• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

უზენაესის ცნება ,,ვეფხისტყაოსანში’’

ქართველი გენიოსი შოთა რუსთაველი უკანასკნელ დრომდე უმთავრესად საქართველოში იყო ცნობილი, ახლა კი მისი სახელი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და საკაცობრიობო გენიოსთა ოჯახს მიეკუთვნა.

გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსთაველი, ХІІ საუკუნის ქრისტიანული სახელმწიფოს მგოსანი, უსათუოდ წარჩინებულთა გვარის შვილი, მღერის უკვდავ საგალობელს და ქრისტიანულ ღმერთს არ უგალობს.

ყოველი ქრისტიანული აზრისა და შემოქმედების იმდროინდელი გვირგვინი – ღმერთი სამპიროვანი და ერთარსებიანი, ქრისტიანული მესიანიზმი, ღმერთი კაცად ქცეული არსად არ გვხვდება რუსთაველთან, არსად არავითარი პატივისცემით არ არის მოხსენებული არც მაჰმადიანური ღმერთი, თუმცა პოემის მხატვრული რეალობის თანახმად, რუსთაველს სჭირდება სცენაზე უზენაესი – ღმერთი…

რუსთაველის ათეისტობაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს მოწაფური ვარჯიში იქნება და არა მეცნიერული აზროვნება. რუსთაველის განახლება და ევოლუცია, მისი ჰუმანიზმი, სიბრძნე, ღმერთებით არ გაკეთდებოდა, ამიტომ ღმერთის ძიებაში რუსთაველი განახლების გზას დაადგა. მან ქრისტიანული ოფიციალური დოგმის დაძლევით ღვთაების ცნებაც ახალი წამოაყენა.

რუსთაველის ფილოლოგიის შემქმნელმა აკად. ნიკო მარმა პირველად მიუთითა რუსთაველის შემოქმედების ანტიქრისტიანულსა და ანტიეკლესიურ ბუნებაზე. მან სამართლიანად აღნიშნა შოთას მსოფლგაგების პრინციპულად მონოთეისტური ხასიათი, მაგრამ, სამწუხაროდ, უსამართლოდ გაამაჰმადიანა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ავტორი. ,,ჩვენი საკითხისათვის გადამწყვეტია, – წერს აკადემიკოსი ნიკო მარი, – რომ პოეტმა არცერთ ადგილზე არ უღალატა თავის წარმოდგენას მუსლიმანურ ერთ ღმერთიანობაზე, ესეიგი ,,ერთია ღმერთი და არავის და არავინ არ არის გარეშე მისსა’’. ის კი არა, ეს ასე რჩება იქაც, სადაც თვითონ გამოდის, პოემის მთელ მანძილზე ვერ ვნახულობთ ვერცერთ მითითებას, ვერცერთ დასახელებას სამებისას. არსად არ არის დასახელებული ქრისტიანული წმინდანი, არც ღვთისმშობელი’’.

მეორე განსხვავება უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანია, მაჰმადიანობამ ქრისტიანობა გაწმინდა ბერძნულ ნიადაგზე წარმოშობილი მრავალღმერთიანობისა და ანთროპომორფიზმისაგან. მაჰმადიანობა პრინციპული მონოთეიზმია და თვით მაჰმადი ღმერთის შვილი კი არ არის, არამედ მხოლოდ შუამავალია, ღმერთის ელჩია ამ ქვეყნად მოვლენილი…

ყოველივე ამის გამო ვფიქრობთ, რომ უკვე პოემის დაწერამდე რუსთაველი დიდ კონფლიქტში იმყოფებოდა ქართული ქრისტიანული ეკლესიის იმდროინდელ მოღვაწეებთან, მათზე კარგის თქმას მოერიდა და ცუდის თქმაც არ იკადრა…  ამიტომ იყო, რომ რუსთაველი ქრისტიანობის სრული იგნორირების გზას დაადგა. რას შეეძლო გამოეწვია ეს ანტიქრისტიანული განწყობა რუსთაველისა? ორ რამეს: რუსთაველი ან მიემხრო იმ დროს მოქმედ რომელიმე სექტას, ან რუსთაველს, გონებისა და სიბრძნის, სინათლის განმცდელს – გული გაუტყდა ქრისტიანულ მორალიზმზე და მესიანიზმე.

რუსთაველის მიერ იგნორირება თავისი დროის ქრისტიანობისა, ჩვენი აზრით, გამოწვეულია არაპაგანიზმისაკენ დაბრუნებით, არამედ ქრისტიანობაზე უფრო მაღალი მსოფლმხედველობის გზების ინტუიციური ხედვითა და წინაგზნებით. ცხადია, რუსთაველის მსოფლმხედველობა არ ჩერდება ქრისტიანული კათოლიციზმის სამპიროვან ერთ არსებაზე, რომ რუსთაველი შეგნებულად ეწევა ოფიციალური ქრისტიანობისა და მისი ეკლესიის იგნორირებას, ესეც ანბანური ჭეშმარიტება.

ეკლესიის კლერიკალურმა წრეებმა ХVІІ საუკუნის ბოლომდე დევნა გამოუცხადეს ,,ვეფხისტყაოსანს’’  და მის ავტორს, მას ქრისტიანობის მორალური პრინციპებიდან სდევნიან არა ათეისტობისთვის, არა მაჰმადიანობისათვის, არამედ ,,მრუშობისათვის’’ და სწორედ ამ ფრონტზე გაურღვია ქრისტიანულ ეკლესიას სიმაგრეები…’’

,,რუსთაველი უკომპრომისო მონოთეისტია, იგი ყოველთვის ,,ერთ ღმერთს’’ მიმართავს, არ იცნობს არც მის თანამეუბნე ძეს, არც სამპირს ერთ არსებაში. რუსთაველი პირდაპირ ილაშქრებს ღმერთის დაყოფის წინააღმდეგ. ღმერთი მისთვის არის ,,ერთ არსება ერთისა’’, მეორე მხრივ, პოეტის დახასიათებით, ღმერთი არის ძალა ,,ძალითა მით ძლიერითა’’ შექმნა მან სამყარო’’. არის ამავე დროს სიკეთის სათავე. არაბული ფილოსოფიიდან რუსთაველის დამოუკიდებლობა ყველაზე ნათლად ამავე ღმერთის ცნების მთავარი ნიშნის დახასიათების დროს ჩნდება. ღმერთი, როგორც შემოქმედი ძალა, რუსთაველთან მოცემულია არისტოტელიზმის მიხედვით.

,,ჰე, ღმერთო, ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა’’ ავიცენას ფილოსოფიური დოგმის მხატვრულ გადმოცემას წარმოადგენს და მონოთეიზმის აღიარების გვერდით აქ გამოთქმულია აზრი, რომ ღმერთმა შექმნა ფორმა, სახე ყოველი მატერიისათვის…

სავარაუდოა, არაბული ფილოსოფია და მეცნიერება იყო ის წყარო, რომელმაც მისცა საშუალება რუსთაველს კრიტიკულად შეეხედა ორთოდოქსალური ქრისტიანული კაცადქცეული ღმერთისათვის. არაბული ფილოსოფიის ზეგავლენით წარმოიდგინა პოეტმა უზენაესი არსება კოსმიურ ძალად, ადამიანის სიბრძნისათვის განგებად მოვლენილად. ქრისტიანობის გადამუშავების ნიადაგზე რუსთაველმა შექმნა ახალი ცნება უზენაესი არსებისა ღმერთისა. ორიოდე საუკუნის შემდეგ დასავლურმა ქრისტინობამ, იმავე არაბული ფილოსოფიის ზეგავლენით, რევიზია გაუკეთა თავის არისტოტელიზმს და წარმოიშვა ცნება უზენაესი არსებისა, როგორც უსასრულობისა, და გააფორმა ეს აზრი კუზანელის დიალექტიკის სახით.
  
 წიგნის ავტორი მოსე ივანესძე გოგიბერიძე (1897 – 1949 წწ. ) ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, წიგნის სახელწოდება ,,რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები’’. დაიბეჭდა 1961 წ. ქ. თბილისში. წერილი მომზადებულია ავტორის სახელმძღვანელოს ზუსტი ტექსტის მიხედვით, ოღონდ საგაზეთო წერილისათვის გადმოვიტანე შემოკლებით.

ფრიდონ აბაშიძე