• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

წმინდა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) დაიბადა 571 წლის 20 აპრილს, (თუმცა დაბადების წელთან მიმართებაში არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ვერსიის მიხედვით, შუამავლის დაბადების წლად 569 წელია მიჩნეული, სხვა ვერსიით კი 570-71-72 და სამოცდაცამმეტიც, მაგრამ მათგან ყველაზე მიღებული 571 წელია.)

ქალაქ მექაში, ყურაიშის ტომის, ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ოჯახში. შუამავლის მამა აბდულლაჰი შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა, ხოლო შუამავლის დედა აამინა კი, _ როცა იგი ექვსი წლის იყო. ობლის აღზრდა ბაბუა ადულ მუტალლიბმა, ხოლო ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ბიძამ, აბუ თალიბმა იკისრა. შუამავალმა თავისი ბავშობის წლები მწყემსობაში გაატარა.

10-12 წლის მუჰამმედი, მისი ბიძის აბუ თალიბის სავაჭრო ქარავანს დაჰყვებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და ვაჭრობას ეუფლებოდა. ერთხელ, როცა სირიის ქ. ბორსაში მოგზაურობდნენ, მიმავალ ვაჭართა ქარავანში ერთმა ქრისტიანმა ბერმა, სახელად ბაჰირამ, მასში მომავალი შუამავალი ამოიცნო და გააფრთხილა მასთან მყოფნი, რომ ეს ყმაწვილი კარგათ დაეცვათ, რათა იუდაველებს არ ამოეცნოთ და მოეკლათ იგი.
25 წლის შუამავალმა მასზე 15 წლით უფროსი, ორჯერ განათხოვი, ქვრივი ჰატიჯე შეირთო ცოლად. მისგან შუამავალს ორი ვაჟი: ყასიმი და აბდულლაჰი შეეძინა, რომლებიც პატარაობაშივე გარდაიცვალნენ, _ და ოთხი ქალიშვილი: ზეინაბი, რუქია, უმმუ გულსუმი და ფატიმა. მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) ბავშობიდანვე გამოირჩეოდა თავისი დარბაისლური ქცევებით, ნდობით, მოქმედებებითა და ადამიანებისადმი პატივისცემით. მას არასოდეს ტყუილი და სიცრუე არ უთქვამს. თვით ურწმუნოებშიც კი არ მოიძებნება ადამიანი, რომ მის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამიტომ მისმა თანამედროვეებმა მეტსახელად `სანდო~ შეარქვეს.

ერთხელ ჰირას გამოქვაბულში ანგელოზი (მელაიქი) ჯებრაილი გამოეცხადა (მაშინ ის 40 წლის იყო) და ჭეშმარიტი ღვთიური სიტყვები უბოძა, უთხრა: იკითხე!~ მუჰამმედ შუამავალმა უარი უთხრა, მე წერა-კითხვა არ ვიცი და როგორ ვიკითხოო. ჯებრაილმა გაუმეორა:იკითხე სახელითა ალლაჰისა შენისა, რომელმაც გააჩინა (ყველაფერი). გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისაგან, იკითხე! შენი ღმერთი ხომ ყოვლად უხვია. მან ასწავლა (ადამიანს წერა) კალმით. ასწავლა ადამიანს ის, რაც ადრე არ იცოდა~. ამ დღიდან მას შუამავლობა ებოძა. ამ დღიდან დაიწყო წმინდა ყურანის, ალლაჰის ჭეშმარიტი სიტყვების, გარდმოვლენა ამქვეყანაზე.

მუჰამმედ შუამავალმა დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი გზისა. მის ირგვლივ დღითიდღე იზრდებოდა თანამიმდევართა რიგები. ჭეშმარიტი რწმენით გაერთიანდნენ ღარიბები, მდიდრები, მონები და მეფეები. შუამავალი ლოცვას, ერთ ღმერთზე მორჩილებას ითხოვს. მდიდრებს ზექათის გაღებას ავალებს, ღარიბებს კი მოთმინებასა და ალლაჰზე მინდობას ურჩევს. როცა მორწმუნეთა რაოდენობამ სამ ათეულს გადააჭარბა, ყურაიშელთა ტომის ზედაფენამ ამ მცირე ჯგუფისგან საშიშროება იგრძნო, რომელიც მათ კეთილდღეობას ემუქრებოდა და დაუწყო მათ დევნა, შეურაცხყოფა და შევიწროება. სდევნიდნენ საზოგადოებრივი ადგილებიდან, სცემდნენ და არ აძლევდნენ შეკრებისა და ლოცვის საშუალებას. ფიზიკური განადგურებითაც ემუქრებოდნენ. ესოდენ დიდი ტანჯვისა და საფრთხის გამო, მუჰამმედ შუამავლის გადაწყვეტილებით, მორწმუნეთა ნაწილი 615 წელს ეთიოპიაში გადაიხვეწა. შუამავალს მისი ბიძა აბუ თალიბი იცავდა. იგი მექაში დარჩა და გააგრძელა ქადაგება, შეიძინა ახალი მიმდევრები.

მიუხედავად წარმატებებისა, მექაში მუჰამმედ (ს.ა.ს.) შუამავლის ცხოვრება და მოღვაწეობა გაუარესდა. 619 წელს გარდაიცვალა ბიძა აბუ თალიბი, გვარის ახალმა მეთაურმა აბუ ლეჰებმა კი უარი თქვა მის დაცვა-მფარველობაზე. გარდაეცვალა ერთგული მეუღლე ხატიჯეც. მფარველისა და მეუღლის გარეშე დარჩენილი შუამავალი კერპთაყვანისმცემლებმა კიდევ უფრო შეავიწროეს. ამიტომ იგი იძულებული გახდა, თავისი მიმდევრებით, ტაიფში გადახვეწილიყო, მაგრამ ეს სხვადასხვა მიზეზების გამო არ განხორციელდა. 622 წლის ივლისში მუსლიმანებმა მექა დატოვეს და ისრიბში გადავიდნენ. ამ გდასახლებას ჰიჯრა ეწოდა. ჰიჯრა საფუძვლად დაედო მუსლიმანურ წელთაღრიცხვას.

მუიხედავად იმისა, რომ მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს) სდევნიდნენ, ავიწროებდნენ და დასცინოდნენ, ის მაინც ქადაგებას აგრძელებდა და ჭეშმარიტებას ავრცელებდა. მან პირველი მეჩეთი მედინაში ააგო. ყურანის შესაბამისად ჩამოაყალიბა მუსლიმანური რიტუალების: ლოცვის, განბანვის, მარხვის, სავალდებულო მოწყალების (ზექათის) საფუძვლები, ღვთისმოსავთა ცხოვრების წესები, მემკვიდროების გადაცემის, ქონების გაყოფის, ქორწინების პრინციპები.

მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრება და მოღვაწეობა მოთმინების, სულგრძელობის, წყალობის, მჭევრმეტყველების, სამართლიანობის, ღვთისმოსაობის, მორჩილების, სიყვარულის, თავმდაბლობის, სიკეთის, მშვიდობის დაცვის ჭეშმარიტი მაგალითია სამყაროთათვის.

მიუხედავად დიდი შეურაცყოფა-დამცირებისა, ის მაინც ლოცვითა და კეთილი მიდგომით ცდილობდა მოვლენების დარეგულირებას. თანამიმდევრებმა ერთხელ ელჩიც კი მიუგზავნეს შუამავალს და სთხოვეს, ბრძოლის ნება დაერთო მათთვის, რომ დაებრუნებინათ ის ღირსება, რომელიც კერპთაყვანისმცემლებმა წაართვეს. მაგრამ შუამავალი დუმდა და ღვთიურ ბრძანებებს ელოდება. და მოვიდა ალლაჰის ნება: ~იბრძოლეთ ალლჰის გზაზე, იმათთან, ვინც თქვენ გეომებათ. მაგრამ თვითონ არ იუსამართლოოთ. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულები~ (ყურანი: 2/190) დაიწყო საღვთო ბრძოლები. 624 წელს პირველი დიდი ბრძოლა ბედირის ჭებთან მოხდა. მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრისა, მუსლიმანთა რაზმმა გამარჯვება მოიპოვა. ერთი წლის თავზე, 625 წელს, უჰუდის მთაზე კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლაში მუსლიმანებმა დიდი დანაკლისი განიცადეს. დაიჭრა მუჰამმედ შუამავალიც.

626 წელს მექელი ურწმუნოები დიდძალი ჯარით მიადგნენ მედინას, მაგრამ მისი აღება ვერ მოახერხეს. 628 წელს დაიდო ჰუდაიბეს დროებითი ზავი. მომდევნო წელს, ზავის თანახმად, მუჰამმედ შუამავალმა და მისმა მიმდევრებმა მექაში უმრა შეასრულეს.

მუჰამმედ შუამავალმა (ს.ა.ს) სხვადასხვა ქვეყნის იმპერატორებს ალლაჰის გზაზე მიპატიჟების წერილები გაუგზავნა და ისლამის მიღება შესთავაზა: ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს, ირანის შახს ხოსრო მეორეს, ეთიოპიის მმართველს ნეგუსს, ღასანიან არაბთა ამირას, ეგვიპტის, ომანის, იემენის, ბაჰრეინისა და იამამას გამგებლებს.

მუსლიმანთა რიგებს დღითიდღე ემატებოდნენ უბრალო თუ გავლენიანი და მდიდარი ადამიანები. ისლამი მიიღო ხალიდ იბნ ველიდმა, ომარ იბნ ხატაბმა და აბუ სუფიანმა, რომლებიც შუამავლისა და მისი თანამოაზრეების დაუძინებელი მტები იყვნენ.

630 წლის იანვარში მუსლიმანთა ჯარმა უბრძოლველად აიღო მექა. მუჰაჯირები დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს. მექა იქცა ისლამის ცენტრად.

631 წელი მუსლიმან არაბთა ისტორიაში შევიდა, როგორც `ელჩობათა წელი~ არაბეთის ბედუინთა ტომები ერთიმეორის მიყოლებით მორჩილების და გამუსლიმანების უსტართ უგზავნიდნენ შუამავალს და მფარველობას სთხოვდნენ. მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს) გარდაიცვალა 632 წლის მაისში (12 რაბიულევველს) დაკრძალულია მედინაში.

ტარიელ ნაკაიძე