
მარნეულის იმამ ჰასან მუჯთებას მეჩეთი
მარნეულის იმამ ჰასან მუჯთებას მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, ქალაქ მარნეულში, ზღვის დონიდან 420 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქ მარნეულში მდებარე მეჩეთებს შორის მარნეულის იმამ ჰასან მუჯთებას მეჩეთი ერთერთი ძველია და იგი ეგრეთწოდებულ „თალებლის“ უბანში ( სამედ ვურღუნის ქუჩაზე) მდებარეობს.
მეჩეთის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ადგილობრივთა გადმოცემით იგი მე-19 საუკუნეშია აგებული. საბჭოთა პერიოდში მეჩეთის შენობა საცხობისთვის გამოიყენებოდა. 90 -იან წლებში კი იგი განაახლეს და თავდაპირველი დანიშნულება დაუბრუნეს.
განახლების დროს კედლები ბათქაშით დაფარეს და თუნუქის სახურავი გაუკეთეს. მეჩეთი ნაგებია ფლეთილი ქვით და კირის დუღაბით. საძირკველი მიწაში აქვს ჩასმული. არ აქვს მინარეთი. შენობა გეგმით მართკუთხაა. მასზე შემორჩენილია ძველი წარწერაც. სამლოცველო დარბაზი ერთიან, სივრცეს წარმოადგენს. დარბაზის შუაგულში ბეტონის ორი სვეტი დგას. რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობა. დასავლეთით კარია გაჭრილი და იქ მომცრო ოთახია, რომელშიც აბდესხანაა მოწყობილი. სამხრეთის კედელზე რამდენიმე საფეხურიანი ამაღლებული სივრცეა ქადაგებისათვის მოწყობილი. არ აქვს მიჰრაბი, მიმბარი.