• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

რატომ მივიღე ისლამი

‘’რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
 თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
 ეს აწუხებდა ცოტნე დადიანს,
 მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს’’

 ქართველი ახალგაზრდობის უმეტესობა საქართველოში უმთავრესად ამ პათოსით იზრდება ეს არის დაბადებიდან ჩვენი თვალსაწიერის ანიც და ჰაეც.

 ამ გადმოსახედიდან ერთ დღეს, ჩემთვის შესაძლოა პარადოქსულიც კი იყო გამეცნობიერებინა ის აღმოჩენა, რომ მუსლიმანს, ქართველი იქნება ის თუ რომელიმე სხვა ერის შვილი ისლამი ამ მოწოდებას
 ღვთის გულისათვის -’’მამულს თავი არ ანაცვალე’’  ავალდებულებს და ცხოვრების წესად ანერგვინებს. შესაბამისად ჩემს ცნობიერებაში გაბატონებული სტერეოტიპი, ისლამი საქართველოს მკვიდრ მაგალითად აჭარელ კაცს აცილებს სამშობლოს და სადღაც არაცნობიერში ’’მიათრევს’’ დაიმსხვრა. უცებ მომეჩვენა, რომ მუსლიმანი ქართველების წინაშე დამნაშავე ვიყავი, რადგან მე მათ სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ღმერთო.. რატომ ვგრძნობდი ჩემგან რელიგიურად განსხვავებულ ჩემსავე სისხლსა და ხორცზე ამაყად საკუთარ თავს? რით დავიმსახურე მე ეს სიამაყე, რითა ვარ მე მათზე მეტი ან რატომ მგონია ისინი ჩემზე ნაკლებნი? იმიტომ ხომ არა, რომ მათ თავისებური დიალექტი ახასიათებთ და ხშირად თავის დახრას ამჯობინებენ ზედმეტ შეხლა შემოხლას, ნუთუ მე ამ ადამიანებზე მეტი ვაჟკაცი ვარ, სამშობლოს სიყვარული მეტად შემიძლია? 

ამ შეკითხვებზე პასუხებს მხოლოდ მაშინ მივაგენი, როდესაც ობიექტურად გავაანალიზე ყოველივე. განსხვავება მართლაც არაფერი ყოფილა, ერთნაირები ვართ. თუ კარგად დავუკვირდებით ძირძველ ქართულ ენასთან აჭარული კილო-კავი უფრო ახლოსაა ვიდრე თანამედროვე ლიტერატურული ქართული. სიამაყისა და სიყვარულის გრძნობაზე კამათი საღ აზრად ვერ  ჩაითვლება, რადგან ეს გრძნობა ყველასათვის ინდივიდუალურია. ამასთან, თურმე მუსლიმთა რელიგია უაღრესად ამაღლებულად, უფრო სწორად უნივერსალურად ახერხებს, ყოველი მუსლიმისათვის საკუთარი სამშობლოს მიმართ სიყვარულის გრძნობის განმტკიცებას, იგი აღვივებს პატრიოტიზმის გრძნობას და მასვე შესწევს ძალა აუცილებელ ღვთისმსახურებად აქციოს მართლმორწმუნე მუსლიმისთვის სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა ამაში გამონაკლისი ვერც ქართველი და ვერც საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ვერ იქნებიან.

სამშობლოს, საკუთარი ოჯახის დამცველი, ამავდროულად საღვთო ბრძოლის ანუ ჯიჰადის მონაწილეცაა. ასეთ ადამიანთა ხვედრი წმინდანთა ხვედრია, ხოლო წმინდანებად, შაჰიდებად შეწირულთა მარადიული სასუფეველი სამოთხეა, ანუ ჯენნეთი. გამოდის, რომ ამ კანონებით მცხოვრები ადამიანები შესაძლოა, მათში გააქტიურებული რწმენის ხარისხისა და მიხედვით ერიდებიან უზენაესის უკმაყოფილების მოპოვებას. რათა არ გადაიზარდოს ერთი შეხედვით უბრალო ყოფითი პრობლემა კონფლიქტად და დრამატიზმად. ღმერთო ნუთუ ამას აქამდე ვერ ვამჩნევდი? ან როგორ შევამჩნევდი მე ხომ არაფერი ვიცოდი მუსლიმების სულიერი სამყაროს შესახებ. არ მინდა ეგ ყოველივე რიტორიკაში ჩამომერთვას უბრალოდ ვცდილობ, რომ უზენაესის ნებით ქართველმა მკითხველმა ჩემი გულისცემა გაიაზროს.
 
მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ისლამის მიმართ ინტერესი გურიაში აღზრდილ კაცს ჯეელობიდან არ მომდევდა. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში ურთიერთობა არ მქონია მუსლიმებთან. რათქმაუნდა მქონდა ურთიერთობა, ვმეგობრობდით ტრადიციულ მუსლიმური ოჯახის პირმშოებთან, მაგრამ რელიგიური ღირებულებების შესახებ ჩვენ საუბარი არასოდეს გვქონია. მუსლიმურ ოჯახებში დაბადებულ ჩემს მეგობრებთან არც მე მისაუბრია ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ. რადგან მჯეროდა, რომ ეგ საკითხი რაღაცნაირად ავტომატურ რეჟიმში უკვე გადაწყვეტილი იყო სადღაც ზემოთ და მორჩა. თურმე ამაოდ, რადგან არაობიექტური და სუბიექტური მოსაზრებებით მქონდა გაჯერებულ გული და გონება. ჭეშმარიტი მუსლიმები, რომლებიც ეთანხმებიან და ემორჩილებიან მხოლოდ ერთადერთ შემოქმედს თანაც უპირობოდ, მის არსებობა არსებობაზე მცირეოდენი ეჭვის შემტან ადამიანს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად, ან უფრო სწორედ არასანდო კაცად აფასებენ. 

როგორ დაიწყო ყველაფერი… ისლამი ჩემს ცხოვრებაში უფრო მოგვიანებით შემოვიდა, ყველაფერი ოდნავ გვიან მოხდა.  ჯერ დავინტერესდი იმით რომ საფუძვლიანად გამეგო რა იყო მუსლიმთა წმინდა წერილი. გავიგე რა იყო ყურანი,  თუმცა ზუსტად რას ნიშნავდა ეს სიტყვა მაშინ, თურმე აზრზე არ ვიყავი. 

გურიაში გადავწყვიტე წამეკითხა ყურანი და ერთ ერთ მუსლიმ ოჯახს ვთხოვე ეთხოვებინათ ჩემთვის წიგნი. მაშინ წიგნი არ მომცეს განმიმარტეს, რომ ვერ მოვახერხებდი მის წაკითხვას. მახსოვს რომ ეს ძალიან მეწყინა, თანაც ვერ გამერკვია რატომ ვერ უნდა წამეკითხა წიგნი რომელიც ამათთვის გასაგები იყო. ჩემთვის გავიფიქრე რა უცნაური ხალხია ეგ მუსლიმანები ეტყობა მართალია, რომ მათ მთელი მსოფლიო ჩამორჩენილ ხალხად მიიჩნევს, 21- ე საუკუნეში მედიცინა განვითარდა ესენი ღორის ხორცს არ ჭამენ, ისე ხშირად მაინც უსინჯავენ გემოს, ღვინოს არ სვამენ თითქოს ძალიან ეშინიათ ფორმალურად, მაგრამ ხანდახან მაინც რომ სვამენ ხოლმე, წიგნიც არ მომცეს ვითომ რა ღმერთი უწყენდა!?… ( ეს აზრები მაშინ გონებას მისერავდნენ და ეჭვს მიაქტიურებდნენ, მე მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, რომ წმინდა ყურანი არაბულ ენაზე იქნა გარდამოვლენილი, შესაბამისად შეუძლებელი იყო მე მაშინ იგი წამეკითხა, ბუნებრივია რომ ჩემი ეჭვები და კრიტიკის ქარცეცხლი უსაფუძვლო იყო) მაშინ ისლამის შესახებ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა მომხვდა ხელთ და ცოტა რამ გავიგე. განმაცვიფრა ისლამში სისუფთავის, პირადი ჰიგიენის აუცილებელი მოთხოვნების თავისებურებებმა. მახსოვს ჩემს გონებაში ეს მტკიცედ ჩაიბეჭდა. ამის შემდგომ უკვე მიკვირდა, როცა მოუწესრიგებელ მუსლიმს ვხედავდი. მერე კი ეგ ყველაფერი თითქმის მივიწყებას მიეცა.

ოზურგეთში ჩვეულებრივი გურული ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი, საბჭოური, თუ პოსტსაბჭოური ქუჩური კანონებით ეგზალტირებულიც გახლდით და უპასუხოდ დატოვებული მიჯნურიც, თუმცა ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ბრძოლაზე ან თუნდაც ინტელექტუალურ ჭიდილზე არასოდეს ვამბობდი უარს.
  
განებივრებული ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ ამ ფაქტს მადლობა ღმერთს ჩემს მშობლებს ვუმადლი (ის რომ შვილს არ ანებივრებ რაოდენ სიკეთის მომცემია ცხოვრებაში, ამასაც ღვთის ნებით მოგვიანებით მივხვდი). ერთი ინტელიგენტი ქართული ოჯახის შვილი ვიყავი და ვარ (ჩემს ბავშვობაზე ვრცლად გამომივა საუბარი ოდესმე ღვთის ნებით შესაძლოა ჩემს ბავშვობასაც მოვუბრუნდე და დავწერო კიდეც, მაგრამ ეს შემდგომ იყოს).
  
რაც შეეხება ისლამს, ცხოვრებაში დროგამოშვებით მახსენდებოდა მუსლიმების ცხოვრების წესი, რადგან შემდგომში უკვე პროფესია მქონდა ისეთი, რომ შესაძლებელი იყო მომწეოდა ურთიერთობა მუსლიმებთან, ჟურნალისტისთვის ეს საჭირო ზოგადი სახის ინფორმაცია ამ ხალხზე მეგონა რომ მქონდა – ეს იყო და ეს.

თუმცა ცხოვრება ნაწილობრივ  განსაცვიფრებელი პარადოქსების ნაკრებია. მეც პროფესიულმა საქმიანობამ, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამანახა ის, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ადამიანის ცხოვრებაში ობიექტური მონაცემების გამომზეურებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ცხოვრებაში არასოდეს მიყვარდა ადამიანის აბუჩად აგდება. მინდოდა, რომ სულ სიმართლეს ეზეიმა. ყოველ შემთხვევაში იქ მაინც სადაც მე ვიყავი. ხშირად ეს კმაყოფილება მეუფლებოდა კიდეც, უფრო ხშირად მაშინ, როცა უკვე ჟურნალისტურ საქმიანობას, სიმართლის თქმას პრაქტიკულად ვახერხებდი ხოლმე სატელევიზიო ეთერში. ვითვლებოდი საქართველოში მაშინ ალბათ ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხისაც და რადიოს ჟურნალისტიც.

ცოტა რამ ჩემს პირად ცხოვრებაზე 

ამ თემას გვერდს ვერ აუვლი. ჩემი პირველი ქორწინება არ გამოდგა გამართლებული, თუმცა თავის დროზე უბედნიერეს ადამიანად ვთვლიდი თავს, მადლობა უზენაესს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი დამრჩა, რომლებიც ჩემს ოჯახში იზრდებიან და ჩემი აღმზრდელი დედის (ქალბატონი ვენერა არობელიძის) სუნთქვა ესმით, დედისა, რომლის მსგავსი ადამიანების შესახებ ამბობდა მუსლიმთათვის უსაყვარლესი და ღვთის ბოლო წმინდა შუამავალი მუჰამმედი (ალლაჰი დალოცავს და მიესალმება მას) – ’’მათ ფერხთით სამოთხის გასაღები ძევს’’ .
  
  ბევრი რომ არ გავაგრძელო ოჯახის დანგრევამ პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედა. მაშინ უამრავი რამ მიტრიალებდა გონებაში, ცხოვრება ამერია, თუმცა გაბალანსებული და სწორხაზოვანი ცხოვრება მაინცადამაინც დამახასიათებელი არც მანამდე ყოფილა ჩემთვის, ახლა ვფიქრობ რომ არამყარ ნიადაგზე შევქმენი ოჯახი და ისე ვიცხოვრე და ეს იყო ლოგიკური შედეგიც. ასე რომ დადგა ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომ მე მუშაობა დავიწყე ქალაქ ბათუმში. თუმცა ადრინდელიდან დიდად განსხვავებულ არაფრით ყოფილა ჩემი ცხოვრება. პირიქით შეიძლება ითქვას არეული ცხოვრება გაგრძელდა.

ერთ დღეს ქვეცნობიერებაში ოდესღაც გაჩენილი ინტერესი ამოტივტივდა – ისლამი..! ეს მოხდა უკვე მაშინ, როდესაც გავიგე თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებზე, რომლებიც საქართველოსკენ მოისწრაფიან, რადგან ეს მათი ზღაპრული სამყაროა, სამშობლოა მე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დავიწყე როგორც ჟურნალისტმა, პარალელურად უკვე რეალურად მომეცა საშუალება დამეკმაყოფილებინა ცნობიერებაში ერთ დროს გაჩენილი ინტერესი წამეკითხა ისლამის შესახებ.?

აქ კი მოკლე ექსკურსი მინდა გავაკეთო და ალბათ მოვახერხებ იმას, რომ მკითხველმა მიაგნოს  თუ რისი თქმა მინდა.

დაკვირვებებმა მაჩვენა, რომ თანამედროვე მსოფლიოში და განსაკუთრებით სამეცნიერო სამყაროში, ძალზედ აქტუალურია მეტაფიზიკის, პარაფსიქოლოგიისა და ინტუიციის საკითხები. ათასობით სტატია, მეცნიერების ასობით ცნობილი კორიფე თავგამოდებით იცავს საკუთარ თეორიას და ჩვეულებრივი ადამიანიც ხშირად მას ეთანხმება კიდეც. Aამ პერიოდში მომეწოდა მუსულმანური ეგზეგეზის მასშტაბურობისა და სიმსუბუქის მტკიცებულება, რომელიც ერთის მხრივ იჭრება ადამიანის  არსში და მის ინტერპრეტაციას იძლევა, ხოლო მეორე მხრივ საშუალება მომეცა დამოუკიდებელი პასუხები მიმეღო რთულ კითხვებზე.  

 ინტუიცია ( ლათინურად ინტუერი  ნიშნავს დაჟინებულად, ყურადღებით დაკვირვებას. ) – არის უნარი { წუთიერად შეგრძნებისა}  ჭეშმარიტების მიგნებისა, ისე რომ არ იყოს განხილული მტკიცებულებები; ეს არის სუბიექტური უნარი, გასცდე გამოცდილების ზღვარს, გონებრივი შეთვისების გზით (გასხივოსნება, განათლებით), ან შეუცნობელი  კავშირებისა და კანონზომიერების ფორმით.

 მორწმუნისთვის (ამ შემთხვევაში მხოლოდ მნიშვნელობა აქვს მრწამსს, მთავარია ერთღმერთიანობის, მონოთეიზმის იდეა) ინტუიცია არ არის რაღაც დაფარული. საიდუმლო, რომელიც ამოცნობას, მოდურ მიდრეკილეებს ან უთავბოლო მედიტაციებს  საჭიროებს. ეს უფრო არის მეექვსე გრძნობა, ანუ ესაა მორწმუნის რწმენის გაგრძელება.  Aამ დროს მისი მრწამსი უფრო  ბუნებრივად ჰარმონიულია, ცოცხალი და გამოყენებითი.  ამ დროს მას უფრო აშკრად  ჩაესმის ღვთაებრივი ინტუიციის ხმა, და არა გაურკვეველი გასხივოსნება. Aამ პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ წმინდა მუჰამმედ შუამავალი ბრძანებდა:

 ’’იცოდეთ, ხალხნო რომ აქვს) მორწმუნეს (განსაკუთრებულს ) შორსმჭვრეტელობა! ჭეშმარიტად, ის უყურებს შემოქმედის სინათლის მეშვეობით.” (იხ. ას-სუიუტი ჯამ. ალ-ჯამი‘ ას-საღირ [მცირე კრებული]. ბეირუთი: ალ-ქუთუბ ალ-‘ილიმია, 1990, გვ. 16, ჰადისი № 151).

წმინდა მუჰამმედ შუამავვლის პიროვნება ჩემთვის და ბუნებრივია მისი გამონათქვამები ცნობილი არ იყო, ასე იყო მაშინაც კი, როდესაც ისლამის გაცნობის მიზნით სარწმუნოების შემცველობის მხატვრულ-ისტორიული მასალის შექმნა დავიწყე. თუმცა ეგ მაშინ მატერიალური დაინტერესების კვალობაზე უფრო იყო დაფუძნებული ვიდრე სულიერებაზე.

წმ.მუჰამმედის (ა.დ.მ.მ.)  პიროვნებამ და იმან, თუ როგორი სიყვარული დაიმსახურა მან, ერთ დროს პრაქტიკულად დაუმორჩილებელი და უმოწყალო, საზოგადოებისა. როგორ შეცვალა მან და მიიყვანა ხალხი განათლებულობის უმაღლეს მწვერვალამდე. თანაც ისე, რომ არანაირი სახელმწიფო, იძულებითი ბერკეტი არ გამოუყენებია საოცრებად აღვიქვი.   ღვთით მომადლებულმა უზადო ინტელექტმა, გულწრფელი და უშუალო დამოკიდებულებით,  სიყვარულით გამთბარმა ცხოვრების წესმა, ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. უცებ გავაცნობიერე, რომ მისი სულიერი სამყარო და მის მიერ ნაქადაგები ცხოვრების წესი ჩემს სულიერ სამყაროსთან ძალიან ახლოს იყო.

თუმცა გავაგრძელოთ: ჩვენთვის, ადამიანებიათვის მეექვსე გრძნობის სიგნალი დამახასიათებელია : ვიღაცა რაღაცას ფარავს, ვიღაც ძლივძლივობით ამოთქვამს, ვიღაც კი შინაგანი ხმის აღიარებას ფიზიკურად განიცდის. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, ხშირად კი დამოკიდებულია ბევრ კრიტერიუმზე.

მაგალითად: – ქალური  შორსმჭვრეტელობა არ შეედრება მამაკაცურს და მოჭადრაკის რეაქცია ვერ იქნება მალემსბრბოლელის რეაქციის იდენტური. 

მაგრამ ყოველთვის საჭიროა გვახსოვდეს, რომ გარკვეულ სიტუაციებში  ჩვენ  სულ სხვადასხვა გრძნობები ისე ჩაგვესმის, როგორც ინტუიცია.. ასე ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ სიტუაციას აღარ ვაფასებთ რეალურად, მაგალითად ჩნდება ილუზია, რომელიც სასურველს რეალურად გამოგვცემს (ხშირად ამ დროს დამახასიათებელია განცდა, მე ყველაფერს ვაკონტროლებ!). 

არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს შორსმჭვრეტელობის  ღვთიურ არსს.  – ეს გახლავთ შიში. 

 როგორც კი ვაღიარებთ, რომ გვეშინია სიახლის, უჩვეულო სიტუაციების, ახალი შთაბეჭდილებების, აღქმის აზრების, ჩვენ ცხოვრებას ვბოჭავთ ჩვეულებრივი ყოფით და ინტუიცია აღარ ვარჯიშობს, მისი ტონუსი სუსტდება, კვდება და დროის განმავლობაში ყოველდღიურობის რუტინა მას საერთოდ კლავს. ამიტომაც მე და ალბათ ბევრი ჩვენთაგანი საკუთარ თავს აღარ უგდებს ყურს, ამიტომ “შორეული შეღწევა” ზეციურ კანცელარიასთან ყოველთვის აჩვენებს, რომ “დაბლოკილია”. მაშინ ჩნდება ხოლმე, უცხო ხმების მთელი ორკესტრი, რომლებსაც მოაქვთ ეჭვები, შიშები, დარდი, აპათია, უძლურება, მარტოსულობა.
 
ეს ყველაფერი მე გამოვიარე და ამიტომაც გიამბობთ ყოველივეს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე კი აღმოჩნდა, რომ წიგნი, რომლის წაკითხვის სურვილი თითქოს და გულუბრიყვილოდ მიკარნახა ჩემმა ინტუიციამ, არც ისე შემთხვევითი ყოფილა. მადლობა ღმერთს!  უკვე შემდეგ გავიგე, თუ რას ბრძანებს უზენაესი ღმერთი წმინდა წერილში?

‘’ჭეშმარიტად, ვინც მორწმუნეა ( უზენაესის მიმართ გულითადად და კეთილშობილურად იღწვიან ) , ისინი, როცა მათი ქმედება როგორღაც უკავშირდება  ეშმაკეულს, (როცა მათ მიადგებათ სულიერი ტკივილი, ან ჩაესმით ეშმაკეული ხმები, ) მაშინვე ფხიზლდებიან (კიდევ ერთხელ იძენენ სიფხიზლეს, აგონდებათ რა უზენაესი  და იღწვიან  მისი მოწყალებისა და მფარველობის მოსაპოვებლად. ) , და ხედავ, რომ ისინი ხდებიან ხილულნი ( დამნახველნი და შორსმჭვრეტელნი) (რომლებიც ხედავენ თუ რაში მდგომარეობს საქმე – ასხვავებენ ბოროტს – კეთილისაგან, საზიანოს – სასარგებლოსგან, ამაოებას – საჭირო და აუცილებელი საქმებისგან. (იხ.: წმინდა ყურანი, სურა 7 აია – 201)

ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ვიდექი ამგვარი დილემის წინაშე – რა უფრო მნიშვნელოვანია – მატერიალური, თუ სულიერი; სამუშაო, თუ ოჯახი; სოციალური აქტივობა, თუ პასიურობა.. იქნებ სხვა იქნებ ის, რისაც მუსლიმებს სჯერავთ უშუალო სიახლოვის განცდა იმასთან, ვის სიდიადესა და მფარველობასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, ვგრძნობდი რომ მის იქეთ გზა არ არსებობს.!? 

ეჭვები, როგორც ცნობილია უკიდურესობებს წარმოშობს. ერთია როცა ყოფიერების არსს ხედავ ტილოზე, რომელზეც გამოსახულია შავი კვადრატი, ან ულაზათო წანასმები, მეორე  კი მეცნიერების ბანალური გაფეტიშებით დაკავებულობა. 

მასობრივმა ყლაპვამ, დაბეჯითებულმა საუბრებმა თემებზე : კლონირება, მარადიული ახალგაზრდობის აბები და ასე შემდეგ, თურმე სერიოზულ, საყოველთაო სულიერ გაღარიბებამდე მიმიყვანა, განსაკუთრებით რელიგიურობისა და რწმენის რაობის გაგების საკითხში. რატომღაც დავფიქრდი, რომ რელიგია ჩემს ცხოვრებაში გამხდარა პერიოდულად მოდური, რიტუალიზებული, მისტიკური, იგი თითქმის რეალიტი შოუს დაემსგავსა. მართლაც სახალისოა, როცა ტელევიზორში უყურებ პომპეზურ რელიგიურ ღონისძიებებს, მაგრამ, ამასთან, პარადოქსულად სამწუხაროა, როცა საზოგადოების ყველა ფენასა და სოციალურ ნიშაში სულიერ კოლაფსს ხედავ ეს შეჩვევითი პათოლოგიის მსგავსად მოქმედებს. 

ალბერტ აინშტაინი რომელიც ნადვილად არ არის ცნობილი რელიგიურ განმანათლებლობითი საქმიანობით ამბობდა:

 ’’ ჩვენი წარმოდგენები ფიზიკურ რეალობაზე  საბოლოო ვერასოდეს იქნება. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად  ამ წარმოდგენების შესაცვლელად-ო.”

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დროის ერთ-ერთი თვისებაა, რომ ის ცვლის, ავსებს ან საერთოდ უარყოფს თითქოსდა ყველაზე გარდაუვალ, აშკარა, დეტალურად დამუშავებულ აქსიომებს. შესაძლოა, მოწინავე მეცნიერები და მოაზროვნეები ამიტომაც ლაპარაკობენ საზოგადოების ტექნოლოგიური და ინტელექტუალური  განვითარების სრულფასოვანი აღქმისა და  ანალიზისთვის პრინციპების უკმარისობაზე, ისინი ხომ აპელირებას ახდენენ მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური  შეხედულებებით. აუცილებელია, ადამიანში არსებული გარკვეული იმპულსიც. ამ სიტყვაში, ჩვეულებრივ იგულისხმება  შინაგანი ხმა, ანუ ინტუიცია, ნეტავ საერთოდ არსებობენ უინტუიციო ადამიანები, ჩემის აზრით არა.

ერთი საინტერესო მაგალითიც, რომელსაც ამას წინათ წავაწყდი. ვგონებ ფიზიკის მოყვარულებმა იგი შეიძლება საინტერესოდ ჩათვალონ – ცნობილმა ფიზიკოსმა პოლ დირაკმა, კვანტური მექანიკის შეხედულებებიდან გამომდინარე,  გამოთქვა მოსაზრება იზოლირებული მაგნიტური პოლუსების არსებობის შესაძლებლობის შესახებ, მაშინ, როცა კლასიკური ფიზიკა ამტკიცებდა, რომ ფიზიკურ სხეულს შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ორი პოლუსი. და აი უკვე რამდენიმე ათეული წელია, მთელ მსოფლიოში მეცნიერები  ამაოდ ეძებენ “დირაკის მაგნიტურ მონოპოლს”, მაგრამ, ამავე დროს, დასაბუთებულად ვერ ამტკიცებენ  მსგავსი ექსკლუზივის არსებობის შეუძლებლობას. 

კიდევ ერთი, მაგალითი ინტუიტიურობის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც ისლამის, რელიგიის შესახებ ობიექტური პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში მივაგენი ჩემს მსგავსად ნებისმიერი ადამიანი მიაგნებს ისინი მაინც ვინც ეძიებს, არის მაძიებელი. ეს არიან– ჰადისების მკვლევარები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ისლამური განმანათლებლობის “ოქროს ხანაში” (ეს პერიოდია, როცა მოღვაწეობდა წმინდა მუჰამმედი (ა.დ.მ.მ.) ნებისმიერი ჰადისის – იქნებოდა ის სუსტი, საეჭვო, თუ უტყუარი – მკვლევარები კვლევის დროს სხვა პიროვნებებთან ერთად მიმართავდნენ შეკითხვით
 – როგორ ფიქრობთ რას? – რა თქმა უნდა  ინტუიციას.

ისინი იმდენად იყვნენ გაჟღენთილნი წმ. წინასწარმეტყველ მუჰამმედის (ა.დ.მ.მ.) , ღვთის მოციქულის ყოფა-ცხოვრების ატმოსფეროთი, რომ უმცირეს დეტალებამდე იკვლევდნენ ამა თუ იმ მონათხრობს და ადგენდნენ, ეს სიტყვები მართლა იყო წმ.მუჰამმედის (.ა.დ.მ.მ.)  მიერ ნათქვამი და, საერთოდ, ეხებოდა თუ არა ეს სიტუაცია მისი მოღვაწეობის პერიოდს. მაგრამ, მეორე მხრივ, მათი ნამუშევრები არ იქნებოდა უცილობელი ასწლეულების მანძილზე, მათ იოტისოდენადაც რომ გადაეხვიათ მეცნიერებისაგან, იგნორირება გაეკეთებინათ დისკუსიული, მტკიცებითი ბაზისისათვის. ინტუიცია ხშირად ყველასთვის და ყველაფერში თვითაშკარა და ერთნაირი არ არის. ბევრია დამოკიდებული ფსიქოლოგიურ, პიროვნულ, იდეურ და სხვა ფაქტორებზე, ჰეგელის გამონათქვამმა გარკვეულწილად კიდევ უფრო გამიაქტიურა მართლაცდა სამყაროს წყალობად ღვთის მიერ მოვლენილი დიადი მოძღვარის მუჰამმედის (.ა.დ.მ.მ.)  მიმართ გაჩენილი სიმპათია. იგი აღნიშნავდა, რომ:

’’ყოფიერების განსხვავებული სახეებისთვის მტკიცების ხასიათიც სხვადასხვაა.’’

  წმინდა მუჰამმედ შუამავალი (ა.დ.მ.მ.) რომელიც ობლობაში გაიზარდა და წერა კითხვა არც კი იცოდა, ნამდვილად უხვად ჰქონდა მომადლებული აზრის გამოხატვის ნიჭი. ეს სხვა არაფერი იყო თუ არა ღვთიური მადლმოსილება, რაც ყველაზე მეტად ადამიანებთან, მის საოცრად თბილ ურთიერთობებში გამოიხატებოდა. პრაქტიკულად ამის გააზრებამ ბუნებრივია გულგრილი ვერ დამტოვა. დამეთანხმებით ალბათ რომ ადვილი არ არის ლოცვისას თავზე დაგაყარონ მთელი კასრი სიბინძურე და გამოიჩინო უკიდურესი მოთმინება, მაშინ როცა შეგიძლია ხურდა დაუბრუნო აგრესორს.
   
რეალობაა, რომ ადამიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან. აქედან გამომდინარე, ადამიანის ისტორიას დიდი გამოცდილება აქვს. ასევე,  იმ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს, რომლებიც ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალში იცხოვრებენ ამ პლანეტაზე, სწამდათ და სწამთ, რომ ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ არსებობს საიქიო ცხოვრება  და სამარადისო სასუფეველი სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. თუმცა, საიქიო ცხოვრების, გეენიისა და ედემის ბაღების არსებობის დამტკიცება ცდის სახით შეუძლებელია, მაგრამ არის კი ეს დისკუსიული მტკიცებულება იმისა, რომ ეს ჭეშმარიტება არაა? ან  ამის შეგნებულად დავიწყება იმ მოტივით, რომ რაც იქნება იყოს მე მაინც ვერაფერს შევცვლი გონიერების შემცველი ფიქრი არის? მე ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მდინარის ღრმა მორევში გადამხტარ, ცურვის სწავლას მოწყურებულ  პატარა ბიჭს ვგავდი, რომელსაც უთხრეს, რომ უკვე გადამხტარია და დახრჩობა თუ არ დაიწყო ცურვას ვერ ისწავლის,  და უცებ შეკითხვა ასე გადარჩენა შესაძლებელია, კი მჯერავ რომ რაღაც გადამარჩენს მაგრამ ღირსი ვარ რომ გადამარჩინოს?

 აინშტაინის სიტყვებით:

’’- სამყაროში ყველაზე ჩაუწვდომელი ის არის, რომ სამყაროს ჩაწვდომა შეიძლება.’’ 

“ ჩაწვდომა შეიძლება რწმენით” – დაამატებდა მორწმუნე და დავამატე კიდეც?

 ერთხელ ერთ მუსლიმან ღვთისმეტყველსა და წმინდა მოციქულის თანამოაზრეს უთქვამს: –

 ’’ეხლა რომც ცა გაიხსნას და კაბადონზე ასასვლელი კიბე გამოჩნდეს, ეს მაინც არ შეცვლის ჩემ რწმენას”

იგი იტყოდა, რადგან მის გვერდით იყო ადამიანი რომელიც თვითონ მორევში რომც გადამხტარიყო უეჭველად თან გადაყვებოდა ან გადახტომამდე ურჩევდა ხიფათში არ ჩაეგდოDსაკუთარი სიცოცხლე რომელიც მოსაფრთხილებლად არგუნა უზენაესმა.
 
მან განაპირობა ის რომ მე ვარ მუსლიმი, ეს კი გამოხატულებაა მორჩილებისა უზენაესი შემოქმედისა, ალლაჰისა მიმართ და გამაჩნია უსაზღვრო სიყვარული ზნეკეთილი წმინდა შუამავლისა( ა.დ.მ.მ.). იმისა რომელიც ძმებად, სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებდა სამყაროს რელიგიურ განმანათლებლებს წმინდა შუამავლებს აბრაამს, მოსეს, იესოს (კმაყოფილი იყოს მათით უზენაესი). მუჰამმედი (ა.დ.მ.მ.) რომელსაც შესწევდა ძალა შეენდო და ეპატიებინა მოსისხლე მტრისთვისაც კი, თუკი ეს უკანასკნელი გონს მოეგებოდა და თაყვანს სცემდა უზენაეს ალლაჰს, მან ხომ საკუთარი ბიძის ჰამზას მკვლელი დაინდო მიუხედავად იმისა, რომ ჰამზას სხეულსაც უსაშინლესად გაუსწორდნენ სიკვდილის შემდგომ მაშინდელი გაბატონებული პოლიტიკური სპექტრი.
 
ისე ყოველივე აქედან გამომდინარემე მე თუ ვინმე მკითხავს: ხატოვნად ასე ჩამოვაყალიბებდი:

  -‘’ რწმენა, ისევე როგორც სიყვარული წარმოიშვება არსაიდან. ის იბადება სადღაც შიგნით, მაგრამ არა თავში. ის თითქოს სულის სიღრმიდან აღმოცენდება, არღვევს მატერიალურობის მყარ ფენას და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ; – ახალგაზრდა მწყემსი-რომანტიკოსი, რომელიც გუბეში არეკლილი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, ცხოვრებისეული სტიქიების ძლიერების ყურებით ტკბება, თუ ჭაღარა აკადემიკოსი, რომელიც ბავშვივითაა აღფრთოვანებული მიკროსამყაროს დახვეწილი გრაციით და მოწესრიგებულობით.  მაგრამ, ისევე როგორც არ შეიძლება გიყვარდეს ის, რაც არ იცი, რწმენასაც უნდა ჩაწვდომა, შეგნება, გააზრება და სწორედ ამ იდუმალ ცეკვაში, გრძნობების, ვარაუდების, გააზრების, ეჭვების, ცოდნის მშვენიერ გოტიკურ მოზაიკაშია ამქვეყნიური ყოფიერების სიდიადე.
 ჩვენ  ყველა განსხვავებულნი, ინდივიდუალურნი და განუმეორებლები ვართ, მაგრამ ყველას გვაქვს მონიჭებული ის, რაც გვაერთიანებს. მუჰამმედ შუამავალი (დაე, დალოცოს ის უზენაესმა და მიესალმოს)  ამბოდა:

 ‘’უნარი, გამოიწვიო სხვა ადამიანში ( მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ის და ვინ ხართ თქვენ) სიმპათია ( პატივისცემა, სიყვარული) – ეს (წონადი) გონების ნახევარია (მორწმუნე ადამიანისა).’’  (იხ.: ას-სუითი. ალ-ჯამი‘ ას-საღირ. გვ. 204, ჰადისი № 3399, “ჰასან”.)

მე ეს გავაცნობიერე რადგან გავეცანი მის ისტორიას. უფრო მეტად გააზრების სურვილი მამოძრავებს. ამისთვის მადლობა ალლაჰს სამყაროთა შემოქმედს მე ვერაფერს ვერ ვიზამდი, რომ არ ყოფილიყო ნება მისი, ყველაფერი ღვთისაგან მოდის.

მოდი ახლა გავხსნათ ბრჭყალები და თქვენის ნებართვით ობიექტური არგუმენტების მეშვეობით შევაჯამებ რა მწამს და ვიტყვი, რატომ ვანიჭებ უპირატესობას არჩეულ რელიგიას – წმინდა ყურანს, რომელიც შეუდარებლად დიადი წიგნია, თანაც შეუცვლელი. ვეყრდნობი მხოლოდ უზენაესს და მის ბოლო შუამავალს რომლის სიტყვა და საქციელთა კრებული განმარტებაა უზენაესის სიტყვისა, და პრაქტიკული სახელმძღვანელო ადამის ყოველი შთამომავლისთვის? 

მოკლედ თითქოს ძნელი სიტყვით გამოხატო რას გრძნობ, რწმენა ალბათ ყველას თავისებურად ესმის. თუმცა, ამ კონტექსტშიც, ასწლეულების წინ მუჰამმედ შუამავლის (ა.დ.მ.მ.) ნათქვამი, ამ კითხვის არსს თვალსაჩინოს ხდის: “თქვენ რომ შეგეძლოთ,  სრულფასოვნად მიენდოთ უზენაესს, თქვენც  ფრინველების მსგავსად, თქვენი ხვედრი გერგებოდათ. Fფრინველები დილით ხომ ცარიელი კუჭით მიფრინავენ, მაგრამ სავსეთი ბრუნდებიან. “  (ალ იჰსან ფი თაქრიბ საჰიჰ იბნ ჰაბბან. ტომ. 2, გვ. 509, ჰადის № 730; ალ-ბაგა მ.მუჰთასარ სუნან ათ-თირმიზი. გვ. 337,ჰადისი № 2345, “ჰასან, საჰიჰ”)
 მართლაც და ცხოვრებისეულია, მაგრამ ყველასათვის თუ არის გასაგები?

რა დამეხმარა ჭეშმარიტი, სწორი გზის, გადაწყვეტილების  პოვნაში, როდესაც ლოგიკის, გონების ხმა დუმდა, პასუხი ნათელია ინტუიცია და ძიების სურვილი, რაც ბუნებრივია უზენაესის მიერ გაღებული მოწყალებაა?

თუ დავუკვირებით უზენაესმა შემოქმედმა ადამიანს ხუთი “სანავიგაციო სისტემა მისცა” ცხოვრების კურსის განსაზღვრისა და მისი გამოსწორებისთვის:

 1, ინსტინქტი და ინტუიცია.
 2. გრძნობის 5 ორგანო: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება.
 3. გონება, შეგნება, გაგების უნარი. ადამიანი სხვა ადამიანებთან თანაცხოვრობს და ამიტომ მხოლოდ გრძნობებით, ინსტინქტებით თუ ინტუიციით ვერ შემოიფარგლება. გონება მას ვითარების სწორად დალაგებაში, შეცდომების თავიდან აცილებაში და ყველაფრის სწორად მართვაში ეხმარება.  
 4. რელიგია
 გონება შეიძლება შეცდეს, ნებისყოფა – დასუსტდეს, ინტუიცია – დუმდეს ან ცდებოდეს, ხოლო ისლამისეული პოსტულატებს, რომლებიც ადამიანებს ღმერთისგან მისივე ბოლო მოციქულის მეშვეობით მიეცა, ეს არ ემუქრება. ისინი დაცული არიან შიდა და გარე გავლენებისგან.
 5. და ღმერთის დალოცვა, რასაც მუსულმანები დღიდან დღემდე  ითხოვენ მთელს პლანეტაზე – “დაგვაყენე ჩვენ სწორსა გზასა”. უზენაესი ხომ ბრძანებს თავის საბოლოო წმინდა წიგნში – ყურანში. მე აუცილებლად გიპასუხებთ ლოცვაზე დღეს თუ არა ხვალ მაინც. 

ასე რომ ისიც ფაქტი ყოფილა რომ რწმენა და ყოფიერების სირთულეებისადმი სწორი მიდგომა აწრთობს ადამიანს და შესაძლებელია საკმაოდ მაღალ მეტაფიზიკურ დონემდეც აიყვანოს: 
ისღა დამრჩენია, გავიმეორო წმიდა შუამავლის მუჰამმედის (ა.დ.მ.მ.) ღვთისადმი მავედრებელი, ლოცვის სიტყვები:

 – ‘’ო, ღმერთო, ნება მოგვეცი დავინახოთ ჭეშმარიტება ისეთი, როგორიც ის არის და მოგვეცი საშუალება, რომ მას მივყვეთ;  ხოლო ტყუილი- ტყუილად დაგვანახე და დაგვეხმარე, განვეშოროთ მას.’’
    პ.ს. ბოდიშს გიხდით რომ დრო წაგართვით მე ვარ მირზა მიქატაძე ( მუჰამმედ ალი) რომელსაც უსაზღვროდ უყვარხართ ქართველები და რომელსაც უსაზღვროდ უყვარს მისი საქართველო და რომელსაც ერთადერთი ოცნება აქვს დაუახლოვდეს უზენაეს ალლაჰს. ახლა სტამბულში ვარ უკვე მეორედ დავქორწინდი ღვთის ნებით. ამჯერად უკვე მხოლოდ და მხოლოდ სრულიად ალლაჰის ნებას მინდობილმა, ანუ მუსლიმმა გადავდგი ეს ნაბიჯი და ბედნიერების განცდაც მარგუნა  ერთადერთმა და უდიდებულესმა ღმერთმა ჩემმა,  დიდება მას! İის ღმერთი ხომ,  არასდროს ტოვებს იმას ვინც მას მიენდობა. და დიდება მის წმინდა შუამავალ მუჰამმედს (ა.დ.მ.მ.),   ვისურვებდი, რომ მის მიმართ სიყვარულის განცდის პროგრესი არ შეგვინელოს უზენაესმა ალლაჰმა!.

ასალამუ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბეროქათუჰ 

ავტორი: მირზა მიქატაძე
www.islam.ge
ლაილაჰე ილლალლაჰ