• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნოვრუზ ( ახალი დღის ) დღესასწაული

ნოვრუზი _ სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. ნოვრუზს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ და შესაბამისი წესებით აღნიშნავენ.

დღისა და ღამის გათანასწორების, ფრინველთა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ 21 მარტს მიიჩნევენ. ერთი სიტყვით, “ნოვრუზი”  მრავალ ქვეყანაში (ახალი დღის) მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

შუა აზიასა და ანატოლიაში მცხოვრები თურქები, ირანელების მსგავსად, ამ დღეს ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ. დღისა და ღამის გათანასწორება  ჩვენი წელთააღრიცხვით 21 მარტს და რომაული კალენდრის მიხედვით 9 მარტს ემთხვევა.

შუა აზიაში მცხოვრები თურქები, აზერბაიჯანელები, ყაზახები, ყირგიზები, თურქმენები, უზბეკები და თათრები ნოვრუზის დღესასწაულს დღესაც დიდი მონდომებით აღნიშნავენ.

ყაზახები

 ყაზახები ნოვრუზის დღესასწაულზე მევლუდს  კითხულობენ. სახლებს გულდასმით ასუფთავებენ. ამ დღეს ყველა სუფთა ტანსაცმელში გამოეწყობა. ახალგაზრდები ანთებულ კოცონზე ხტებიან, რაც ძველი სიგლახეებისა და ავადმყოფობისგან თავის დაღწევას და ახალ წელზე თავისუფალ შეგებებას ნიშნავს.

ყაზახები ნოვრუზის დღესასწაულზე საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებულ კერძს “ნოვრუზ ქოჯოს” მიირთმევენ. ასევე ნოვრუზის სუპს აკეთებენ და მეზობლებს უნაწილებენ.

ყირგიზები

ყირგიზები ამ დღეს “ნოორუზს” უწოდებენ და ახალ წლადაც მიიჩნევენ. ისინი ამ დღეს განსაკუთრებულ საჭმელს _ “ნოვრუზ ქოჯოს” ჭამენ. ამ დღეს მათთვის “აუზ ქოჯო” და “ქავუთი” განსაკუთრებული კერძებია. ყირგიზები დღისა და ღამის გათანასწორების დღეს ნოვრუზის დღესასწაულით აღნიშნავენ. მათთვის ახალი წლის დღესასწაული 21 მარტია.

უზბეკები

უზბეკეთის ქალაქებში _ სამარყანდსა და  ბუხარაში ნოვრუზის დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება. ნოვრუზის პირველ დღეს ხალხი სახლიდან სახლში დადის და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავს. შემოვლების დროს მირთმეულ  ერთგვარ ფლავს ისინი “აშს” უწოდებენ. ამასთან ერთად, ამ დღეს ისინი სხვებს ჩაით, ხილითა და ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ამ დღეებში უზბეკეთში სხვა სახის სპორტული  სანახაობები და კულტურული ღონისძიებებიც იმართება: ჭიდაობა, დოღი, მამლების ჩხუბი, დრამატულ _ სატირული წარმოდგენები და სხვა.

თურქმენეთი

თურქმენები ნოვრუზის დღესასწაულს ახალი წლის პირველ დღედ თვლიან. დღესასწაულის მოსვლამდე ხუთი დღით ადრე ისინი სისუფთავის თადარიგს იჭერენ. ამ დღისათვის ისინი განსაკუთრებულ კერძს “სემენს” ამზადებენ. გარდა ამისა, ისინი სხვა სახის საჭმელებსაც -“ჩორეღს” (ქადა), ცხიმიან ბორეგს, ფეთირს, ქულჯეს, შექშექეს, ქოქოს და ბოვურსაქეს _ აკეთებენ. მათი გადმოცემით, რაც უფრო მეტი სახის საჭმელი ექნებათ სუფრაზე, ის წელი მათთვის იმდენად კარგად ჩაივლის.

ნოვრუზ დღესასწაულისათვის “სემეს” მომზადებაში ერთდროულად რამდენიმე ოჯახი  მონაწილეობს. ეს საჭმელი ხორბლის მარცვალზე ფქვილის, შაქრისა და წყლის დამატებით დიდ ქვაბში 21 მარტისათვის მზადდება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ნოვრუზ დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. აქ ყოველი წლის 21-23 მარტი დიდი ზეიმით აღინიშნება. ნოვრუზის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე “აჰირ ჩარშამბაა” (ბოლო ოთხშაბათი). დღესასწაულის თვეში ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” ეძახიან. თვის ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) მამაკაცები სასაფლაოზე გადიან, სურა “ფათიჰას” კითხულობენ და შემდეგ სახლში ბრუნდებიან. დედაკაცები ხალვით, ფლავითა და სხვადასხვა საჭმელებით საფლავების მოსანახულებლად გადიან. ისინი იქ ყურანს კითხულობენ, ღარიბებს უნაწილებენ და უკან ბრუნდებიან.

“აჰირ ჩარშამბის” ერთ-ერთი აუცილებელი ადათი სახლისა და ჭურჭლეულის საგანგებო წესებით დასუფთავება-გარეცხვაა. ასევე მნიშვნელოვანი წესია “წყალში ბეჭდის ჩაგდება”. ოთახის შუაში წყლით სავსე ტაშტს ქალიშვილები შემოუსხდებიან და ბეჭდებს შიგ თითო-თითო ყრიან. ბოლოს ერთი მათგანი ტაშტიდან ბეჭედს ამოიღებს. ვისი ბეჭედიც ამოყვება, მისთვის ის წელი ბედნიერი იქნება.

ნოვრუზის დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე მოიყრიან თავს და ერთმანეთს მიულოცავენ. საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელებს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ამ დღეს ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.

თურქეთი

ანატოლიის თურქები  ნოვრუზის დღესასწაულს 22 მარტს ხვდებიან. ამ დღეს საზეომო თადარიგს იჭერენ: ყველაფერი გაირეცხება, საჭმელები მომზადდება. ამ დღის საჭმელთაგან  პრიორიტეტს ისპანახიან ბორეგს, შეღებილ კვერცხს,  ტკბილეულს, “ლებლებს” და “ლუხუმს”  ანიჭებენ.

23 მარტს დილაადრიან დგებიან, სუფთა ტანსაცმლით იმოსებიან და წინასაწარ მომზადებულ საჭმელს სასაფლაოზე წაიღებენ. სასაფლაოებთან მცირე ზომის გაზებზე ყავას  ამზადებენ და ტკბილეულთან ერთად მიირთმევენ. მეზობელი სასაფლაოს მონახულება, ყავისა და ჩაის დალევა ყველასათვის სავალდებულოა. შემდეგ ყველა ერთად სუფრას შემოუსხდება და საჭმელს მიირთმევს. ყველა მხიარულობს, ისმის მუსიკის ხმა, ზოგი მღერის, ზოგი ლექსს ამბობს, ზოგი ცეკვავს  და სხვა. შუადღის შემდეგ დიდ ლამბაქზე ტკბილეულს და მზესუმზირას დაყრიან და გამვლელ-გამომვლელს უნაწილებენ. 

PS. მოცემულ სტატიაში ნათლად ჩანს, რომ ეს დღე არ არის ისლამური დღესასწაული, მსგავს დღესასწაულებს ისლამში ადგილი არ აქვს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხშირად მასმედია თუ სახელმწიფო მოხეელეები აიგივებს მუსლიმურ დღესასწაულებთან. ეს არის სუფთა ტდარიციული დღესასწაული თურქული წარმოშობის ერებისა და სპარსელებისათვის.

შეუერთდებით პრეზიდენტის მილოცვას და ქართველი მუსლიმები  ჩვენს მოძმე აზერბაიჯანლებს ვულოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. მივესალმებით იმ ინიციატივას, რომელიც  იქნა მიღებული ამ ღესასწაულის საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. იმედია მსგავსი ინიციატივით ბატონი პრეზიდენტი მუსლიმების მიმართაც გამოვა და მუსლიმთა ორ დიდ დღესასწაულს ყურბან ბაირამსა და მარხვის ბაირამს, სულ მცირე უქმე დღეებად გამოაცხადებს, რითაც არამარტო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების გულს მოიგებს, არამედ ქართველი მუსლიმების და ამავე დროს ისლამის მიმდევარ სხვა ეთნიკურ ჯგუფებისას, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.  

ავტორი: ალექსანდრე ნაკაიძე.