• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ბუნების საოცრებანი (ღმერთის საოცრებანი)

 არსებობისათვის ბრძოლა ცხოველთა სამყაროს ორ ბანაკად ყოფს: აგრესორებად და თავდამცველებად. როცა მტაცებელთა ეშვები, ბრჭყალები, ნისკარტი და შხამიანი კბილები გვახსენდება ეჭვი გვეპარება როგორ უნდა დააღწიონ თავი მრისხანე იარაღის მთელ ამ არსენალს სუსტმა არსებებმა, მაგრამ წონასწორობა ბუნებაში არასოდეს არ ირღვევა: თავდასხმის რამდენი ხერხიც არსებობს თავდაცვის საშუალებაც იმდენივეა. ბალახის მჭამელ გიგანტთა ტრიუმვირატი – სპილო, მარტორქა, ბეჰემოთი  მტაცებელთა მხრივ ხელშეუხებელი არიან. სხვები – ხარი, გარეული კამეჩი, ჟირაფი და ზოგიერთი სხვა აგრესიას აგრესიითვე უპასუხებენ. ძლიერ სხეულთან ერთად მათ აქვთ თავდაცვის სოლიდარული იარაღი – რქა, ეშვი, კიდურები… მაგრამ ბუნებაში გაცილებით მეტია ისეთი ცხოველები,რომელთაც თავდაცვის ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი კლასია. საინტერესოა ხიფათითა და ფათერაკებით აღსავსე ბუნებაში რა ხერხებს იყენებენ ეს უკანასკნელი თავდასაცავად?

 თავდაცვის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მიმიკრია. მიმიკრია საგნებთან შეხამების გზით ორგანიზმის თავდაცვის საშუალებაა. მიმიკრიის მაგალითებს ვხვდებით განვითარების სრულიად სხვადასხვა საფეხურზე. ბუნებაში უმთავრესად მფარველობითი და გამაფრთხილებელი მიმიკრიაა გავრცელებული.

აი, მიაბიჯებ შემოდგომის ტყეში, უცბად მაჟალოს თითქოს ქარმა დაჰბერაო, ფოთოლი მოსწყდა ფარფატით მიწაზე დაეშვა და…შირხა . თითქოსდა  მართლაც ფოთოლია, მაგრამ თუ უკეთ დავაკვირდებით მივხვდებით, მიწაზე ფოთოლი კი არა პეპელა–შემოდგომის მზომელა დაეშვა. იგი მთელი ცხოვრება ემსგავსება მცენარეს: მატლი ტოტსა ჰგავს, ჭუპრი–გაზაფხულის ნორჩ ფოთოლს, პეპელა – შემოდგომისას! ჩვენში ბევრ მსგავსს იმიტატორს შეხვდებით, მაგრამ კამუფლაჟის ჭეშმარიტი დიდოსტატი მაინც ინდოეთის ბინადარი პეპელა კალომაა. პეპლის ქვედა ფრთები კაშკაშაა და მდიდრული მაქმანებით არის მორთული, ზედას–გამხმარი ფოთლის სახე აქვს და განსაცვიფრებლად იმეორებს მის სურათს. საკმარისია პეპელამ მოისურვოს მდიდრული სამოსით ‘’გულისსწორისათვის’’ თავის მოწონება, რომ ნაირგვარი ფერებით გასხივოსნებული კალმიას ფრთებიც მარაოსებრივად გადაიშლება. გამოჩნდება მტერი და ფრთებიც იკეცება–ხატულა პეპლის მაგივრად გდია არავისთვის საჭირო გამხმარი ფოთოლი. უსაფრთხოების გაძლიერბის მიზნით კალიმა სრულყოფილად იმეორებს გამხმარ ფოთლებზე განვითარებული ობის სოკოს ფორმასა და ფერებსაც. ფოტოპათოლოგებმა დაადგინეს კიდეც, თუ რომელი სოკო არის გამოსახული პეპლის ფრთებზე. ფოთლისადმი მსგავსება რომ გააძლიეროს, კალიმას ეშმაკობა პირდაპირ ვირტუოზობას აღწევს: ხის შტამბზე დასვენებისას, აქაოდა, ქარი უბერავსო, გვერდიდან გვერდზე რიტმულად ქანაობს.

იმიტაციაც არის და იმიტაციაც, მაგრამ მეცნიერთა, ისიც მცენარეთა ტროპიკულ ყვავილებს რომ მიბაძო, ეს უკვე ნამდვილი ხელოვნებაა! ამიტომ მას ერთეულები, სახელდობრ, ტროპიკული ჩოქელები დაეუფლნენ.

დასახელებული და ტროპიკებში მობინადრე სხვა მწერები იმდენად მოხერხებულად ემსგავსებიან მცენარეთა ფოთლებს, ტოტებს, ეკლებს და სხვა ნაწილებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სწამს, რომ ისინი მცენარეების კვირტებსა და ფოთლებისაგან წარმოიშვნენ. ჩვენში გავრცელებული ღამის პეპლები–მზომელები, ფარავნები,ფოთლდამხვევები საოცრად ემსგავსებიან ხეთა ქერქს და ასეთი გზით უჩინარნი ხდებიან.

გარდა მფარველობითისა, როგორც ითქვა, ბუნებაში გამაფრთხილებელი შეფერილობაც არსებობს. იგივე მწერები თავდაცვის მიზნით ხშირად ემსგავსებიან საშიშ ცხოველებს–ნადირს, ფრინველს, ქვეწარმავალს და ა.შ. გალაპაგოსის პეპელა –  სფინქსის მატლი ხის სრული ორეულია: სხეული ქერცლით აქვს დაფარული, მკერდი წყვილი ლაქით – ცრუ თვალით. გაღიზიანებული სხეულის გაბერვითა და ტანის აქეთ–იქეთ მოძრაობით ზუსტად ასრულებს თავდასხმისათვის მომზადებული გველის როლს. საინტერესოა რომ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქვეწარმავალი არ გვხვდება, პეპელაც არ ბინადრობს. სამხრეთ ამერიკაში ერთ – ერთი სახეობის ციკადის თავი ძალიან წააგავს ადგილობრივი ნიანგის თავს. მსგავსება იმდენად რეალურია, რომ ადგილობრივი ინდოელები  ამ მწერს ‘’ ალიგატორს უწოდებენ’’.

შესანიშნავ ფსიქოლოგიურ ეფექტს ქმნის ასევე დიდი შემანიშნებელი თვალების გამოჩენა. ასეთი ცრუ თვალები აქვს ბევრ პეპელას, ხოჭოს, ჩოქელას და ა. შ. ზის ხეზე გარემოსთან უზადოდ შეხამებული პეპელ – იმიტატორი, მაგრამ თუ ესეც არ შეიქმნა საკმარისი და შეაწუხეს, იგი ასწევს ზედა ფრთებს და მიაშუქებს ქველაზე გამოხატულ საშინელ, მაფრთხობელა თვალებს. დიდი თვალები ხომ დიდ ცხოველს ან ფრინველს, მაგალითად, ბუს უნდა ეკუთვნოდეს. და ‘’თვალიც’’ ხშირად ასრულებს თავის მოვალეობას.

მიბაძვა ზოგჯერ იმდენად შორს მიდის, რომ მწერთა ერთი ნაწილის გარეგნობა მთლიანად შეეცვალა და თავის თავს აღარ ჰგავს. სახელდობრ, ზოგიერთ ბუს ნესტრის მქონე ფუტკრისაგან ვერ გაანსხვავებ, ობობას – ჭიანჭველისგან.

ბუნების ფანტაზია ამოუწურავია, ვხვდებით შემთხვევითობასაც. ამიტომ, მიმიკრიაზე მსჯელობისას, ყველგან და ყველაფერში ბიოლოგიური მიზანშეწონილობის ძებნა აბსურდი იქნებოდა. მოვიყვანოთ შემთხვევით მსგავსების რამდენიმე მაგალითი:

პეპელა – სფინქსს ‘’მკვდარ თავს’’ – ზურგზე აქვს ადამიანის თავის ქალისა გადაჯვარიდინებული ძვლებისაგან გამოხატული ზუსტი ნახატი (ამ პეპლის მდიდარი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდში); ფლორიდაში ბინადრობს ობობა ციკლოსმია ზურგზე გამოხატული მკაცრი გამომეტყველების  ადამიანს სახიანი ფარით. ინდოელთა ნაწილი თვლის, რომ ეს ინდიელთა ერთ – ერთი ტომის ბელადის მუმფიცირებული სახეა, სარკეში მასში აცტეკების შექმნილი მზის სიმბოლურ გამოხატულებას ხედავენ. იაპონური ცხრაფეხა კიბორჩხალა – დორიაე თავის ჯავშანზე სამურაების პორტრეტს ატარებს, იაპონური თევზის – სალანქსის თავზე აღბეჭდილია ტოკუგავას კლანის გერბი, თევზის არიუს პრუუსის ფორმა და მით უმეტეს პოზა, მთლიანად იმეორებს ჯვარცმულ ქრისტეს. მაგრამ ,,გამომგონებლის’’ ყველა რეკორდი, რა თქმა უნდა, ქაცვთა თევზმა ჰოლაკანიუსმა მოხსნა, რომლის კუდზედაც ძველ არაბულ ენაზე შეიძლება წაიკითხოთ ორი დაფიცება: ‘’ლა ილლა ილ ალლა’’ ( არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა) და ,,შანი ალაჰ’’(გეშინოდეს ალლაჰის).

ყველა ეს ფაქტი გაფანტულია მსოფლიოს სათანადო ლიტერატურაში. ისინი მოყვანილი აქვთ ცნობილ მეცნიერებს – მიმიკრიის აღიარებულ სპეციალისტებს: კოტს, ფენინგერს, კარპენტერს, ნატურალისტ, უსპენსკაისა და სხვებს.

მაშ, ვის აშინებს სფინქსი ‘’მკვდარი თავი’’, ანდა ობობა ციკლოსმია? ბუნებისმეტყველები ამაზე პასუხს ვერ გვცემენ , ისე კი გეტყვიან, რომ ყველაზე დამაჯერებელია თვით ამ ცხოველთა არსებობის აღიარება თავიანთ ექსტრავაგანტური წარწერებით, ნახატებითა თუ პოზებით. ეს არგუმენტი კი სადავო ნამდვილად არ არის.

 ავტორი: არნოლდ გეგეჭკორი. 29 წლის წინ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში ,,ბუნების კარის’’ გადაცემის ხელმძღვანელად. ამ წერილს  კი   აქვეყნებს  1981წ. გაზეთ ,,კომუნისტში’’

ეს წერილი მოიძია და ტექსტი უცვლელედ გადმოიტანა
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მცხოვრებმა, ბიბლიოთეკარმა ფრიდონ აბაშიძემ.