითხვა ცალმხრივია და საერთოდ აბსურდულია. მისი ლეგიტიმაცია ვერანაირად ვერ მოხდება უბრალო მიზეზის გამო. საკითხი ეხება მეჩეთის მშენებლობას. რა აზრი  და დამოკიდებულება აქვს არამუსლიმს ამ საკითხის მიმართ, არანაირი ღირებულების მატარებელი არ არის. ხულოს რაიონში, როცა ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, ჩემთვის, რომ ასეთი კითხვით მოემართად ალბათ, წონასწორობას დავკარკავდი და საკადრის პასუხს ცოტა სხვანაირად, უფრო მკაცრი ფორმით გავცემდი. თუ მკითხავთ რატომ, გიპასუხებთ. ხულოში თუ არსებობს ადგილობრივი ქრისტიანი მრევლის ჯგუფი, რატომ არ უნდა აშენბულიყო ეკლესია? ეს საკითხი არ იქნება ჩემი, როგორც მუსლიმის გადასაწყვეტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ხულოში გარანდიოზული ეკლესია აიგო, იმ ადგილზე სადაც განთავსებული იყო ისტორიული შენობა-ნაგებობა კინო-თეატრი. დაანგრიეს ეს მნიშვნელოვანი  კულტურის ძეგლი და მის ადგილზე ააშენეს ეკლესია. მიუხედავად ამისა არც ერთ მუსლიმს უარყოფითი დამოკიდებულება არ დაუფიქსირებია. იგივე სიტუაცია იქნება ბათუმშიც, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მართლადიდებელი ქრისტიანიც არ მიიღებს ასეთ უაზრო გამოკითხვაში მონაწილეობას. სხვათა შორის ხმები მოდის ჩვენამდეც, რომ ძალიან ბევრ ქრისტიანს გამოუგდია სახლიდან, როცა ასეთი კითხვარით მისდგომიან. 

საკითხი არა მარტო ზემოთქმულიდან გამომდინარეა არამიზანშეწონილი, არამედ სხვა მხრივადაც დასაფიქრებელია. განსაკუთრებით, ვინც ამ გამოკითხვების ავტორები არიან ხშირად ტელევიზიითა თუ სხვა მედია საშუალებებით ასევე პირად საუბრებში აფიქსირებენ აზრს, „მეჩეთის მშენებლობა არის თურქეთის ინტერესი და თუ დღეს ბათუმში მეჩეთი აშენდება ეს ავტომატურად ნიშვანს რამდენიმე წელიწადში აჭარის თურქეთზე გადაცემასო“. ამ ფონზე მიდიხარ და ეკითხები ბათუმელს „თანახმა ხარ მეჩეთი აშენდეს თუ არა?“. ანუ რას ვეკითხებით ამ ხალხს, „თანახმა ხარ აჭარა გადაეცეს თურქეთს თუ არა?“  (თუმცა არ მიმაჩნია თურქეთს სურდეს თავის იურისდიქციაში მოაქციოს აჭარა და დაიმატოს კიდევ ზედმეტი პრობლემა, დღეს დიდი ქვეყნები ასეთი მეთოდებით აღარ მუშაობენ, არც ინტერესების განმახორციელებელი იდეოლოგია არის რელიგია. დღეს ყველაფერის წამყვანია ეკონომიკა) ამ გამოკითხვის საფუძველშივე დიდი შეცდომაა დაშვებული. ამიტომ ასეთი გამოკითხვის ნებისმიერი შედეგი აჭარისთვის, ბათუმელისთვის ჩემი აზრით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია. ვფიქრობ აჭარის ინტელიგენციამ უნდა გაიაზროს ეს და არ დაუშვას მსგავსი გამოკითხვა. სამწუხაროდ მათი ნაწილიც ჩართულია ამ აბსურდში.

– ბოლოს მინდა გკითხოთ. აშენდება თუ არა მეჩეთი და სად აშენდება?

– ჩვენ წლებია ვამზადებთ ნიადაგს, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დაგვეყენებია. ეს შევძელით და დღეს ამაზე მიდის აქტიური მსჯელობა. სახელმწიფოს მიდგომა საკითხისადმი არის სწორი და სამართლებრივი. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებია საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ამის აუცილებლობა არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც აქტიურობენ მეჩეთის წინაარმდეგ არანაირი საფუძველი არ აქვთ. ჩვენ შეგვიძლია მოთმენა. წმინდა მუჰამმედ შუამავალი გვასწავლის რომ,-„ვინც მოითმენს ის მოიგებსო“. ამიტომ ჩვენ ვითმენთ. ეტაპობრივად მივყვებით ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ უფლებას. სინდისის რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ბერკეტებს და საბოლოოდ დარწმუნებული ვართ ბათუმში ჩვენთვის სასურველ ადგილზე ჩვენთვის სასურველ მეჩეთს ავაგებთ. ასევე გვაქვს იმედი ჩვენი მართლმადიდებლი ქართველი ძმების გონიერებისა და მხარდაჭერისა, ჩვენს ამ კეთილ და წმინდა საქმეში. აქვე ჩვენი ინიციატივაა ჩვენს ქართველ ქრისტიან ძმებთან, მათ შორის სასულიერო პირებთან ერთად შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ბათუმში, ქართველი მუსლიმებისათვის საჭირო მეჩეთის ადგილის შერჩევისა და მშენებლობისათვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთად დგომა უკეთ გამოადგება საქართველოს ერთიანობას, გამთლიანებასა და განვითარებას. თავიდან აგვაცილებს უცხო ქვეყნების ინტერესის სფეროში მოქცევასა და შევქმნით სათანადო პოლიტიკურ ბერკეტებს, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

islam.ge/31/03/2013