• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მინისტრის ბრძანება #3/86 უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

დანართში, რომელიც თან ახლავს მინისტრის ბრძანებას, ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მათ შორისაა მეჩეთები, რომლებიც განთავსებულია ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ბრძანების გამოცემა ხელშეკრულებას საქართველოსა და თურქეთს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრი თავის თურქ კოლეგას შეხვდა და განაცხადა მიღწეული შეთანხმების შესახებ.

შეთანხმების თაობაზე ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების – ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, საქართველოში, კერძოდ, ბათუმში უნდა აშენდეს აზიზიეს მეჩეთი, ხოლო ახალციხეში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ახმედის მეჩეთს.

შესაბამისი ხელშეკრულების სხვა დეტალები უცნობია, რადგან საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ დოკუმენტს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

ახმედის მეჩეთი, რაბათის მინარეთი და მედრესე, რომელთა რესტავრაციაც უკვე დაწყებულია ახალციხეში, უკვე აისახა რურუას მიერ გამოცემულ ბრძანებაში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები.

შეთანხმებას საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას შორის ეწინააღმდეგება

საქართველოს საპატრიარქო, რომლის პოზიციაც ასეთია:

“ვითხოვთ, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.”

აზიზიეს მეჩეთის ბათუმში მშენებლობას ეწინააღმდეგება რამდენიმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია და პოლიტიკური გაერთიანება. მათი ორგანიზებით დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება, რომლებიც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება.

მეჩეთები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსი მიენიჭა:

ახალციხის მუნიციპალიტეტი:

ქალაქი ახალციხე, რაბათი – მეჩეთი, მინარეთი (XVIII ს. საკურთხეველი მიშენებულია 1828 წ.)

ქალაქი ახალციხე, რაბათი – მინარეთი (XVI ს.)

ქალაქი ახალციხე, რაბათი – მედრესე (XVIII ს.)

სოფელი ხოსპიო – ფალავანდიშვილების მეჩეთი (XVIII-XIXსს)

სოფელი ფერსა – მეჩეთი (XX-ის დასაწყისი)

სოფელი კლდე – მეჩეთი (XIX–XX სს)

სოფელი მუგარეთი – მეჩეთი (XIX–XX სს)

სოფელი საყუნეთი – მეჩეთი (XX ს-ის დასაწყისი)

სოფელი გიორგიწმინდა – შურდოს მეჩეთი (XIX-XX ს-ის მიჯნა)

სოფელი ურაველი – მეჩეთი (XXს-ის დასაწყისი, მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XX ს-ის ბოლოს)

სოფელი ვალე – მეჩეთი (XIX-XX ს-ის მიჯნა)

სოფელი წყორძა – მეჩეთი (XIXს) სოფელი ზიკილია – მეჩეთი (1897 წ.)

სოფელი ზიკილია – მეჩეთი (1897 წელი)

ასპინძის მუნიციპალიტეტი:

სოფელი ოშორა – მეჩეთი (1898 წ.)

სოფელ ღიობეთის მიდამოები – მეჩეთი (XIX–ის ბოლო)

ადიგენის მუნიციპალიტეტი:

სოფელი ქიქინეთი – მეჩეთი (XIX ს.)

სოფელი ვარხანი – მეჩეთი (XIXს-ის ბოლო, გადაკეთებულია 1953წ.)

სოფელი წახანი – მეჩეთი (XIXს)

სოფელი ხარჯამი – მეჩეთი (XIXს)

ბოლნისის მუნიციპალიტეტი:

სოფელი ნახიდული – მეჩეთი (XIX საუკუნის ბოლო)

სოფელი თალავერი – მეჩეთი (1913 წ.)

დმანისის მუნიციპალიტეტი:

სოფელი კიზილ-კილისა – მეჩეთი (XIX საუკუნის ბოლო)

მარნეულის მუნიციპალიტეტი:

სოფელი გირიხლი – მეჩეთი (XIX ს)

სოფელი ყიზილ-აჯლო – მეჩეთი (XIX საუკუნე)

წყარო:http://netgazeti.ge/GE/98/News/9024/.htm