30დეკ
მუხრან აბაშიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ,,ქება–დიდება შემოქმედთა შემოქმედს, მწყალობელთა მწყალობელ დიდ ალლაჰს. მისი მადლი და მშვიდობა ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენს შუამავალს, ყველაზე წმინდასა და სამაგალითოს დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე.’’ სამშობლო ის მადლიანი ადგილია, სადაც უფლის ნებით მამულიშვილი იბადება, იზრდება და ცნობიერი რწმენით იწყებს დიდსულოვან მოღვაწეობას. სამშობლო ამ მამულიშვილთა სასიყვარულო ბაღია, სადაც სტუმართმოყვარეობაშიც ებაძებიან ერთმანეთს ღვთისაგან ნაბოძები ამ ნიჭით; სადაც ერთად ყოფნით ხარობენ და თავი სამოთხეში ჰგონიათ ამ სიხარულით; სადაც სიყვარულებს თესავენ, რათა მათ ბაღში სიკეთეთა ნერგებმა გაიხარონ, გაიზარდონ და სამოთხიურ ყვავილებად გაიშალონ ამქვეყნად და მარადისობაში. ადამიანთა სამშობლოს ღმერთი ირჩევს. ის გადაწყვეტს, თუ სად დავიბადოთ და როდის; ის გვიბოძებს ცნობიერებას, გრძნობიერებას თუ ყველა სიკეთეს; ის გამოგვარჩევს ჩვენ სხვა არსებათაგან საუკეთესოებად, რათა მისი ნებით მას ვემსახუროთ, რომ დავიმსახუროთ ჩვენი თავისუფლება. სარწმუნოება – უდიდესი წყალობაა, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს – ქართველს თუ სხვა ერისას. საბედნიეროდ იგი ჯილდოც არის და მისიაც. რომ არ ყოფილიყო მისია, – ვერ იქნებოდა მაღალი ჯილდო, იმხელა, როგორიც არის, რამეთუ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს გზა ადამიანისა, მისი ცნობიერებით ამოვიდეს წყვდიადიდან, მიიღოს ნათელი საჩუქარი და მადლიერება გამოხატოს ამ საჩუქრებისთვის. უყვარდეს გამჩენელი, უყვარდეს გაჩენილი. ის დამოუკიდებლად მიისწრაფვის ღმერთის კმაყოფილების მოსაპოვებლად ისევ თავისთვის, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ადამიანურობა და მოიპოვოს სასუფეველი, – საკუთარი შრომით მომკილი ნაყოფი ხომ ყველაზე ტკბილია. ღმერთს თვითონ დაუყვია ადამიანები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: ერი, სქესი, რასა, სოციალური მდგომარეობა და სხვა. ეს იმიტომ, რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთის სიკეთეებს, საჭიროებდნენ ერთმანეთის დახმარებას, რათა არ დაშორდნენ და არ გაუცხოვდნენ. აბა წარმოვიდგინოთ, ყველა რომ მდიდარი ყოფილიყო, ადამიანები დაივიწყებდნენ ერთმანეთს, დაკარგავდნენ პატივისცემის, სიკეთის, სამართლიანობის და ყველა იმ ადამიანურ გრძნობას, რითაც საუკეთესოდ გამოირჩნენ სხვა არსებათაგან. ამდენად, მდიდარი მდიდარია იმიტომ, რომ შეეშველოს ღარიბს, რათა სულიერადაც მდიდარი იყოს, ხოლო ღარიბმა უნდა მოითმინოს სიდუხჭირე, რომ არ გაღარიბდეს სულიერად, – ეს ხომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი სიმდიდრეა. ერებიც, ქმნიან რა საკუთარ კულტურას, – ეცნობიან ერთმანეთისას და ასე იზრდებიან კაცობრიობის სიყვარულში. წმინდა ყურანშიც ხომ ასეა ნაბრძანებია: ,,ჰოი, ხალხნო! ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან გაგაჩინეთ და ერებად და ოჯახებად გქმენით, რათა გაგეცნოთ ერთმანეთი. უეჭველად ,თქვენგან ალლაჰის წინაშე ყველაზე უფრო მეტი ჯილდოს მქონე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია’’. გამომდინარე აქედან, ყველა ერს თანაბარი უფლება აქვს სულიერი კულტურის შექმნაში, მათ არ გააჩნიათ ურთიერთუპირატესობა ამ თვალსაზრისით. ალლაჰის წყალობა და სამართლიანობა უვრცესი და საყოველთაოა (ღმერთი ყველგან ერთია – დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, მთაშიცა და ბარშიც, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ). ის ნაბოძებია ყველაზე, განურჩევლად ერისა და ყველაფრისა. ალლაჰის ნებით გამოგზავნილი ყველა შუამავალი სწორედ ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა და იგივეს ასწავლიდა თავის მიმდევარსაც. ჩვენმა შუამავალმა (ღმერთის მადლი და მშვიდობა მას) კი ბოლო რგოლით შეკრა წყალობათა უსასრულო ჯაჭვი, რომელსაც ისლამი ეწოდება. რთულია მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობების იმ სიმაღლეს, რომელიც ჭეშმარიტ მორწმუნეებს ეკადრებათ, თუმცა ვინც გულით მოინდომებს, ღვთის წყალობით გაუმარტივდება ამის თვითშეგნება და არა მარტო. მაგრამ როცა ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს, მისწვდეს აღნიშნულს, – ამას უზენაესის სიტყვები და შუამავალთა ნამოქმედარი უადვილებს. სწორედ ესაა სარწმუნოება: კიბე, რომელიც აღმართულია ჩვენი გულებიდან ღვთის წყალობათა უსასრულობამდე; ხიდი, რომლითაც ,,მართალ სამართალთან’’ გადავდივართ; გზა, რომელსაც წინ და მაღლა მივყავართ; – განუზომელი სიყვარული განურჩევლად ყველაფრისა… ადამიანები ქმნიან ოჯახს, ოჯახები ერს, ერები – კაცობრიობას. განვითარების ყოველ საფეხურზე ისინი ხელმძღვანელობენ გამჩენელის მოწოდებებით, უზუსტესი დარიგებებით, რომელიც მიმართულია სწორედ მათი კეთილდღეობისკენ – ჩვენი ყველა სიკეთის არსებობა ხომ ერთადერთის ნებაა… ზემოთქმულ მოწოდებებზე ცნობიერი მორჩილებით, მორწმუნე მუსლიმები, ცხოვრობენ რა მრავალფეროვან სამყაროში, თანაარსებობენ ერთმანეთის ძალისხმევით: არათანაბარი შესაძლებლობებით ისინი მიილტვიან თანასწორი ცხოვრებისკენ; მდიდარი ეხმარება ღარიბს, ძლიერი სუსტს, სწავლული უსწავლელს, რათა შეიქმნას ბედნიერი საზოგადოება, რომლის წევრებიც დაამშვენებენ თავთავიანთ სამშობლოებს და გაბრწყინდება დედამიწა. ჩვენ ღრმად გვწამს იმისა, რომ ყველაფერი, რაც შემოქმედმა შექმნა, უდავოდ საუკეთესოა. კითხვაზე – რატომ შექმნა ასე და არა სხვაგვარად? პასუხი ცალსახაა – იმიტომ, რომ ასეა საუკეთესო: რატომ არსებობს სიღარიბე? – იმიტომ, რომ სიკეთისა და მოთმინების გრძნობებმა იარსებონ; რატომ არსებობს სიკვდილი? – იმიტომ, რომ არ გავზარმაცდეთ და დამოუკიდებლად ვიშრომოთ ორივე ქვეყნისათვის ამქვეყნად; რატომ გვებოძა სამშობლო? – ძალზე ვრცელია საპასუხო წყალობები: მორწმუნე მამულიშვილები ითვისებენ ერთმანეთის სიკეთეებს, იზრდებიან სიყვარულში, ცოდნაში, ზრდილობაში. სტკივათ საერთო ტკივილი და ხარობენ საერთო სიხარულით. იცავენ ერთმანეთს და დაცული არიან თვითონ. იხსენებენ წინაპართა მონაპოვარს, რაც ძალას მატებთ ნათელი მომავლისკენ ლტოლვაში. ასე ქმნიან კულტურას, ხელოვნებას, ლიტერატურას. ეს ყოველივე ერის შვილების სულებს აკავშირებს ერთმანეთთან, მოკავშირენი კი უფრო იოლად მიიწევენ წინ დახლართულ გზაზე და ბრუნდებიან ბუნების მშვენიერებაში, რათა ისევ გაეშურონ სამშობლოს გულისგულისაკენ. ასე უსასრულოა სასურველი მოგზაურობა. და მაინც, სამწუხაროდ ხშირია დაპირისპირება და ომები ერებსა და ღვთიურ წიგნბოძებულთა შორის, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენგან მომდინარეობს. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა კაცობრიობის ისტორია სამშობლოსა და სარწმუნოების გარეშე, იქნებოდა თუ არა დაპირისპირება და ომები იმაზე მეტი, ვიდრე მათი მიზეზით წარმოიშვა? – რათქმაუნდა იქნებოდა და უფრო მეტიც, ამ მწვერვალების გარეშე ადამიანი დაკარგავდა ყველა ადამიანურ სიმაღლეს, რამეთუ მათ მიუხედავად კარგავს უამრავი; ე.ი. წყალობათა მრავალფეროვნება ჩვენს გადარჩენას ემსახურებოდა მხოლოდ, ღმერთს სწორედ ეს სურდა, ომი და ქაოსი კი მხოლოდ ადამიანთა დანაშაულია. საბედნიეროდ, ორივე – რწმენაცა და სამშობლოც, ალლაჰის სურვილით ამოიზარდა ჩვენში უმაღლეს მწვერვალებად. ჩვენი ქართველობაც ღმერთის ნება იყო და მუსლიმობაც. ვინც გვეტყვის, რომ თქვენ არა ხართ ქართველები, რადგან მუსლიმები ხართ, ან, არა ხართ მუსლიმები, რადგან ქართველები ხართო, ის წინ აღუდგება ღვთის ნებას, რითაც ,,საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ’’. ღვთის გულისათვის, ერთს უნდა ვემსახუროთ მეორისთვის და მეორეს პირველისთვის, ორივემ ერთად კი ჩვენი გულებიდან გაიბრწყინოს ნეტარების სხივებად. ამასთანავე, მსახურებაში, არ უნდა გადავაჭარბოთ იმ დონემდე, რომ ვავნოთ რომელიმეს: ვემსახუროთ სამშობლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავაღორძინოთ იგი და გავძლიერდეთ რწმენაშიც; და ვემსახუროთ რწმენას, გულისხმობს, რომ განვიმტკიცოთ იგი და ვიღვაწოთ მამულისთვისაც. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, ვინაიდან ღმერთის ნებაა ასეთი. დაე, ამქვეყნიურ სამშობლოში ისეთი სტუმრები ვყოფილიყავით, რომ იმქვეყნიურ სამშობლოში, სამოთხეში, მარადიული მასპინძლობა მოგვეპოვებინოს ჩვენ, მოკვდავთ, მაგრამ ადამიანებს.