• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ადმინისტრაცული დაყოფით იგი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის. მისი ტერიტორია ალაზნის ზემო დინებას მოიცავს და კავკასიონის მთების მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებების – პანკისისა და დიდგვერდ-ნაქერალას მთებით არის შემოსაზღვრული. ხეობის მთლიანი სიგრძე მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე 34 კილომეტრს შეადგენს. ხეობა გარშემორტყმულია ფართოფათლოვანი მდიდარი ტყეებით. აქვე მდებარეობს ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი, რომელშიც უთხოვარის კორომებია დაცული. ხეობის სოფლები – დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, დუმასტური, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, წინუბანი, ძისახევი, ნაწილობრივ კი ქორეთი და ყვარელწყალი ქისტებით არის დასახლებული. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით საქართველოში 7 110 ქისტი ცხოვრობს. ქისტები ისლამის მიმდევრები არიან. საკუთარ თავს ისინი „ქისტიე“ ან „ვეი ნახ“-ს უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც „ჩვენი ხალხი“. ამ სახელითვე მოიხსენიებენ საკუთარ თავს ინგუში და ჩეჩენი ხალხი. ქისტებიც ჩეჩნების სუბეთნიკური ნაწილია და ისინი ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზე საუბრობენ. საქართველოში ვაინახთა ჩამოსახლება ისტორიის მანძილზე პერიოდულად ხდებოდა. ბოლო მასიური ჩამოსახლება მე-19 საუკუნის ოციან წლებში მოხდა. პანკისის ხეობაში სულ 8 მეჩეთია, დუისის მეჩეთი აგებულია 1902 წელს, რომელიც ხეობაში ითვლება ყველაზე ძველ მეჩეთად. აღსანიშნავია, რომ ჯოყოლოს ძველი მეჩეთი კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, 1961 წელსაა აგებული, ხოლო ომალოს ძველი მეჩეთი 1981-82-83 წლებშია აგებული. ბიკიანის ორი მეჩეთი, დუისის ახალი მეჩეთი, დუმასტურის მეჩეთი, წინუბნის მეჩეთი, ომალოს ახალი მეჩეთი, ჯოყოლოს ახალი მეჩეთი. შუახალაწნის მეჩეთი და ქორეთის მეჩეთი.