• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

სასულიერო სამუსლიმანო გაერთიანების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თავისებურებანი აჭარაში

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული მუსლიმთა გაერთიანების თანამედროვე სპეციფიკის წარმოჩენა, რამაც ბოლო წლების განმავლობაში განიცადა რიგი ცვლილებები. სტატიაში აისახება აჭარის სამუფთო სამუსლიმანო გაერთიანების ისტორია.

აჭარის სამუსლიმანო სასულიერო სამუფთო სამმართველოს ცენტრს წარმოადგენს ბათუმის ცენტრალური მეჩეთი, რომელიც ასევე ცნობილია „ორთაჯამის“ სახელით. ნაგებობის თვალსაზრისით ის მოიცავს საკულტო ნაწილს, სამუფთოს ადმინისტრაციულ ნაწილს, სასწავლებელს, სამეურნეო ნაწილს და ერთგვარ ვაყუფს2 , ანუ მეჩეთის მიმდებარე ფართს, რომლებშიც განთავსებულია სხვადასხვა ობიექტები. მათგან ორი მაღაზია ორიენტირებულია რელიგიური ლიტერატურისა და რიტუალური დანიშნულების საქონლის ვაჭრობაზე. ამ მხრივ ბათუმის მეჩეთი წარმოადგენს როგორც რელიგიურ დაწესებულებას, ასევე ორგანიზებულია სხვა თანამდევი საკითხების გადაჭრისათვის. ამასთან დავძენთ, რომ ბათუმის მეჩეთი ამ ეტაპზე რეგიონში ერთადერთი ოფიციალურად რეგისტრირებული მეჩეთია . ასეთ პირობებში სამუფთო გაერთიანების ორგანიზაციისა და საქმიანობისათვის შემუშვებულია წესდება, რომელიც ძირითადად შიდა ორგანიზაციისათვის გამოიყენება. ნაშრომში ზუსტად ამ წესდებაზე დაყრდნობით არის წარმოდგენილი სამუსლიმანო გაერთიანების ფუნქციონირების თავისებურებანი.

წესდების მეორე მუხლის თანახმად, „აჭარის ა.რ. სამუსლიმანო სასულიერო სამუფთო სამმართველო წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შექმნილია მუსლიმური რწმენის ადამიანთა გაერთიანებით, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს მათ სასულიერო ხელმძღვანელობას შარიათის საფუძველზე“.

საყურადღებოა, რომ ორგანიზაციული კუთხით სამუფთო ითვალისწინებს ისტორიულად არსებულ პრინციპებს, თუმცა შეიმჩნევა რიგი ცვლილებაც. კერძოდ, რუსეთის იმპერიის პერიოდიდან სამუსლიმანო ორგანიზაციული სტრუქტურა მკაფიოდ იყო განსაზღვრული. იმპერატორის მიერ 1872 წელს ხელმოწერილი დებულების – „Положение объ управленіи Закавказскаго мусульманскаго духовенства“ – მიხედვით, სამუსლიმანო გაერთიანების სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები ამიერკავკასიის რეგიონში სრულად იყო ასახული. ამ დოკუმენტით, იქმნებოდა რა ცალკ–ცალკე შიიტებისა და სუნნიტების სამმართველოები, განისაზღვრებოდა იმპერიის პოლიტიკა ახლადშემოერთებული ამიერკავკასიის მუსლიმების მიმართ. ფაქტიურად რუსეთის იმპერია ამ პერიოდისათვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსლიმურ სამყაროსთან – მის ტერიოტორიაზე მრავლად სახლობდნენ მუსლიმები. მათი მრავარიცხოვნებისა და ერთმანეთთან თანამშრომლობის აუცილებლობის შედეგად ეკატერინე მეორემ 1788 წლის 22 სექტემბერს შექმნა „უფის სასულიერო მაჰმადიანური კანონის კრება“ (“Уфимское Духовное Магометанского закона Собрание”; 1796 წლიდან მისი სახელი ორენბურგით შეიცვალა) სამუსლიმანო სამმართველო ცენტრით უფაში. უკვე XVIII საუკუნის ბოლოდან სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იყო კონკრეტული ინეტერესების განსახორციელებლად – საკუთარ ტერიტორიაზე მუსლიმთა კეთილგანწყობის მოპოვება და სახელმწიფო ინტერესების გავრცელება აღმოსავლეთში. ამ მიზნით შემუშავებული ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგ აქტიურად გამოიყენებოდა მათ შორის ამიერკავკასიის სამუსლიმანო გაერთიანების შექმნისას (აქ და ქვემოთ: В память… 1892); კერძოდ, ამირკავკასიის სამუსლიმანო გაერთიანების დებულების მიხედვით, სუნნიტი სასულიერო (უმაღლესი და ადგილობრივი) პირები ახორციელებენ როგორც სასულიერო საქმიანობას, ასევე ადმინისტრაციული წესით ასრულებენ მთავრობის კანონებსა და განკარგულებებს, რის კონტროლს, სასწავლო დაწესებულებებთან ერთად, ახორციელებენ გუბერნატორები და ადგილობრივი ხელმძღვანელები. ამავე დროს, უმაღლეს კონტროლს ახორციელებს კავკასიის მთავარმართებელი.

სუნიტური სასულიერო სამმართველო განთავსებული იყო თბილისში. სტრუქტურულად მუფტსა და სასულიერო სამმართველოს ექვემდებარებოდნენ ყადები და გუბერნიული სამმართველოები, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებდნენ ადგილობივ სამლოცველოებსა და სასწავლებლებს. ამასთან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე შემუშავებული იყო საქმისწარმოების წესები (მორწმუნეების აღრიცხვა, ქორწინებისა და გარდაცვალების აქტები, საგანმანათლებლო საკითხები და ა.შ.) და განისაზღვრებოდა შესაბამისი საქმისმწარმოებლები. დებულებით განსაზღვრული სტრუქტურა კურირებდა რელიგიური რიტუალებისა და წესების შესრულებას, ნებადართული რელიგიური სწავლების გავრცელებას, სახელმწიფო დადგენილებებისა და განკარგულებების განხორციელებას, რასაც იმპერატორის//იმპერიის წინაშე დადებული ფიცით ადასტურებდა. თავისთავად დებულება მოიცავდა სამეურნეო და ფინანსურ მხარეებსაც, რითაც განსაზღვრული იყო ყველა თანამდევი ხარჯის დაფარვა. დებულება ითვალისწინებდა სასულიერო პირის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო სპეციალურ მოთხოვნათა (განათლება, მოქალაქეობა და ა.შ.) პირობების დაკმაყოფილებასაც; ამავდროულად, მსახურობის პერიოდში იმპერია მათ, ოჯახის წევრებთან ერთად ათავისუფლებდა გადასახადებიდან, ვალდებულებებიდან, სასჯელის ცალკეული ფორმებიდან, აფინანსებდა მივლინებებს. 20 წლის ნამსახურეობის ან ფიზიკური დაზიანების მიღების შემთხვევაში ათავისუფლებდა გადასახადებიდან, ცალკეული ვალდებულებებისაგან და სასჯელის სხვადასხვა ფორმიდან. უმაღლესი რანგის სასულიერო პირების შვილებს ენიჭებოდათ პირადი აზნაურის ან პირადი საპატიო მოქალაქის უფლებები (წყარო: Положение… 1872).

მუსლიმურ სამყაროსთან ურთიერთობის პოლიტიკის ერთ–ერთ გამოხატულებას წარმოადგენდა წესდება მაჰმადიანური მეჩეთების მშენებლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამლოცველოს გახსნას ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც 200 მუსლიმი ცხოვრობდა (Саидбаев Т., 1984, 121-122). ამ ფაქტორითაც უნდა აიხსნას აჭარაში სამლოცველოების რიცხვის ჩქარი ზრდა 1878 წლიდან. პრინციპული ცვლილება ამ სქემაში შეტანილი იყო 1917 წელს, როცა სასულიერო კრება შეიცვლა მუსლიმთა ცენტრალური სასულიერო სამმართველოთი (ЦДУМ), ხოლო მოგვიანებით უკვე სახალხო კომისრების საბჭოს ნაციონალურ სამმართველოსთან იქმნება კომისარიატი მუსლიმთა საქმეებზე (მსგავსი კომისარიატი მოქმედებდა აჭარაშიც). 1940 წელს ორგანიზაციული რეფორმების ფონზე იქმნება ამიერკავკასიის სასულიერო სამუსლიმანო სამმართველო ცენტრით ბაქოში. საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად, 1939 წელს, უქმდება ადგილობრივი სამუფთო, იხურება ყველა მეჩეთი და სასულიერო სასწავლებელი, თუმცა, რამდენიმე წელიწადში ბათუმის მეჩეთი (ორთაჯამე) ისევ აახლებს მუშაობას.

სამუფთოს არქივში დაფიქსირებული ცნობის თანახმად ორთაჯამის მეჩეთში 1866 წლიდან 1995 წლამდე მუშაობა შემდეგ სასულიერო პირებს უკავშირდება:
1. 1866-1882 წლები ყადი ბერიძე შირინი
2. 1881-1890 წლები იმამი ბერიძე იშიქი
3. 1890-1901 წელი იმამი სურმანიძე ყადირი
ხუთბეს იმამი ღოღობერიძე ოსმანი
4. 1901-1935 წლები იმამი თავდგირიძე იბრაჰიმი
5. 1946-1950 წლები იმამი კონცელიძე ფერადი
6. 1950-1958 წლები იმამი ღოღობერიძე ოსმანი
7. 1958-1995 წლები იმამი გობაძე დაუთი

ბათუმის მეჩეთი და ადგილობრივი მუსლიმური თემი ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სამუსლიმანო გაერთიანებას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგილზე მეჩეთების აქტიური გახსნისა და მორწუმენთა გააქტიურების ფონზე მიმდინარეობს სამმართველოს ჩამოყალიბების მცდელობა; ამიერკავკასიის სამუსლიმანო გაერთიანებასთან შეთანხმებით მოხდა მუფტის თანამდებობის აღდგენაც. მუფტის თანამდებობის შემოღებასა და ადგილობრივი სტრუქტურის შემუშავებაზე მუშაობა უკავშირდება ავთანდილ (ნერჯივან) აბაშიძის სახელს, თუმცა, მცირე ხანში, ადგილობრივი ხელისუფლების გავლენით, ის იძულებული ხდება, დატოვოს ეს თანამდებობა. მის ადგილს მ. ქამაშიძე იკავებს. მ. ქამაშიძის მმართველობის პერიოდში სამუფთო სტრუქტურა საბოლოოდ კარგავს მიმდინარე რეისლამიზაციის პროცესის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აქტიურად რესტავრირდება ან შენდება ახალი მეჩეთები და ა.შ. ფაქტიურად, სამუფთო ატარებდა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მხარდამჭერ პოლიტიკას, თუმცა, საჩვენებელი ტოლერანტობისა და ურთიერთმხარდაჭერის მიუხედავად, პრობლემათა რიცხვი მატულობდა (მოგვიანებით შეინიშნებოდა სამუფთოსა და ისლამის პოლიტიზირების მცდელობაც). ამ პერიოდში სტრუქტურულად საერთო ხელმძღვანელობას მუფტი ახორციელებდა, რაშიც მას მეჯლისი ეხმარებოდა; ადგილზე საქმიანობას ადგილობრივი იმამები მართავდენ, თუმცა ამ თავისებურებას მკაფიო სისტემის ან დამუშვებული მექანიზის სახე არ მიუღია (მათ შორის არ იყო დაზუსტებული ძველი, მოქმედი და მშენებარე მეჩეთების ნუსხა, მედრესეების რიცხვი და ა.შ.). ამ ფონზე 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, მმართველობითი სისტემის სისუსტემ და მოქმედების რეალური გეგმის უქონლობამ თემში განხეთქილების საფრთხე გააჩინა; თუმცა, მხარეები ერიდებოდნენ თემის პოლიტიკურ თამაშში ჩართვას. განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა ყოფილმა მუფტმა და მისი ადგილი ახალმა მუფტმა – ბეჟან (ბექირ) ბოლქვაძემ დაიკავა. საყურადღებოა, რომ, საკანონმდებლო ბაზისა და შიდა რეგულირების დოკუმენტის არარსებობის გამო, მუფტის ცვლილების ძირითადად არაოფიციალური სახელმწიფო ჩარევით ხორციელდებოდა. ახალი მუფტის მოსვლის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციის მართვის ახლებური სქემით მუშაობა, რომლის ერთ–ერთ მიზანი საქმიანობის გამართული წარმოება იყო. მუფტ ბ.ბოლქვაძის მოსვლას უკავშირდება, ასევე, წესდების მიღებაც, რომლის ანალიზსაც ამ ნაშრომში ვახორციელებთ.

სამუფთოს დამოკიდებულება საზოგადოებასთან განსაზღვრულია წესდების მე–3 მუხლში და იქვე აღნიშნულია, რომ ის მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების მხოლოდ რელიგიურ მხარეებს და ეყრდნობა ყურანსა და ჰადისებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული ავტორი (ე. ბელიაევი, გ. ქერიმოვი, ტ. საიდბაევი, ვ. ბასილოვი, რ. ანდრიაშვილი და სხვები) რელიგიისა და მისი ინსტიტუტების საზოგადოებრივ ფუნქციებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი აზრით, ისლამს აჭარაში რეალურადაც უფრო მეტი ადგილი აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევბში ის ლოკალური თავისებურებებით გამოიხატება.

წესდების მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, სამუფთო, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, აღიარებს თავის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, თუმცა კონსტიტუციაზე დაყრდნობითვე იცავს სახელმწიფო ინტერესებს და თანამშრომლობს მასთან. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მდგომარეობა საქართველოში მეტად არაერთგვაროვანია. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობას, მაგრამ იქვე აღნიშნავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და ადგილს. ამ აზრის გაგრძელებას წარმოადგენდა 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რიგი მნიშვნელოვანი მომენტი (მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და ა.შ.) სახელმწიფოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თანაცხოვრებაში (დაწვრ. იხ. ჩიკვაიძე დ., 2003). ამავდროულად, სხვა რელიგიური ჯგუფები 2004 წლამდე ხშირად ხდებოდნენ ძალადობისა და უკანონობის მსხვერპლნი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების უყურადღებობით იყო გამოწვეული. ამასთან შედარებით ტრადიცულ ჯგუფებს ასეთი რამ ნაკლებად ეხებოდა. როგორც ქ. ხუციშვილი აღნიშნავს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების უმეტესობა ზუსტად არატრადიციულ ჯგუფებს ეხებოდა (ხუციშვილი ქ., 2004, 88-93). ამ მხრივ მუსლიმების თანამედროვე მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან ატარებს არაოფიციალურად ურთიერთაღიარებით ხასიათს. ამის მთავარ მაჩვენებელს საკულტო და სასწავლო ნაგებობების მნიშვნელოვანწილად არაოფიციალური ხასიათი წარმაოდგენს; კერძოდ, აჭარაში ოფიციალურად მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე სასულიერო თუ სასწავლო დაწესებულება (აქედან სასწავლებლები ძირითადად დარეგისტრირებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად), მაშინ, როცა, დაზუსტებული მონაცემებით, აჭარის სამუფთო გაერთიანება მოიცავს :
ნაგებობის ტიპი და რაოდენობა
მეჩეთი–სკოლა – 95
მეჩეთი -41
სასწავლებელი -18
სხვა -2
ამას გარდა, სამუფთო მოიცავს რიგ უმოქმედო ნაგებობას, ხოლო მეჩეთის შენობების ნაწილი ამჟამად დანგრეულია, ნაწილი კი გამოიყენება არადანიშნულებისამებრ. ამასთან ერთად, სახელმწიფო დონეზე მუსლიმების მიმართ იკვეთება გარკვეული პოზიცია, რაც ძირითადად აზერბაიჯანელ მუსლიმებს ეხება.
სახელმწიფოსთან არაერთგვაროვანი ურთიერთობის ფონზე სამუფთო ინარჩუნებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას. წესდების მე–12 მუხლის მიხედვით, სამუფთოს „აქვს უფლება, დაამყაროს კავშირი მეზობელი ქვეყნის რელიგიურ ოგანიზაციებთან, ოღონდ – აჭარის ა.რ. ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით; ასევე დამოუკიდებლად მიიღოს ფინანსური დახმარება“.

სახელმწიფო სტრუქტურებთან საქმიანობის შეთანხმება სამუფთოს კონსტრუქციული პოზიციის გამოხატულებაა. ამრიგად, სამუფთოს მხრიდან სახეზეა საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვა, განსაკუთრებით – სამმართველოს სრულფასოვანი ფუნქციონირების კუთხით; ხოლო მეორეს მხრივ – მნიშვნელოვანი სახელმწიფო კონტროლი, რომლის მიზანიც, თანამშრომლობის უფრო ხელსაყრელი ფორმის მოძიებამდე არსებული გაურკვეველი მდგომარეობის შენარჩუნებაში გამოიხატება.
რაც შეეხება სამუფთოს ფინანსურ და მატერიალურ საქმიანობას, წესდების მე–6 მუხლით ის ღიაა. ამასთან, თვითფინანსირების ფარგლებში სამმართველო აწარმოებს მკაცრ სამეურნეო და საფიფნასო კონტროლს. დაფინანსების წყაროებიდან დღეისათვის ფიქსირდება:

1. კერძო პირთა შემოწირულობანი – ამ მუხლით სამუფთო თანხებს ღებულობს პირდაპირ; ამავე დროს, კერძო პირები ახორციელებენ ცალკეული პროექტების ან მეჩეთების დაფინანსებას.

2. შემოწირულობანი სასულიერო ხაზით – სადღესასწაულო შემოწირულობანი, სადაყა და ა.შ. მათ რიცხვს მიეკუთვნება, ასევე, საკლავის (ყურბანი) ტყავის შეწირვა, რომელიც მეჩეთის სახელზე იყიდება. ფაქტიურად, ასეთი შემოსავალი შეადგენს ბარის მეჩეთების შემოსავლის ძირითად წყაროს.

3. ადგილობრივი შემოსავალი – ცაკეული მეჩეთის ხარჯს მასთან დაკავშირებული თემი იხდის. შესაბამისად ფიქსირდება პირდაპირი კავშირი მეჩეთსა და მოსახლეობის მხრიდან მისი შენახვის ხარჯებს შორის – ფაქტიურად მეჩეთის „ფლობა“ მისი შენახვის ხარჯებს ნიშნავს. ამ მხრივ ისლამის „სიძლიერე“ ადგილობირივი საკულტო ნაგებობის მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია. ამ მიზნით მთიან აჭარაში მოქმედებს ე.წ. „ვეზიფე“, ანუ „ჯამის ფარა“ – გადასახადი, რომელსაც მოსახლეობა მეჩეთის შესანახად იხდის. როგორც საველე მუშაობის დროს დადასტურდა, მის ოდენობას, შეგროვების წესს და სხვა საკითხებს ადგილობრივი მეჩეთის მეჯლისი განსაზღვრავს, ხოლო აგროვებს სპეციალურად გამოყოფილი მოლარე ან მეჯლისისაგან გამოყოფილი პირი, ანდა მოსახლეობა პირდაპირ აბარებს ამ თანხას კონკრეტულად დადგენილ დღეს. ძირითადად ეს საკომლო გადასახადია და ის 2,5–დან 5 ლარამდე მერყეობს (Барамидзе Р., 2005, 39-69).

4. ცალკე გამოვყოფთ ცენტრალური მეჩეთიდან წარმოებულ დაფინანსებას – ის ძირითადად ვრცელდება ადგილობრივ მუფტებზე, იმამებზე და მასწავლებლებზე. თავის მხრივ ეს დაფინანსება ცენტრალური მეჩეთის მიერ მოპოვებული სხვადასხვა სახსრებიდან წარმოებს. ამ მხრივ ცენტრალური მეჩეთი წარმოადგენს თემის ერთიან საფინანსო ცენტრს; ამიტომ ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში დახმარებისათვის ზუსტად ცენტრალურ მეჩეთს მიმართავენ.

5. ვაყუფი – ისტორიულად სავაყუფო ქონებას აჭარაში მეჩეთების უმრავლესობა ფლობდა, თუმცა, რუსეთის იმპერიის პერიოდშივე შეინიშნებოდა სავაყუფო ქონების შემცირება ქალაქში (იხ.: ბარამიძე ი., 2004, 40-43). ვაყუფების გაქრობა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან იწყება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე პერიოდში საველე პირობებში ვაყუფები მაინც ფიქსირდება – ცალკეულ შემთხვევაში ვაყუფად მოიხსენიებენ მეჩეთის მიმდებარე ადგილს, სასაფლაოს, საერთო სარგებლობაში მყოფ ტერიტორიებს, თუმცა შეიმჩნევა სხვადასხვა ქონების ვაყუფად გადაცემის მცდელობაც. წესდების მე–14 მუხლის მიხედვით, სამუფთო იტოვებს უფლებას, „ისარგებლოს მიწით, აწარმოოს კომერციული საქმიანობა, ფლობდეს სასტუმროს, შესაბამისი ხელშეკრულებით სამმართველოს საქმიანობისათვის ან თავისი თანამშრომელების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად იქირაოს ან გააქირაოს შენობა, ააშენოს ან შეიძინოს საცხოვრებელი სახლი“; ხოლო მე–16 მუხლის თანახმად, სამუფთო იტოვებს უფლებას, შეიძინოს სხვა ქონება, თუ მას ამის საშუალება გააჩნია.

რელიგიური ჯგუფის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასულიერო განათლებას. წესდების მე–15 მუხლი ზუსტად საგანათლებლო საკითხებს ეხება. როგორც მოყვანილი სტატისტიკიდან ვხედავთ, საგანმანათლებლო სექტორი სამუფთოში საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი. სასწავლებლების უმრავლესობა გათვლილია დაწყებითი ცოდნის გაცემაზე, თუმცა ნაწილი გამოირჩევა ორგანიზაციისა და მომზადების საკმაოდ მაღალი დონით. სასწავლებლები ძირითადად სამუფთოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (თუმცა, არა ყველა); ცალკეულ შემთხვევაში ხარჯებს ადგილობრივი მოსახლეობა ფარავს. მოსწავლეები ცოდნას ღებულობენ ძირითადად სარწმუნოებისა და რიტუალების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესახებ. მოგვიანებით სამუფთოში მიღებული იყო დოკუმენტი სასულიერო განთლების შესახებ, რომელიც შედგება 2 ნაწილისა და 10 პუნქტისაგან (აჭარის…, 2006). ამ დოკუმენტით რეგულირდება განათლების სისტემა და რაც მთავარია, საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროგამის თანახმად, მსურველებს შეუძლიათ, მიიღონ რელიგიურ–კულტურული განათლება მხოლოდ არასამუშაო დღეებში. შესაბამისად, პროგრამის მიხედვით, კვირაში მეცადინეობა წარმოებს 2, თვეში 8, ხოლო წელიწადში 96 დღეს. სემესტრების მიხედვით მათ ემატება 15 დღე და მთლიანობაში კურსი შეადგენს 110 დღიან მეცადინეობას. ამასთან, ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია უფრო დეტალური პროგრამის მომზადება. პროგრამის მიხედვით, მეცადინეობა გრძელდება 2 საათი, რაც კვირაში შეადგენს 8 საათს და შემდეგნაირად ნაწილდება: ყურანი (50 წუთი, 2 დღე), თაჯვიდი ანუ ყურანის კითხვის წესები (50 წუთი, 1 დღე), ილმიჰალი, ანუ ისლამის საფუძვლები (50 წუთი, 2 დღე), ჰადისები (50 წუთი, 1 დღე), სიერი, ანუ მუჰამედ შუამავლის ცხოვრება და მოღვაწეობა, 50 წუთი, 1 დღე), საქართველოს ისტორია (50 წუთი, 1 დღე). პროგრამის მიხედვით სამუფთო იტოვებს უფლებას, თავად შეარჩიოს მასწავლებლები. მეცადინეობა უნდა წარიმართოს სამუფთოსთან დაქვემდებარებულ ან მის მიერ რეკომენდირებულ შენობებში. საგანმანათლებლო პროცესების წაროებისათვის სამუფთო ღებულობს ვალდებულებას, მოიძიოს შესაბამისი სახსრები.

წესდების დიდი ნაწილი ეხება თემის, სამუფთოსა და მისი ხელმძღვანელი ნაწილის სტრუქტურისა და ფუნქციონირების თვისებურებებს. წესდების მე–8 მუხლის თანახმად, სამუფთოს ხელმძღვანელობას და რელიგიური განათლების მქონე პირებს აქვთ უფლება, შესაბამის პირობებში იმოქმედონ სამმართველოს სახელით. სამმართველოს ხელმძღვანელად ითლვება მუფტი, რომელსაც ირჩევენ წინა მუფტის რეკომენდაციით. ასეთი თავისებურება მუფტისა და სამუფთოს საქმიანობაში გარკვეული ხაზის ჩამოყალიბებისა და გატარებას პირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოქმედი მუფტის მიერ ახალი მუფტის წარდგენა ხელს უწყობს საქმიანობის არსებული მიმართულების შენარჩუნებას, თემისა და სამმართველოს დაცვას კარდინალური და პრობლემური ცვლილებებისაგან და აუცილებლად აისახება რელიგიურ, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ, ფინანსურ და მატერილურ საქმიანობაზე. ფაქტიურად, სტაბილური განვითარების საჭიროებამ აიძულა სამუფთო, რომ შეემუშავებინა შესაბამისი გეგმა და მიეღო წესდება, რაც შემდგომი საქმიანობისათვის ამოსავლ წერტილს წარმაოდგენს.

წესდების მე–9 მუხლით განისაზღვრება მუფტის აპარატი. ის წარმოდგენილია თანაშემწით (დღეისათვის – ჯემალ პაქსაძე), სამმართველოსთან არსებული მეჩეთის იმამით (დღეისათვის – შამილ ბოლქვაძე), ასევე მრჩევლით, რომელიც გამორჩულია თავისი ავტორიტეტით ან განსაკუთრებული რელიგიური განათლებით (დღეისათვის – ზურაბ (ქემალ) ცეცხლაძე). თავის მხრივ ადგილზე „მეჩეთის სამეურნეო საქმიანობას აწარმოებს იმამების ხელმძღვანელობით“ (მე–18 მუხლი). როგორც ცნობილია, ისლამში არ არის ისეთივე მკაფიო სისტემა, როგორიც – ქრისტინობაში, რაც ცალკეულ შემთხვევებში წარმოშობს გაუგებრობას, ან ხდება არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ადგილობრივ დონეზე მეჩეთის მმართველობა თავმოყრილია ადგილობრივი იმამის ხელში. თავის მხრივ მათაც ჰყავთ თანამშრომლების გარკვეული წრე, რომლებიც ეხმარებიან მეჩეთთან დაკავშირებულ საქმეებში. მე–19 მუხლით თანამშრომლების რაოდენობა იმამის ჩათვლით განისაზღვრება 2-3 პირით. იმამს, წესდების თანახმად, ევალება მორწმუნეების ხელმძღვანელობა და ლოცვის დროული გამართვა; ამასთან ერთად, იმამს არ აქვს უფლება, უმიზეზოდ დატოვოს მეჩეთი ან დროულად არ გამართოს ლოცვა (21–ე მუხლი). მუფტს თავის მხრივ უფლება აქვს, მიიწვიოს ისინი მეჯლისზე ან მიიღოს ისინი მეჯლისში. ამ მხრივ წესდება განსაზღვრავს ზოგადად სასულიერო პირების, კონკრეტულად კი ადგილობირივი იმამების ადგილს, როლსა და მნიშვნელობას რელიგიური ჯგუფისათვის, რომლებიც თავისი განათლებითა და საქმიანობით სასულიერო ავტორიტეტებს წარმოადგენენ. მეორეს მხრივ მკაფიოდ არის წარმოდგენილი მუფტის ადგილი არსებულ სისტემაში. ხელმძღვანელობის მონაცვლეობითი ცვალებადობა და ადგილობრივი იმამების პატივისცემისა და ღირსეული არსებობისათვის ხელშეწყობა განაპირობებს პროფესიონალი სასულიერო პირებისა და ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. ამის კვალობაზე, მიზანმიმართულად გატარებული საქმიანობის შედეგად, დღეისათვის ცალკეულ მეჩეთებში წარმოდგენილია გარკვეული ჯგუფი, შეიძლება ითქვას ელიტა, რომელიც განაგებს და წყვეტს როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად სამუფთოს გავლენის ფარგლებში მყოფი, მუსლიმური თემის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამ ჯგუფს შეადგენენ როგორც თემის უხუცესები, ასევე – განათლებამიღებული ახალგაზრდები. ამ ჯგუფის ძალისხმევა მიმართულია როგორც წმინდა რელიგიური პრობლემების გადაჭრისკენ, ასევე პასუხისმგებლობას იღებს თემის ინტერესებში საქმიანობის გატარების დროს, განსაკუთრებით ეს ეხება მუსლიმური თემის დაცვას რადიკალური ან მარგინალური ზეგავლენებისაგან ან სახიფათო პოლიტიკური პროცესებისაგან. ასეთ ვითარებაში ბუნდოვანია სასულიერო სამმართველოს პოზიცია. კერძოდ, წესდების მე–9 მუხლის თანახმად, „სამმართველო ახორციელებს თავის შეკრებებს საჭიროების მიხედვით, მხოლოდ რელიგიური საკითხების მოსაგვარებლად“. ასევე სამუფთო სამმართველო, მუფთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, დაითხოვოს სამმართველოს ან მეჯლისის ნებისმიერი წევრი, მაგრამ ამის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ყურანის მოთხოვნების ან სამმართველოს წესდების დარღვევა (მე-11 მუხლი). თუმცა, წესდება ასევე ითალისწინებს ვერტიკალური დაქვემდებარების სპეციფიკას; მე–17 მუხლით განისაზღვრება ცენტრალური და ადგილობირვი მეჩეთების ურთიერთვალ¬დე¬ბუ¬ლე¬ბე¬ბი როგორც რელიგიური ისე ფინანსური კუთხით. ამრიგად, სამმართველო ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილში შემდეგნაირად წარმოგვიდგება:ამგვარი სტრუქტურით მიღწეულია მართვის დღეისათვის მისაღები ფორმა.

ამრიგად, მუსლიმური რელიგიური სისტემა რუსეთის იმპერიის პერიოდიდან საკმაოდ მკაფიო და ორგანიზებული სტრუქტურით გამოირჩეოდა, სადაც დიდი ადგილი ენიჭებოდა სახელმწიფოსადმი და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას. საბჭოთა პერიოდიდან რელიგიური სტრუქტურის ცვლილებას ამიერკავკასიის სამუსლიმანო სამმართველოს რეორგანიზაცია და მისი ცენტრის თბილისიდან ბაქოში გადატანა მოჰყვა. ამ პერიოდში აჭარაში ძირითად მმართველობას ახორციელებდნენ ყადები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აჭარაში ჩამოყალიბდა ახალი სამმართველო, რომლის სათავეში განისაზღვრა მუფტი. 2004 წლიდან სამუფთო სამმართველო თავისი საქმიანობის მოსაწესრიგებლად ღებულობს წესდებას და სამმართველოს ხელმძღვანელობის გაფართოებულ სქემას ამკვიდრებს. ამ შიდაორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტზე დაყრდნობით, დღეისათვის აჭარის სამუსლიმანო სასულიერო სამმართველო ახორციელებს აქტიურ სასულიერო, საგანმანათლებლო, საფინანსო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. აჭარის სამუსლიმანო სამუფთო გაერთიანების დოკუმენტები – წესდება, 2004.
2. აჭარის სამუსლიმანო სამუფთო გაერთიანების დოკუმენტები – რელიგიური განათლების წესები და პროგრამა, 2006.
3. ბარამიძე ი. ბათუმის აზიზიე მეჩეთის სავაყუფო მიწების შესახებ//საისტორიო მაცნე (სტატიების კრებული) XIII. ბათუმი, 2004.
4. ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 1999.
5. ჩიკვაიძე დ. კონსტიტუტიციური შეთანხმება საქართელოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. კომენტარები. თბილისი, 2003.
6. ხუციშვილი ქ. რელიგიური სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში, თბილისი, 2004.
7. Барамидзе Р. Ислам и его особенности в Аджарии. – კრ.: Идентичность, власть и город в работах молодых ученых Южного Кавказа. თბილისი, 2005.
8. В память столетия Оренбургского Магометанского Духовного Собрания, учрежденного в г.Уфе – http://www.bashedu.ru.)
9. Малашенко А., Исламское возрождение в современной России. М., 1998.
10. Михаилов Г., Ислам в россии//Ермаков И., Микульский Дм., Ислам в России и Средней Азии. М., 1993.
11. Положение объ управленіи Закавказскаго мусульманскаго духовенства Суннитскаго ученія, от 5-го апрелья 1872 года.
12. Саидбаев Т. Ислам и общество. Москва, 1984.