• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ქალის ღირსება და უფლებები ისლამში

ქება და დიდება ალლაჰს, რომელმაც არარაობიდან გააჩინა ქვეყნად ყველაფერი და მიუჩინა მათ სათანადო ადგილი ამქვეყნიურ ცხოვრებაში. რადგან ყველაფერი მის მიერაა გაჩენილი, ჩვენ, გაჩენილთა შორის ყველაზე მაღალ საფეხურზე ადამიანი დააყენა. ადამიანი, რომელიც შედგება ორი საპირისპირო სქესისაგან, მაგრამ ეს ორი სქესი სინამდვილეში ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალკ–ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია, რადგან მათი მიზეზით მრავლდება ხალხი, რომელიც ქვეყნიერების მშვენებას წარმოადგენს. ეს ორი სქესი ერთმანეთისგან არავითარი სულიერი უპირატესობით არ გამოირჩევიან, ამის დასტურია წმინდა ღვთიური წიგნი ყურანი, სადაც უდიდესი გამჩენი ასე ბრძანებს: ,,ადამიანებო! უეჭველად ჩვენ თქვენ გაგაჩინეთ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან და დაგყევით ერებად და გვარებად, რათა ერთმანეთი გაგეცნოთ, უეჭველად თქვენს შორის ალლაჰის წინაშე საუკეთესოა ის ვინც უფრო ღვთისმოშიშია’’. (სურა 49, აიათი 13). როგორც ვხედავთ ისლამში ქალის თანასწორუფლებიანობა მის გაჩენას თან ერთვის და აღარ საჭიროებს შემდგომში არავითარ პოლემიკას იმის თაობაზე, თუ რა შეხედულება გააჩნია ისლამს ამის შესახებ. აიათში ნათლად ჩანს ქალისა და კაცის თანასწორობა, ვინაიდან ორივე მათგანი ერთ ასპექტში განიხილებიან. რაოდენ სამწუხაროა იმ ფაქტების გახსენება, რაც ქალმა უძველეს დროში გადაიტანა, მაგრამ ეს არც თუ ისე უძველეს დროს მოიცავდა. ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნემდე., ღვთიური რჯული ისლამის მოვლინებამდე, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალის სახე და ღირსება საერთოდ დაკარგული იყო, ის კი არა ზოგიერთები ქალის ადამიანურობაში ვერც კი დარწმუნებულიყვნენ და ის სატანისეულად მიაჩნდათ. ისლამამდელ ხანაში ქალის მატერიალურ თუ სულიერ უფლებებზე საუბარი ხომ ზედმეტი იყო. ქალი როგორც ნივთი ისე იყიდებოდა. პატრონს უფლება ჰქონდა გაექირავებინა ან გაეჩუქებინა იგი სურვილისამებრ. ქალს არ ეკითხებოდნენ დაქორწინება – განქორწინების შესახებ არაფერს. ერთი სიტყვით იგი მამაკაცის სრული მონა მორჩილი იყო. ამ საკითხში დიდად არ განსხვავდებოდა მსოფლიოს არც ერთი კუთხე და არც ერთი იმდროინდელი იმპერიები ერთმანეთისგან. ქალის ღირსება იმდენად გაუფასურებული იყო, რომ არაბეთის ტერიტორიაზე გოგო შვილის ყოლა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. ვისაც სურდა ამ სირცხვილისაგან თავის დაღწევა, გამოსავალი გზა შვილის საკუთარი ხელით ცოცხლად დამარხვა იყო. სწორედ ასეთ ბნელსა და ძნელბედობის ჟამს ისლამის სხივი მოეფინა სამყაროს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებული ასეთი უზნეო ადათ – წესები სულ რაღაც ოცდასამი წლის განმავლობაში სრულიად აღმოფხრა და ქალს  დაუბრუნა თავისი სახე. აბა დავფიქრდეთ, ავიღოთ მაგალითად თუნდაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები, რომლებიც ყოველი ძალისხმევით ცდილობენ აღმოფხვრან თავიანთ სახელმწიფოებში არსებული დანაშაულებრივი ქმედებები, მაგრამ ამას ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთაა უდიდესი ძალაუფლება. ისლამმა კი ეს ყოველგვარი ძალისა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე შეძლო, იმიტომ, რომ მისი განმხორციელებელი უდიდესი გამჩენი იყო. ისლამმა სულ მოკლე დროში ადამიანად აქცია გაცხოველებული საზოგადოება. გოგო ბავშვებს დაუბრუნა ღირსება. ამის შესახებ წმინდა მუჰამმედ შუამავალი ასე ბრძანებს: ,, ვინც ორ გოგო შვილს ნამუსიერად აღზრდის, საიქიოში მე და ის გვერდიგვერდ ვიქნებითო’’. ასევე შუამავალი ბრძანებს: ,,ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლის კბილებივით თანაბარნი არიანო’’
    წმინდა ყურანში ,,ქალები’’–ს სახელის სურაც კია მოცემული, ასევე ერთ–ერთი სურაც წმინდა მარიამის სახელს ატარებს. აქეთ ჩანს რომ ყურანმა ქალს მიანიჭა უდიდესი ღირსება. ზოგიერთი მცდარი შეხედულება იმისა, რომ სამოთხეში თითქოსდა წმინდა ევამ მიაწოდა წმინდა ადამს აკრძალული ხის ნაყოფი და ამის გამო ქალი არის წყეული, ყურანი ამ აზრს არ ეთანხმება და მასში ნათლადაა მოცემული ის, რომ სატანამ ორივენი ერთად მოატყუა, ზოგიერთ აიათში კი დამნაშავედ არა ევა, არამედ წმინდა ადამია მოხსენიებული.

ისლამში ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში. ლოცვა და მარხვა ფიზიკური ღვთისმსახურებაა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა კი ფინანსურ საშუალებებს მოითხოვს, ვინაიდან უდიდესი გამჩენი ქალებსაც ავალებს ამათ შესრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი მატერიალური  შესაძლებლობა, ამისათვის კი საჭიროა შრომითი მონაწილეობის მიღება. ე.ი. ისლამში ქალს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ქონება, ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მსახურობდეს ჯარში თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ყოველივე ესენი თოთხმეტი საუკუნის წინ წმინდა მუჰამმედ შუამავლის სიცოცხლეში მიიღო ქალმა. ისლამმა მისცა ქალს უფლება იმისა, რომ მას თავისი ნება სურვილით აერჩია მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა.

ისლამმა არგუნა ქალს მემკვიდრეობა მშობლის, შვილისა და ქმრისაგან.

ისლამმა მისცა ქალს ნება იმისა, რომ თავისი სურვილით განქორწინდეს, მაშინ როცა დღეს ზოგიერთ აღმსარებლობაში განქორწინებულებს აღარ ეძლევათ ხელმეორედ ერთიმეორეზე ან სხვაზე დაქორწინების უფლება. ეს კი საბოლოოდ მათ უბიძგებს მრუშობისაკენ.

პირველი ვინც წმინდა მუჰამმედ შუამავალს ერწმუნა ქალი იყო., და პირველი ვინც რწმენის გამო შეეწირა ქალი იყო.

ისლამი ითვალისწინებს რა ქალის ფიზიკურ სისუსტეს, კრძალავს მათ ისეთ სამუშაოებზე დასაქმებას, რომლებიც ზიანის მომტანი იქნება მათთვის.

ისლამი ავალდებულებს ქალს მიიღოს განათლება, წმინდა შუამავლის მიერ ნაბრძანები სიტყვებისა და ყურანის განმმარტებელ ქალის უამრავი სახე არსებობს ისლამში.

ისლამი ადამიანის საიქიო ბედსაც ქალს უკავშირებს. ამის შესახებ წმინდა მუჰამმედ შუამავალი ასე ბრძანებს: ,, სამოთხე დედების ფეხთ ქვეშაა’’, ესე იგი სამოთხეში ის მოხვდება, ვინც დედას დააფასებს და სიკეთით მოეპყრობა.

ერთხელ შუამავალს შეეკითხნენ; ქვეყნად რიგის მიხედვით ჯერ პატივი ვის უნდა ვცეთო’’,, დედასო ‘’ მიუგო მან და სამჯერ გაუმეორა. აქედან ნათლად ჩანს ის უდიდესი ღირსება და უფლება რაც ისლამმა მიანიჭა ქალს და ვინ მოსთვლის სხვა უამრავს, რომელთა ჩამოთვლის საშუალება დღეს ჩვენ აქ არ გაგვაჩნია.

რაოდენ ამაო და თვალთმაქცური საქციელია ის, რომ თითქოსდა ვიღაც–ვიღაცები გაიძახიან : ,,ჩვენ უნდა დავიცვათ ქალის უფლებებიო’’ და მათი თვალით დანახული უფლებები, სამწუხაროდ მხოლოდ, სიშიშვლით, მეძავეობითა და სულიერი წაწყმედით შემოიფარგლება. არ შემიძლია ავღნიშნო ის ფაქტი და ამაში უყოყმანოდ დამეთანხმებიან სხვა აღმსარებლობის ძმებიც, რომ დღევანდელ სამყაროში ქალი იქცა გართობისა და ხორციელი მოთხოვნილებების დაოკების მექანიზმნად. რაოდენ სამარცხვინო და დასანან ქმედებას სჩადის დღევანდელი კაცობრიობა და ამას ჰქვია ბრჭყალებში ,,ქალის უფლებების დაცვა’’.
მოამზადა

თემურ ნაკაიძე