• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ხულოს რაიონის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მუსლიმანთა შევიწროებაში ადანაშაულებს

ხულოს რაიონში მცხოვრები ასეულობით მუსლიმანი „მადლი 2005“-ის შენობასთან სასწავლებლის დახურვის მცდელობის გასაპროტესტებლად უკვე მეორედ შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარს სარწმუნოებრივ ნიადაგზე ზეწოლად აფასებს, მათი განმარტებით ბოლო დროს რაიონში 3 მსგავსი სასწავლებელი დაიხურა. მორწმუნეები სასწავლებლის არსებობას აუცილებლად მიიჩნევენ. ხულოელებმა პირველი საპროტეტსტო აქცია ერთი კვირის წინ გამართეს და სასწავლებლის

ფუნქციონირების გაგრძელება რაიონის გამგებლისგან მოითხოვეს. დღევანდელი შეკრების მონაწილეები გამგებლისგან საბოლოო პასუხს ელოდნენ, ამიტომ „მადლი 2005“-ის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ლევან აბაშიძის მისვლამდე კომენტარების გაკეთება აუკრძალეს და სასწავლებლის დახურვის მცდელობის ფაქტზე ღიად საუბისგან თავი შეიკავეს. აქციის დაწყებიდან 15 წუთში სასწავლებლის შენობასთან რაიონის გამგებელი მივიდა და მორწმუნეებს სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების აჭარის მუსლიმანთა სამმართველოსთვის გადაცემის შესახებ ამცნო. საქველმოქმედო ფონდი 2006 წელს საგადასახადო ინსპექციამ გადასახადების დამალვაში ამხილა, გასულ წელს კი დირექტორი შოთა გაბაიძე იქნა დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით შენობა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. გამგეობამ კი შენობაში ახალგაზრდული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მორწმუნეთა პროტესტი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ გაბაიძეს ფართი კერძო მესაკუთრისგან იჯარით ჰქონდა აღებული, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა. მეღლეთის ჯამის იმამის განცხადებით შენობის დაცლის მითითება რაიონის გამგებლისგან გაიცა. ჯუმბერ კახაძე ირწმუნება, რომ ფონდი ადგილობრივთა შემოწირულობებით საზრდოობს და იგი ვალდებული არ იყო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა. სასწავლებელში განათლებას 52 მოსწავლე ღებულობს, ბავშვები სასკოლო პროგრამასთან ერთად მუსლიმანური რელიგიის საფუძვლებსაც ეუფლებიან. სასწავლებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა აჭარის მუფთმა ზურაბ-ქემალ ცეცხლაძემ. მოსახლეობის ინფორმაციით სწორედ მას დაავალეს სასწავლებლის გაუქმება, რის გამოც იძულებული გახდა უფლებამოსილება მოეხსნა, თუმცა ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება. ორთა ჯამის სამუფთო სამმართველომ ცეცხლაძის შემცვლელად თანამდებობაზე ჯემალ პაქსაძე უკვე დაამტკიცა. ახალ დანიშნული მუფთი მუშაობას სასწავლებლის სრულყოფილად აღდგენის მიმართულებითაც გეგმავს.

ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე, რამაზ ფანცულაია

ვიდეო რეპორტაჟი

wyaro:http://www.tv25.ge/?action=shownews&id=2768