თბილისის ჯუმა მეჩეთი
თბილისი ჯუმა მეჩეთი თბილისში ნარიყალას ძირში, მდებარე ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს. ის ერთადერთი დღეისთვის საქართველოს დედაქალაქში შემორჩენილი მუსლიმური ისტორიული სალოცავია. მუსლიმი მოსახლეობა თბილისში არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან, გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. სხვადასხვა ვერსიით თბილიში ამ პერიოდისთვის 10-მდე მეჩეთი მოქმედებდა. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შაჰ-ისმაილის შიიტური მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა ააშენა 1522-1524 წლებში. ის დაანგრიეს 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს.
1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1727 წელს, ქართველი მუსლიმი მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრე არ დაუნიშნეს და ამიტომ ქართლში მეფობა გაუქმდა. ქართლის გამგებლად ისჰაკ-ფაშა დანიშნეს. 1740-იან წლებში მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-1851 წლებში, ის აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს, 1895 წელს ბაქოელმა მილიონერმა და მეცენატმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა მეჩეთი მთლიანად შეაკეთა, რამაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი საგრძნობლად შეცვალა.
აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. გრძივ კედლებზე შიესრულ თაღოვანი სარკმელებია. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული, რომელიც შორიდანვე იქცევს ყურადღებას და სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღიქმება. დედაქალაქის ძველ უბანში დგას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, უგუმბათო, პატარა მინარეთიანი მეჩეთი, რომელსაც ჯუმა მეჩეთი ეწოდება. შენობას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან და უკავშირდება ჰოლს. შიდა სამლოცველო დარბაზი ორ ნაწილად იყოფა, სუნიტურ და შიიტურ სექტორებად, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს თბილისის შიიტური მეჩეთის დაშლის შემდეგ ამ სამლოცველოში განლაგებულა. სამლოცველო დარბაზი დღეს ერთობლივ სივრცედ არის ქცეული და მისი ფართობია 252 კვადრატული მეტრი. აქიდან 118 შიიტურ სივრცის, ხოლო 122 კვადრატული მეტრი სუნიტური სექტორისაა. სართულის სიმაღლე 7,12 მეტრია. მეჩეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე 4-4 ფანჯარაა. ორივე სექტორს დამოუკიდებელი მიჰრაბი და მიმბარი აქვს განკუთვნილი. ქალთა სამლოცველო შემოსასვლელი ჰოლის მეორე სართულზეა მოწყობილი. მეჩეთი მოქმედია და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი