გოდერძის მეჩეთი
გოდერძის მეჩეთი მდებრეობს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის -ძინძისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
სოფელი სამ უბნად იყოფოდა. შუა უბნის შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია მეჩეთი. 1944 წელს სოფელ გოდერძის მცხოვრებლები შუა აზიაში გადაასახლეს. ამის შემდეგ იგი ნასოფლარადაა ქცეული.
გოდერძის მეჩეთის გეგმა მართკუთხაა. მისი სიგრძე რვა, სიგანე კი 6 მეტრამდეა. დგას ძალიან დაბალ. მიწაში ჩასმულ, ფლეთილი ქვებით მოწყობილ საძირკველზე. ნაგებია რიყის და კლდის ნაშალი ქვებით. ჩრდილოეთის მხარეს ფასადი შემოსილია თლილი ქვის პერანგით. შესასვლელი კი კარგად არის დეკორირებული ქვის თაღოვანი არშიით.
ნაგებობა ორ სართულიანი იყო. გარდა ჩრდილოეთ მხარისა, ყველა მხარეს პირველი სართულის დონეზე შემოუყვება წყვილი თაღოვანი განიერი სარკმელები, მეორე სართულის დონეზე კი მომცრო მართკუთხა სარკმელები.
შენობის შიგნით კედლებში შემორჩენია ფოსოები სართულშორისი კოჭებისათვის. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მეჩეთს ჰქონდა შიდა აივანი. სამხრეთის კედელში შემორჩენილია შეისრული მიჰრაბი. მას ირგვლივ დეკორატიული არშიაა აქვს შემორჩენილი, რომელიც მოხატულია მცენარეული ორნამენტებით. მეჩეთი შიგნით ბათქაშით ყოფილა დაფარული. ალაგალაგ ჩანს საღებავის კვალიც. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია წარწერაც, რომელიც მიუთითებს რომ მეჩეთი 1940 წელს აიგო. მეჩეთის აღმოსავლეთ მხარეს შეინიშნება საძირკვლის კვალი, რომელიც შესაძლოა დამხმარე ნაგებობის ნაშთი იყოს.