უზუნთალას მეჩეთი
უზუნთალას მეჩეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთლაში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 370 მეტრს სიმაღლეზეა და მდინარე კაბალის პირას გაშენებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 1800 მდე ადამიანი ცხოვრობს.
უზუნთალას მეჩეთი კვადრატული ფორმის, დაბალ ფუნდამენტზე მდგარი, ერთსართულიანი შენობაა. მისი მშენებლობა ადგილობრივთა ძალისხმევით 1994 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა.
მეჩეთს ვრცელი ეზო აკრავს გარს. მარკვენა მხარეს კი მინარეთი დგას. ფასადს მთელ სიგრძეზე ტერასა გასდევს საიდანაც სამლოცველო დარბაზში შესვლა შეიძლება. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი 200 კვადრატამდეა. დარბაზში ექვსი ბეტონის სვეტი დგას, რომლებსაც შენობის სახურავი ეყრდნობა. ჭერის სიმაღლეა დაახლოებით 2 მეტრ ნახევარი. სამხრეთის კედლის შუაში შეისრულთაღიანი მიჰრაბია ჩასმული. მეჩეთში არ არის მიმბარი, მის ნაცვლად გამოყენებულია ტრიბუნა.