ღაღაიშვილების მეჩეთი
ღაღაიშვილების მეჩეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ღაღაშვილებად წოდებულ უბანში მდებარეობს. ქალაქ ქობულეთიდან დაახლოებით ათ კილომეტრში. ზღვის დონიდან 90 მეტრ სიმაღლეზე. მეჩეთი შემაღლებულ გორაკზე დგას, საიდანაც კოლხეთის დაბლობის სამხრეთ ნაწილის ვრცელი ტერიტორიები და შავი ზღვა მოსჩანს.
ღაღაიშვილების მეჩეთი აჭარის ძველ მეჩეთებს შორის ერთერთი უძველესია. იგი 1828 – 1836 წლებშია აგებული.
მეჩეთი ხის ორსართულიან კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს. იგი ფლეთილი ქვისგან შექმნილ დაბალ ფუნდამენტზე დგას. საშენ მასალად ადგილობრივ ტყეებში მოჭრილი წაბლის მასალაა გამოყენებული.
მეჩეთში შესვლა სვეტებზე მდგარი ღია ვერანდიდანაა შესაძლებელი , რომელიც ორფერდა სახურავითაა დახურული. სვეტები დეკორირებულია.
შიგა სივრცეს ჰოლი წარმოადგენს, საიდანაც სამლოცველო დარბაზში და მეორე სართულის აივანზე მოხვედრაა შესაძლებელი. აივანი ხის დაბალი მოაჯირებითაა შემოსაზღვრული და სამლოცველო დარბაზს სამი მხრიდან აქვს შემოვლებული. ინტერიერი, აივნის მოაჯირები და სამლოცველო დარბაზის ჭერი ხის კვეთილი ჩუქურთმებითაა მორთული.
საბჭოთა პერიოდში ღაღაიშვილების მეჩეთი დაფნის ფოთლის შესანახ საწყობად იყო გამოყენებული. დღეისათვის მეჩეთი რესტავრაციას საჭიროებს. გამაგრება სჭირდება კვეთი ჩუქურთმებსაც, რომლებიც ალაგალაგ ჩამოცვენილია და თანდათან იკარგება.
ამ ჯამეს დაახლოებით 200 წლის ისტორია აქვს. იგი აუშენებია არხავიდან მოსულ ლაზ ოსტატს, რომელსაც მთელი სოფელი ეხმარებოდა თურმე. კომუნისტების დროს საწყობად იყენებდნე აქაურობას, ძირიტადად დაფნის ფოთოლს ინახავდნენ. კომუნისტური წყობის დასრულების შემდეგ 90-იანების დასაწყისში კი კვლავ გახსნეს ჯამე. მაშინ მრევლიც საკმაოდ ყოფილა. გახსნის ინიციატორი ადგილობრივი მცხოვრები, მორწმუნე ნოდარ ჯაფარიძე იყო.